Baby Bag

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და სხვა) იქნება მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ნივთები ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური იქნება, რათა საერთო საგნების მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდოს. გვანცელაძის ინფორმაციით, მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი და საბავშვო ბაღებს რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით კომპანია მოემსახურება.

ამასთან, კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება.

კახა გვანცელაძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ბაღის შენობაში მშობლებს არ შეუშვებენ – ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება ეკიპირებული თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ, იგივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი. აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. კარგი ამინდის შემთხვევაში კი სააღმზრდელო პროცესი ეზოში გადაინაცვლებს.

გვანცელაძის განცხადებით, სამზარეულოებში ჭურჭელი სამგანყოფილებიან ნიჟარაში, 65 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალში გაირეცხება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.

გვანცელაძის თქმით, რეგულაციების შესრულება სააგენტოს 5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, შეუძლიათ, გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი

მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, შეუძლიათ, გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი
მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სინდრომი - ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე და გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც 20 წუთში პასუხის მიღების საშუალებას იძლევა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პორტალის მეშვეობითაა შესაძლებელი - http://ambulatoria.moh.gov.ge/, ან უნდა დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505.

ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც Covid 19-ის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან, კერძოდ, განისაზღვრა დაახლოებით 223 დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში ამბულატორიულ ტესტირებას ჩაატარებს. მისივე განცხადებით, ყველა ჰოსპიტალიზირებული ადამიანი იქნება გამოკვლეული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, მიუხედავად სიმპტომებისა.

ბოლო 24 საათში, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რომელიც გუშინ დაიწყო, ხელს შეუწყობს ინფიცირებულების სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინფორმირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს.

დღეს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით. ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. გარდა COVAX პლატფორმისა, მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და მწარმოებლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით მიმდინარეობს.

სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით იდგმება. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 152 704 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 126 904 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1425 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1241 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3899 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6671 პირი.


წაიკითხეთ სრულად