Baby Bag

​გინდა იყო ბედნიერი?

​გინდა იყო ბედნიერი?

ეს ლუკა რაზიკაშვილია, მთაში, სოფელ ჩარგალში მცხოვრები კაცი, დიდ ვაჟა-ფშაველად რომ ვიცნობთ: „შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღბეჭდილი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს სიკეთისა“.

განათლებულიო, განვითარებულიო...
ოჯახში და გარეთო, საზოგადოებაში...
დღესაც უჭირს ზოგიერთს ამის თქმა და საუკუნენახევრის წინ ბრძანა დალოცვილმა. ესმოდა, რა მისიაც ჰქონდა ქალს.
ესეც ვაჟაა: „მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ... მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას...“
ზოგიერთს რომ ჰკითხო დღეს, გაიკვირვებს, თანასწორობა განა არ არისო, ან რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი, ქალი ჩვენთან ისედაც გაღმერთებულიაო...
კი, თანასწორები ვართ კონსტიტუციურად. ქალს არ ზღუდავს არც კანონი, არც რელიგია, არც საზოგადოება. ფესვებიც კარგი გვაქვს: თამარ მეფეც გვყოლია და ქეთევან დედოფალიც, ბარბარე ჯორჯაძე, ანა კალანდაძე, მარო მაყაშვილი, თამარ აბაკელია, ალექსანდრა ჯაფარიძე. უამრავი წარმატებული, გამორჩეული ქალი ვიცით. ახლა ქალი გვყავს პრეზიდენტად...
თითქოს არაფერი გვიშლის ხელს, მაშინ რატომაა ასეთი არასამართლიანი განაწილება შრომის, ფინანსების? ძალადობის ამდენი მსხვერპლი ქალი? რატომაა ქალთა მიგრაციის მაღალი ხარისხი? თანამდებობის პირთა შორის რატომ ჭარბობენ მამაკაცები? სკოლებსა და საბავშვო ბაღებში რატომაა თანამშრომელთა უმეტესობა ქალი? რატომ გვაქვს დაბალი ხელფასები და პენსიები? რატომ გვყავს გაჭირვებულები, ე.წ. სოციალურად დაუცველები?
უამრავი რატომ? უამრავი პრობლემა...
„თუ ქალები მაღალ საფეხურზე დგანან ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში, მაშინ იმ ხალხსაც დარი უდგას,“ - ეს აკაკი წერეთელია.
ესეც ილია ჭავჭავაძე: „შორს არ არის ის დრო, როდესაც დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისი კუთვნილის ადგილის დასაჭერად.“
კუთვნილი ადგილის დაჭერა დიდი საქმეა. სკანდინავიის ქვეყნებში (ნორვეგია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია) 40 წლის წინათ დაიწყეს საუბარი თანასწორობაზე. რთული ამოცანა იდგა - როგორ უნდა შეათავსონ ქალებმა და მამაკაცებმა ერთმანეთთან ოჯახი და სამსახური. კანონით განისაზღვრა, რომ არცერთი სქესი არ უნდა იყოს უწყებებში 40%-ზე ნაკლები. ამის გამო ბევრი დისკუსია იყო საზოგადოებაში. ვერ წარმოედგინათ, როგორ შეეძლოთ ქალებს მუშაობა, მაგალითად, სატრანსპორტო ან სამშენებლო სფეროში, რისიც თითქოს არაფერი გაეგებოდათ. გავიდა წლები და დრომ აჩვენა, რომ ქალებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი ახალ ფუნქციებს. ისევე როგორც მამაკაცებმა, რომლებიც წარმატებით მუშაობენ განათლების თუ კულტურის სისტემაში.
თანასწორობამ, საშინაო და საგარეო საქმეების თანაბარმა განაწილებამ ამ ქვეყნებში ბევრი, ჩვენ რომ გვაქვს, ის პრობლემა მოაგვარა და ადამიანებს უამრავი სიკეთე მოუტანა.
გინდა იყო ბედნიერი?
აი ასე - გაგაჩერონ ქუჩაში და გკითხონ: ბედნიერი ხარ?
და დაუფიქრებლად უპასუხო: კი, რა თქმა უნდა.
(არ აგეშალოს ფიქრები: ბედნიერი ვარ, ბანკის სესხი რომ არ მქონდეს, პენსიაზე გასვლის რომ არ მეშინოდეს, ემიგრაციაში წასვლაზე რომ არ ვფიქრობდე, შვილი დაუსაქმებელი რომ არ მყავდეს, საკუთარი ბინა რომ მქონდეს...).
ჰოდა, ბედნიერების ინდექსის მიხედვით, შარშანდელი მონაცემებით, სწორედ ეს ქვეყნები არიან ლიდერები. ფინეთია პირველ ადგილზე, მეორეზე - დანია, მერე მოდის - ისლანდია და ა.შ.
თანასწორობას მოაქვს ბედნიერება. ეს არის სიმშვიდის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის განცდა, როცა არც დღევანდელობის დარდი გაქვს და არც მომავლის. როცა ყველას ერთნაირი უფლებები აქვს და ერთნაირი შესაძლებლობები, როცა არავინ იჩაგრება და ფასდება შრომა, გამოცდილება, კომპეტენცია.
საქართველო ბედნიერების რეიტინგით 105-ე ადგილზეა (სულ 146 ქვეყანაა).
არა, ჩემი აზრით, მთლად ასე უბედურებიც არ ვართ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებისთვის ბევრი გვაქვს საშრომ-საკეთებელი. რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თქვას: ჩემზე ზრუნავენ, პატივს მცემენ, მიფრთხილდებიან. ბედნიერი ვარ!

​ლალი შენგელია