Baby Bag

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება 1-ლ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და 1-ელ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.

თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

300-ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა დღე­ი­დან იწყე­ბა

300-ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა დღე­ი­დან იწყე­ბა

დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.

სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge.

პირველადი განაცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, (იხილეთ შესაბამისი დანართი 1) ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები (იხილეთ შესაბამისი დანართი 2 ).

შეგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

წაიკითხეთ სრულად