Baby Bag

როდემდე იქნება ქართველი ქალის ცხოვრება მუდმივი ბრძოლა თვითდამკვიდებისთვის, კრიზისებისა თუ დისკრიმინაციის დაძლევისა და გენდერული სტერეტიპების მსხვრევისთვის

როდემდე იქნება ქართველი ქალის ცხოვრება მუდმივი ბრძოლა თვითდამკვიდებისთვის, კრიზისებისა თუ დისკრიმინაციის დაძლევისა და გენდერული სტერეტიპების მსხვრევისთვის
რთული რომ არის ქართველი ქალის ცხოვრება მუდმივ ბრძოლაში თვითდამკვიდრებისთვის, მკაცრად ფესვგადგმული სტერეოტიპების მსხვრევასა და დისკრიმინაციასთან წინააღმდეგობაში, არ ახალია ძველია... განსაკუთრებით რთულია სახლიდან იძულებით წასული ემიგრანტის ცხოვრება ოჯახის, შვილების, მშობლების, ახლობლებისა და სამშობლოს გარეშე... მათი ტკივილებისა და სირთულით სავსე სიცოცხლის ემიგრანტული ეტაპის განხილვა მრავალი წელია მიმდინარეობს სოციუმში, ნებისმიერ საზოგადებაში, თავყრილობაზე, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, შესაბამის ინსტანციებში, ტელევიზიებსა თუ ქუჩის აქციებზე... თუმცა, ტკივილსაც აქვს სახეები, სიმძაფრე თუ ისეთი თანმდევი მოვლენები, რომელსაც გულის გაციება და აბსოლუტური ინერტულობა ჰქვია ემიგრანტსა და ოჯახის შინ დარჩენილ წევრთა შორის...
ჩვენს თვალწინ მიედინებიან ემიგრაციაში წყვილები, 50-ს გადაცილებული ქალბატონები, ბალზაკის ასაკისანი თუ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდები და რთული აღსაქმელია, რომ მათ დიდ ნაწილს გააზრებულ/გათვითცნობიერებულიც არ აქვთ გადადგმული ნაბიჯის სისწორე, მათ წინ შესაჩეხი სირთულეებისა და ბარიერების მოსალოდნელობა, ენის უცოდინრობით გამოწვეული ათასი უხერხულობა და მოსალოდნელი მარცხები, მაგრამ ფაქტია _ გამძლეა ქართველი ქალი, თანაც ისეთი გამძლე და ოჯახისთვის უნებლიე ზვარაკად ქცეული, რომ ერი გადაარჩინა მათ მიერ უცხოელების მოვლასა და პატრონობაში ნაშოვნმა დოლარებმა, ევროებმა, ლირებმა...
მერე ამ „იოლად“ ნაშოვნი ფულებით მანქანებს დააქროლებენ ქმრები, შვილები, შვილიშვილები, რძლები თუ სიძეები... იერსახეს იცვლიან სახლები, ეზოები, საცხოვრებელი ადგილმდებარეობები და რაც ჩემი აზროვნებისთვის დამანგრეველია, იცვლება ადამიანთა სახეები, მათი ფასეულობები, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ...
ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტერეტი“ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობიდან ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია და თუმცა ეს არ და ვერ იქნება იდენტური პარალელი წიგნის მთავარ გმირსა და ამ სტატიაში წარმოჩენილი პრობლემისა, მაინც ვწერ და ადამიანის დეგრადაციაზე, მისი სულის დაქვეითებაზე, უგულოდ დარჩენილ ცხოვრებაზე მეფიქრება და აი, რატომ: - სამწუხარო რეალობაა, რომ უმთავრეს შემთხვევაში ქალები, რომლებიც ტირიან, დარდით გული უწუხთ და სიცოცხლის წლები აკლდებათ ემიგრანტობის პირველ თვეებში, თანდათან ხდებიან შემგუებლები: „ხელფასს რომ აიღებ, გააგზავნი ოჯახში და დანაყრებულ/დაკმაყოფილებულ ახლობლებს დაინახავ, მერე აღარ იფიქრებ საკუთარ თავზე და ცრემლები თანდათან აიკრავენ გუდა-ნაბადსაო!“ ...„მოხუცის პამპერსის გამოცვლით გამოწვეული ყველა გულისრევა, დაღლა და წელის მოწყვეტა დაგავიწყდება, ევროებს რომ მოგცემენ ყოველ ორ კვირაში, თან იმდენს, საქართველოში რომ მთელი წელი ვერსად იშოვიო!“ ან კიდევ „მიეჩვევი და მერე თავის მოვლასაც შეძლებ, გალამაზებასაც და ოჯახის წევრებს თუ მობეზრდები, აქ დარჩენასაც შეეგუებიო!“ - ამხნევებენ ერთმანეთს და ფსიქოლოგიური ომი საკუთარ ადამიანობას, მომვლელის ფუნქციასა და რეალობას შორის მძაფრდება, ჩიხში შედის ან თეთრი ბაირაღების ფრიალის დრო დგება...
ათას თემაზე მიწერია და პრობლემების აქტუალიზაციისას მათთვის ომი მიწოდებია: რა მნიშვნელობა აქვს, შეიარაღებული ომია, ცივი, ეთნიკურ ნიადაგზე, ფსიქოლოგიური თუ ხელჩართული - ომი ომია და მასში ჩართული მხარეები უპირობოდ საკუთარი თავის გამარჯვებაზე ფიქრობენ...
დღეს, როცა ჯერ კიდევ არ უჩანს დასასრული რუსეთის გაუგონარ სისასტიკეს თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის წინააღმდეგ და ვერავინ ითვლის ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ თუ ადამიანურ ზარალს, თითქოს, გვერდზე გადაინაცვლა ადამიანურმა ტრაგედიებმა, კონკრეტულად კი ემიგრანტი ქალების თემამ, რომლებიც სიდუხჭირემ დააცილა ოჯახს და ახლა უსახელო ომში არიან ჩართულნი, ომში, რომელსაც ქმრები, შვილები და ოჯახები აწარმოებენ მის მიმართ _ მათი დიდი ნაწილისთვის ემიგრანტობიდან „ჩამობარგებული“ ოჯახის მარჩენალი მიუღებელია ძველი სტატუსით _ იყოს ისევ მათი ოჯახის წევრი.
*****
ქალი, რომელიც ჩემი ინტერვიუს რესპონდენტი გახდა, ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მის ოჯახში შექმნილმა სიტუაციამ იგი ემიგრანტი ჯერ კიდევ მეძუძურობის პერიოდში გახადა და ახლა, როცა ფეხზე დააყენა ქმრის სახლი, დაისტუმრა ოჯახის ვალები და გადაწყვიტა საკუთარ სამშობლოში ოჯახს მიხედოს, რამდენადაც სავალალო არ უნდა იყოს, ქმარი წინააღმდეგია მისი დაბრუნების, პატარა შვილსაც დედის წინააღმდეგ განაწყობს, უზღუდავს მასთან ინტერნეტკავშირს, ასევე შვილის გაცისკროვნებული თვალების დანახვას და სჩადის გაუგონარ საქციელს: პატარას შთააგონებს, რომ დედამ მიაგდო, მიატოვა და მისი დედობის ღირსი არაა!.. ქმარი, რომელმაც მიაგნო იოლ ცხოვრებას, მოძალადედ იქცა და სწორედ ამ ხერხს მიმართა სხვა მანიპულატორთა მსგავსად _ მან უცებ კი არ გაუწყვიტა შვილს კონტაქტი დედასთან, რადგან ბავშვი ამას გააპროტესტებდა, ყველა შვილს ხომ ბუნებრივი მიჯაჭვულობა აქვს დედასთან და მით უმეტეს უჭირს, როდესაც დედა ახალწასულია, არამედ ნელ-ნელა გააცივა ბავშვის გული მშობლის მიმართ...

​დეა: - „სრულწლოვანი არ ვიყავი, როცა მომიტაცეს. მიყვარდა ქმარი და მის სახლში არსებულ სიდუხჭირეს არად ვაგდებდი, ვცდილობდი, ოჯახის წევრებს გვერდში ამოვდგომოდი და დედამთილ-მამამთილთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდი, ფიზიკურად ვშრომობდი ბოსტანსა თუ სიმინდის ყანაში, პირუტყვს ვუვლიდი და როცა ორი წლის მერე დავფეხმძმდი, მუდმივი საქმის ფონზე მუცლის მოშლის საშიშროების წინაშე დავდექი... ახლა ვხვდები, რამხელა ზეწოლისთვის გამიძლია, რადგან არ შემეძლო და მაინც ვაკეთებდი ან შიშით, ან თავს ვაიძულებდი მეშრომა კაცივით, ოფლის ღვრამდე, რომ არ წამჩხუბებოდნენ, ან არ წამოეძახებინათ რაიმე, თუნდაც ის, რომ მე ძლიერი ოჯახის შვილი ვიყავი და მშობლები ისე გააბრაზა ჩემმა ნაბიჯმა, არ შემირიგდნენ... ბავშვის გაჩენიდან მოყოლებული იზრდებოდა და იზრდებოდა ვალები, პამპერსისა და ელემენტარული ფაფის ფულიც კი არ ჰქონდათ დედამთილ-მამამთილს, ჩემი ქმარი ვერაფერს შოულობდა, სირცხვილით არც მშობლებთან მივდიოდი და თავის მოკვლასაც ვაპირებდი, შვილის საჭმელი რომ არ მქონდა... მერე ამ ნაბიჯს უცხოეთში წამოსვლა ვამჯობინე, ვფიქრობდი, შვილი შიმშილით მაინც არ მომიკვდება მეთქი და ჩუმად მოვაგვარე წამოსვლის საქმე დეიდის დახმარებით... ჩუმად იმიტომ, რომ ოჯახის ყველა წევრი ლანძღავდა და აგინებდა ყველა ქალს, რომლებიც უცხოეთში მუშაობდნენ და მათ შორის ერთიც კი არ ეგულებოდათ პატიოსანი... ამბობდნენ, რომ ქალი უნდა იყოს მხოლოდ სამზარეულოში ან აკვანთან, მოწველოს საქონელი და მოუაროს ბოსტანს, რომ არ ინდობა გადაღმა გადასაშვებად „თხის ჭკუის“ მქონე ქალები, დარწმუნებული იყვნენ, თითქოს იოლი იყოს ცუდი საქციელი ჩადენა ემიგრაციაში... მეტი ზეწოლისა და გაჭირვების ატანა წარმოუდგენელი იყო, ტვინი გავთიშე, გული ამოვიგლიჯე საგულედან და ისე დავტოვე ჩემი ერთი წლის შვილი...
ვიდრე ახალი წამოსული ვიყავი, ერთადერთხელ დამირეკა ქმარმა, უშვერი სიტყვებით გამლანძღა და შინ დაბრუნება არ გაბედო, ცოლი არ მყავსო, მითხრა... მერე კი, როცა მთელი თვის ნაშრომს ვუგზავნიდი, ჩემს ყველა ზარს პასუხობდნენ ქმარიც და დედამთილიც, მძინარე ბავშვთან ერთად მესაუბრებოდნენ... სამი წელიწადი ნორმალურად ვკონტაქტობდით, სახლი მალევე კეთილმოვაწყობინე, რადგან იტალიაში კარგი ოჯახი შემხვდა და ანაზღაურება კარგი მქონდა... მაგრამ როგორც კი დავიწყე შინ დაბრუნებაზე ფიქრი, თანდათან დაიწყეს თითქოს უმნიშვნელო ქცევა, რომ ბავშვს არ ეცალა, მეგობართან იყო, ეძინა, უხასიათობა ჭირდა, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა... მამამისი თავის მხრივ ეუბნებოდა ოთხი წლის შვილს: „დედას ახლა არ სცალია, ის იქაურ მეგობრებთანაა, ხვალ დაგირეკავს“ და ას შემდეგ, ნელ-ნელა იწყებდა ჩემი შვილის დისტანცირებას ჩემგან, როგორც წასული დედისგან... რაც უფრო დრო გადიოდა, დედ-შვილს შორის მიჯაჭვულობა ხელოვნურად, მაგრამ ნელ-ნელა ქრებოდა და ჩემმა ქმარმა მიაღწია შედეგს, მან მოახერხა ის, რომ წლების მანძილზე შექმნილი ამ „მოუცლელობით“ ბავშვმა აღარ მოითხოვა ჩემთან კომუნიკაცია, რამდენიც არ უნდა მეტირა მე კამერის მიღმა...
მერე გავიგე, რომ ბევრი დედაა ჩემს დღეში და ჩემნაირ ხვედრში მყოფი ბევრი ქალის ქმარი, ვითომ კარგი მამები, პოზიციონირებენ ფრაზებით: „მე კი არ ვუშლი, ბავშვს არ უნდა შენთან კონტაქტიო...“
ვთვლი, რომ ჩემი ქმარი და დედამთილი მიეჩვივნენ გამოგზავნილი ევროებით ცხოვრებას, არაფერი აკლიათ ჩემი წყალობით და ალბათ, ფიქრობენ, რომ მე რომ დავბრუნდები, ეს ფუფუნება მოაკლდებათ... ის კი არ იციან, რომ ემიგრაციაში წამოსული ქალების უმრავლესობა მართლაც ვემგვანებით შვილების გამო რკინის ქალამნებამოცმულ თავსაფრიან დედაკაცებს, რომ ერთმანეთს უამრავ კანონს, ჩვენს უფლებასა და მოვალეობას ვასწავლით და იმასაც, რომ ემიგრაციაში ისე ვმაგრდებით, რკინის ნერვებით აღჭურვილნი ტყვიასაც არ შევუშინდებით საკუთარი შვილების სიყვარულის კვლავ მოსაპოვებლად, ჩვენ ხომ მხოლოდ მათ გამო გადავდგით ან გადაგვადგმევინეს ეს ნაბიჯი...
ეკონომიკურ კრიზისს დავაღწიე თავი, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავძლევ ამ სულიერ კრიზისს, რომელშიც ქმარმა სრულიად უდანაშაულოდ აღმომაჩინა... ვფიქრობ, ბევრი ნოვატორული ინიციატივა უნდა განვახორციელოთ ქალებმა, რომ თავი დავაღწიოთ დისკრიმინაციას, გენდერულ უთანასწორობას და მრავალგვარ კრიზისს!“
*****
სტატისტიკის თანახმად ბავშვით მანიპულირებას ბევრი კაცი მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ხშირად საჭიროებენ იმას, რომ მშობელი, ძირითად შემთხვევაში კი დედა წავიდეს, იმიტომ, რომ ოჯახს არ არქვს არანაირი საარსებო წყარო, პატარა ბავშვს უჭირს იმის გაგება, თუ რატომ ტოვებენ მას, არ ესმის, ვერ ხვდება და არც უნდა გაიგოს, რომ ეს მის სასიკეთოდ ხდება. აქედან გამომდინარე მარტივი ხდება მასზე მანიპულაცია.
ეს მორალური წნეხია, რომელიც ძირთადად ქალების მიმართ ხდება და სამწუხაროდ, არასამართლიანი და არასწორია. არავის, არცერთ ქალს არ უხარია უცხო გარემოცვაში გამოწვევებთან შეუიარაღებელი ხელით და გამოუცდელობით ბრძოლა... ის მართლა იმიტომ მიდის, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს და საკუთარ თავზე იღებს ოჯახის ტვირთს. ამიტომაც ასმაგად უსამართლობაა მასზე მიმდინარე მორალური წნეხი. თუნდაც ბავშვის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, სხვა გამოსავალი რომ ყოფილიყო, ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
ეს იმნაირი წნეხია, რომ ქალები ხანდახან ამას იჯერებენ, არიან თვითდაცვაში, ან თვითგვემაში. როდესაც მანიპულატორი ეუბნება: ახლა ამდენი უნდა გადმომირიცხო, ახლა ამის ფულია საჭირო, რომც არ დაემუქროს, შვილს არ განახვებო, ქალი თვითნებურად იწყებს ფიქრს; „მე რომ ამას ფულიარ მივცე, ჩემი შვილი მასთან არის, კარგად არ მოუვლის, ბევრ რამეს დააკლებსო“ და არის ცუდ მდგომარეობაში...
კიდევ უფრო მძიმეა სიტუაცია, როდესაც დისტანცირება ხდება. ბავშვი, რომელიც კონტაქტობს დედასთან, ხედავს მას, ისმენს მის საალერსო სიტყვებს, რჩევა-დარიგებებს და საკუთარი თვალით აღიქვამს რას აკეთებს დედა მის გადასარჩენად, დედა ბავშვს ინარჩუნებს თავის მხარდამჭერად რეალობაში, გამომძალველი მამა ან ბებია ვეღარ ატყუებს მას... მაგრამ თუ ბავშვის დისტანცირება ხდება დედისგან და მანიპულატორი აწვდის ცრუ ინფორმაციას, ისე რომ მას არ ჰქონდა გადამოწმების საშუალება, ბავშვია და მარტივია, ძალიან ადვილია მისით მანიპულირება და ერთხელაც მიიყვანენ იმ კონდინციამდე, რომ იტყვის მე დედასთან არ მინდაო... არსებობს დასკვნები, როდესაც ფსიქოლოგები ბავშვს მანიპულატორის გარეშე დაეკითხებიან, თუ რატომაა დედა ცუდი, იგი ამბობს, რომ მამამ უთხრა ასე, დედამ მიგატოვაო... ამიტომაც ყველა დედას უნდა ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი შვილთან...
*****
სტატიაზე მუშაობისას აღმოვაჩინე ანალიტიკოსის სუზან მარტინის კვლევა, რომელშიც იგი რამდენიმე საერთო მახასიათებელს გამოყოფს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ცხოვრების აღწერისას, ესაა: გაზრდილი პასუხისმგებლობა საოჯახო სფეროზე, ოჯახის სტრუქტურასა და როლებში ცვლილებების შედეგად შექმნილ გარემოებებთან გამკლავება, ოჯახის მარჩენლის ახალი როლის მორგება.
სათაურში გამოტანილი კითხვით მივმართე ქალთა თემებზე მომუშავე ექსპერტს, მწერალ ელენე ცაცუას, რომელმა საკმაო კომპეტენციით გვიპასუხა: „შეკითხვა თავისთავად რიტორიკულია, რამეთუ პასუხის გაცემა ამომწურავად შეუძლებელია. არავის შეუძლია განსაზღვროს, როდემდე იქნება ქალის ცხოვრება მუდმივი ბრძოლა უსამართლობასთან, როგორიცაა გენდერული თუ სოციალური კუთხით დისკრიმინაცია, ან ძალადობის მძიმე და მსუბუქი ფორმები, რომლებიც ზოგჯერ ფატალურადაც კი სრულდება. ჩემდა გასაოცრად, საქართველოში ხშირ შემთხვევაში მსხვერპლია დამნაშავე. დაახლოებით რომ გავცეთ პასუხი ზემოთ მოცემულ შეკითხვას, საჭიროა დავადგინოთ მიზეზები, თუ რატომ უხდება ქალს მტკიცება იმისი, რომ ის ქალია და ისიც არის ადამიანი, თანაც უფრო სრულფასოვანი, ვიდრე მამაკაცი... ისიც არის მეგობარი და ინტელექტუალი... უპრიანია, თუ მიზეზებს ძირითადად კვლევების და გამოკითხვების საფუძველზე გამოვააშკარავებთ, თუმცა ჩვენ, როგორც რიგითი მოქალაქეები, საზოგადოებაში ვაწყდებით ისეთ რეალურ და დრამატულ ფაქტებს, რაც გვკარნახობს, რომ ქართული სოციალური გარემო ისევ მკაცრად პატრიარქალურ საწყისებზე დგას, რაც იკვეთება უმრავლესობა ქართულ ოჯახებში. მსგავსი მიდგომები მომდინარეობს კულტურიდან, რელიგიური სწავლებიდან, რაც შემდგომ გადაინაცვლებს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საფეხურებზე. მიუხედავად ზემოთქმულისა, დღესდღეობით, ცვლილებები იგრძნობა და პოლიტიკაში ან საზოგადოებრივი ურთიერთობების ბევრ სფეროში ქალის როლი გაზრდილი. თუმცაღა, არსებობს ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მე ძალიან მაწუხებს და მსგავსი უთანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის უსასრულოდ გრძელდება, ეს არის პიროვნული დამოუკიდებლობა, ავტონომია. ვგულისხმობ, ოჯახური ძალადობის მიზეზებს, როდესაც მასკულინარულ გარემოში მამაკაცები დომინირებენ დღემდე, 21-ე საუკუნეშიც კი. ისინი არათუ სიტყვიერად ან ფსიქოლოგიურად ძალადობენ ქალებზე, არამედ ფიზიკურადაც კი უსწორდებიან მათ. არსებობს კვლევა, რომელსაც 2014 წლიდან დღემდე ახორციელებს საქართველოს პროკურატურა და 2022 წლის მონაცემების მიხედვით ოჯახური ძალადობის კუთხით ქალთა მკვლელობა წარმოადგენს 51%, ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობა 49%. ფემიციდის ამგვარი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი უნდა იყოს ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის, თუმცა სტერეოტიპებს და დრომოჭმულ ტრადიციებს მსხვერპლშეწირული მოქალაქეებისთვის დღემდე დაუჯერებელია რომ ფემინიზმი საერთოდ არსებობს საქართველოში... ვსვამთ კითხვას: როდემდე გვიწევს ქალებს ბრძოლა მოვიპოვოთ თანასწორი შესაძლებლობები, პიროვნული ავტონომია და არჩევანის თავისუფლება? ეს კომპლექსური კითხვაა და მე არ მაქვს ზუსტი პასუხი. ერთ-ერთი საშუალება ამ პრობლემის მოგვარების მგონია შესაფერისი და რელევანტური პროექტების განხორციელება შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მოქალაქეებში აამაღლებენ ცნობიერებას ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, პიროვნულ ზრდასა და ავტონომიაზე.“

​***
იძულებითი მიგრაციის გენდერული ასპექტების შემსწავლელი თეორეტიკოსები ყურადღებას ასევე განსაკუთრებით ამახვილებენ უცხო ქვეყნებში მიგრირებულ ოჯახებში გენდერული როლების ცვლილებაზე. ეს ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც მიგრაცია განვითარებადი ქვეყნიდან განვითარებულში ხდება. კვლევების თანახმად, გადასახლებულ ოჯახებში გენდერული როლების ცვლილება განპირობებულია იმით, რომ ახალ გარემოში ქალები უფრო ადვილად შოულობენ სამსახურს, რადგან თანახმანი არიან ნებისმიერ გასამრჯელოზე და უარს არ ამბობენ ნაკლებად პრესტიჟულ სექსტორში დასაქმებაზე. ამის შედეგად ისინი ოჯახში შემოსავლის მთავარი წყარონი ხდებიან, რაც შემდგომ გენდერული როლების სხვა ასპექტების ცვლილებასაც განაპირობებს და რაც თვალნათლივ გადახდა თავს ჩემს რესპონდენტს.
პ. ს. არავინ იცის, როდემდე იქნება ქალის ცხოვრება მუდმივი ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის, კრიზისების დაძლევისა და გენდერული სტერეოტიპების მსხვრევისთვის... ღმერთმა იცის, როდის და როგორ დასრულდება შვილის დასაბრუნებლად მოსაგები ომი სტატიის გმირი დედისა, თუმცა ღრმად მწამს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
გურანდა ცაგურია

იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში