Baby Bag

ვაგზლის ქალი

ვაგზლის ქალი
ხალხით გაჭედილ, ახმაურებულ ბაქანს ხმამაღალი საყვირით მიაკივლა მატარებელმა და მუხრუჭების ღრჭიალით ნელ-ნელა შეჩერდა. ხალხი შეჩოქოლდა, ერთმანეთში აირივნენ მომსვლელ-დამხვდურნი. იყო აღტაცებული შეძახილები, გამოსამშვიდობებელი სიტყვები, წამსვლელთა ფუსფუსი თავთავიანთ ბარგთან.

ხმაურობდა ვაგზალი, ხმაურობდა და განიცდიდა.
მხოლოდ ის ერთი მიყუჟულიყო კუთხეში გაუნძრევლად, ის არც არსად მიდიოდა, არც არავის აცილებდა და არც არავის ხვდებოდა, არც არსად მიეჩქარებოდა და არც არავინ ელოდა, არავინ... იჯდა ერთ კუთხეში გაუნძრევლად და უსიცოცხლო, გამომშრალი თვალებით ერთ წერტილს მისჩერებოდა. იჯდა და დამჭკნარ-დანაოჭებული ხელებით უსიტყვოდ ითხოვდა მოწყალებას. რომ არა მუხლებზე დაწყობილი მოცახცახე ხელები, მჯდომარე მიცვალებული უფრო ეგონებოდა ადამიანს, ვიდრე ცოცხალი არსება, ადამიანი, მით უმეტეს ქალი.
მატარებელმა ისევ ხმამაღლა მიაკივლა ბაქანს და დაიძრა, წამსვლელები წავიდნენ, გამცილებლები უკან, სახლებში დაბრუნდნენ, ჩამოსულებიც ნელ-ნელა გაიკრიფნენ დამხვდურებთან ერთად, ყველას რაღაც მიზანი ჰქონდა, ყველას სადღაც მიეჩქარებოდა, ყველას ელოდა ოჯახი და თბილი კერა, ელოდნენ ახლობლები... ის კი, მხოლოდ ის ერთი იჯდა თავის ამოჩემებულ კუთხეში გაუნძრევლად, არსად ეჩქარებოდა, არავინ ელოდა, არავის ენატრებოდა. არ ჰქონდა არანაირი მიზანი, არ ჰყავდა ოჯახი და არ ჰქონდა სახლი. იჯდა ერთ კუთხეში და თუ ვინმე მადლიანი ორიოდ გროშით განიკითხავდა, სიგარეტსა და ას გრამ არაყს იყიდდა, მიჯდებოდა ისევ თავის კუთხეში, სვამდა არაყს და აყოლებდა სიგარეტს, ან პირიქით, იჯდა, ორ საწამლავს ერთმანეთს აყოლებდა და ფიქრობდა... ფიქრობდა... ფიქრობდა... ფიქრობდა თავის ვაი-წარსულზე, იხსენებდა აუგად განვლილ წლებს, იხსენებდა ბედნიერ თუ უბედურ წუთებს განვლილი ცხოვრებიდან. მაგრამ ვაი, რომ ბედნიერი წუთები თითქმის არც კი ყოფილა მის ცხოვრებაში. თითზე დასათვლელი იყო მისი ბედნიერი წუთები. შემდეგ, იმ ბედნიერი წუთების შემდეგ კი იყო ადრინდელზე უფრო საშინელი, ჯოჯოხეთური ცხოვრება. ტკივილი, მძიმე, უსაშველო ტკივილი. ტკივილი, რომელმაც მოსპო, გაანადგურა სულიერადაც და ფიზიკურადაც. იჯდა, ფიქრობდა და ვერ გაეგო, რა იყო მისი ცოდვა, რაში მიუძღოდა ბრალი, რა დააშავა დაბადებამდე ისეთი, რომ შემდეგ ასეთი მძიმე, ტკივილიანი ცხოვრებით ეცხოვრა, ასეთი მძიმე სიბერე დაემსახურებინა.
ოჯახური სითბო და სიყვარული არასდროს ღირსებია. მამა არ ახსოვდა. მისი დედა და მამინაცვალი, ორივე ლოთები იყო. რაც თავი ახსოვს, ლანძღვა-გინებისა და ცემა-ტყეპის გარდა არაფერი უნახავს ოჯახში. მას, ესე იგი, პატარა ლანას, დილიდანვე გააგდებდნენ ქუჩაში სამათხოვროდ, თან მკაცრად აფრთხილებდნენ, თუ გარკვეული ოდენობის თანხას არ მიიტანდა, სახლში არ დაბრუნებულიყო. თანდათან შეეჩვია „სახლში არ დაბრუნებას“, მით უმეტეს, მისი მიტანილი ფული სულ ცოტა იყო დედისათვის. იმ ცოტა ფულით სახლში დაბრუნებულს საკმაოდ მწარედ ხვდებოდა ორივესგან. ჰოდა, ისიც თანდათან შეეჩვია სახლში არ დაბრუნებას. უმეტესად ვაგზალში მათხოვრობდა და ბინაც იქვე დაიდო. ზოგჯერ დედა და მამინაცვალი მოიძებნიდნენ, ფულს წაართმევდნენ, ერთსაც კარგად მიტყეპავდნენ და გაუშვებდნენ.
გავიდა დრო. ლანა წამოიზარდა. ის ძალიან ლამაზი და ტანადი გოგონა დადგა. ბავშვობიდანვე შეამჩნიეს ლანას სილამაზე ვაგზალში და მოსვენებას აღარ აძლევდნენ. ის ჯერ თოთხმეტი წლისაც არ იყო, რომ ერთმა მგლისხახიანმა სქელმა ძიამ გადასანსლა მისი უმანკოება. მთელი ღამე ტიროდა „ღიპიანი ძიას“ გვერდით საწოლში მოკუნტული გოგონა. დასტიროდა დაკარგულ უმანკოებას, დამსხვრეულ ოცნებებს. (მასაც, როგორც ყველა ბავშვს, თავისი ვარდისფერი ოცნებები ჰქონდა), დასტიროდა ბურუსთ მოცულ მომავალს. გოდებდა გოგონა ჩუმი, გულსაკლავი ტირილით, მაგრამ არავის ესმოდა მისი გოდება, არავის... მის გვერდით მწოლი მგლისხახიანი სქელი ძია დასაკლავი ღორივით ხრიალებდა და ღრუტუნებდა. მწარე, გულსაკლავ ტირილში დაათენდა სქელოს გვერდით მწოლარე ლამაზ ლანას თავზე.
ის პირველი ნაბიჯი და პირველი დღეები იყო საშინელება _ ლამაზი, ვარდისფერი ოცნებების მსხვრევა, განადგურება ბედნიერი მომავლის იმედისა, საშინელი ფიქრები ბურუსით მოცულ მომავალზე... გადაიტანა პატარა, ლამაზმა ლანამ იმ საშინელი დღეების ტკივილი და სიმწარე, მაგრამ ქუჩაში გაზრდილ გოგონას ისეთი გულშემატკივარი, მეგობარი არავინ ჰყავდა, რომ სხვაზე განდობით ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა საშინელი, მძიმე ტვირთი. დედამისი ხომ...
თანდათან შეეჩვია ლანა თავის მდომარეობას, შემოსავალი ახლა უფრო მეტი იყო, ვიდრე მათხოვრობით. რამდენადაც ასაკიანი და შეუხედავი იყო ძია, იმდენად დიდი იყო საჩუქარი.
გავიდა დრო და ერთხელაც, მოულოდნელად ისეთი დიდი სიყვარული დაატყდა თავს, რომ თავი დააკარგვინა. ერთიანად დაიმონა გოგონა პირველი და ლამაზი სიყვარულის ყოვლისწამლეკავმა ძალამ. შეუყვარდა გოგონას და ამ დიდმა სიყვარულმა დაავიწყა ვინ იყო, ჰქონდა თუ არა სიყვარულის, მომავალზე ოცნების უფლება. ბიჭი თითქმის გოგონას თანატოლი იყო და ისიც ძალიან იყო შეყვარებული.
- შენ ჩვენი ქალაქიდან ძალიან შორს ცხოვრობ. შენ იქ არავინ არ გიცნობს. დაივიწყე წარსული და წამოდი ჩემთან. შენი წარსული ჩემთვის აღარ იარსებებს დღეიდან. წამოდი და გპირდები, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ჩემი დედ-მამა გაიხარებენ და იამაყებენ შენისთანა ლამაზი რძლით! - შესთავაზა ბიჭმა და გოგონამაც ისევ დაიწყო ვარდისფერი ოცნებები ბედნიერ მომავალზე.
ხელჩაკიდებულები შევიდნენ ლანა და ის ბიჭი ოჯახში. შევიდნენ და... ჰოი, ბედის უკუღმართობავ, გოგონას ბიჭის ოჯახში ის, პირველი, მგლისხახიანი სქელი ძია დახვდა, რომელიც მამად გააცნო ბიჭმა ოჯახში სარძლოდ შესულ გოგონას. რა თქმა უნდა, იმ კაცმა მაშინვე იცნო ლანა და იმან და მისმა ცოლმა ძაღლივით გადააგდეს ქუჩაში „ვაგზლის კახპა“. ბიჭმა რომ გაიგო, მისი საყვარელი გოგონას პირველი მამაკაცი მამამისი იყო, შეშლილივით გავარდა ქუჩაში და იმ დღის შემდეგ აღარც აღარსად უნახავს და აღარც არაფერი სმენია გოგონას მასზე.
მთელი ღამე უაზროდ დაბორიალებდა ცოცხალ-მკვდარი გოგონა ქუჩაში. როცა გააცნობიერა, თუ რა საშინელება დაატყდა თავს, ყველა ძარღვი ერთად ჩაუწყდა გულში. აღარ ეგონა, მისი გული ისევ თუ შეძლებდა ამუშავებას, თუ ისევ შეძლებდა სუნთქვას. გადარჩა. არ მოკვდა. გული ამუშავდა და სუნთქვაც შეძლო. თუმცა... თუმცა, მთელი ღამე უხმოდ და უცრემლოდ გოდებდა უცხო ქალაქის უცხო ქუჩებში გამწარებული გოგონა. უხმო წყევლით წყევლიდა თავის ბედს, თავის გაჩენას და მშობლებს, მშობლებს, რომლებმაც ასეთი საშინელი ხვედრისათვის გააჩინეს. გათენდა და გოგონას გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა უკვე. ეს სამყარო საშინელი, ცივი, უსულგულო და ულმობელი აღმოჩნდა მისთვის. კაცები კი... დღეიდან ყველა კაცი მისი პირადი მტერი იყო და როგორც შეძლებდა, ისე გაამწარებდა მათ.
კიდევ გავიდა დრო. გოგონას აქამდე თუ კიდევ გააჩნდა რაიმე წმინდა, ისიც ჩაკვდა მის არსებაში. სულსა და გულში მხოლოდ უსაშველო ტკივილი, ბოღმა და შურისძიების წყურვილი ებრძოდა ერთმანეთს. გული გაუქვავდა, გაუუხეშდა, დამცინავი და აგრესიული გახდა, განსაკუთრებით კაცების მიმართ. სიყვარული აღარ არსებობდა მისთვის. კაცი მხოლოდ შემოსავლის წყარო გახდა. ახალგაზრდასა და ძალიან ლამაზს ბევრჯერ შეეძლო გამოთხოვებოდა წარსულს და ახალი ცხოვრება დაეწყო, თუმცა აღარ მიიღო მან ეს მეორე შანსი ცხოვრებისაგან _ შანსი ოჯახის შექმნისა. ვეღარავის ენდობოდა. აღარ სწამდა კაცების. ყველა ახალგაზრდა კაცში იმ ბიჭს ხედავდა, ბიჭს, რომელიც კურდღელივით აცახცახებული გაქრა მისი ცხოვრებიდან. ყველა ასაკოვანი „ძია“ ის მგლისხახიანი ძია იყო. ამიტომაც გადაწყვიტა შური ეძია განურჩევლად ყველა მამაკაცზე.
გადიოდა დრო შურისძიებასა და ფულის კეთებაში, ასაკი ემატებოდა ლამაზ ლანას, თუმცა ვერ ამჩნევდა კი. ნელ-ნელა ალკოჰოლური სასმელების სმასა და სიგარეტს შეეჩვია. ქუჩური სიტყვები და გინება გახდა მისი ყოველდღიური სასაუბრო ენა. თანდათან წახდა, დანაოჭდა და დაუშნოვდა. „კლიენტები“ ნელ-ნელა შემოეცალნენ და ეკონომიურად გაუჭირდა. ფულის ყაირათიან ხარჯვას არ იყო ნაჩვევი და ამიტომ სწრაფად შემოელია ახალგაზრდობის დანაზოგი. გაუჭირდა. ძალიან გაუჭირდა ლამაზ ლანას. ისე ძალიან, რომ ზოგჯერ შიმშილობდა კიდეც.
ფულის კეთების აღმავლობის პერიოდში სამოთახიანი ბინა იყიდა ქალაქის ცენტრში. იმ დროს მისი მამინაცვალი მკვდარი იყო და ფულსაც უფრო იოლად მოუყარა თავი. ბინა იყიდა და იფიქრა, დედა თავისთან გადმოეყვანა საცხოვრებლად, მაგრამ... ბინის ყიდვიდან სულ მალე, ზამთრის ერთ ღამეს, მორიგე პოლიციელმა ქუჩაში მკვდარი იპოვა დედა. თუმცა ლანას არასდროს ყვარებია ლოთი და მოუწესრიგებელი დედა, რომლისგანაც ლანძღვა-გინების და ცემა-ტყეპის გარდა არაფერი ახსოვდა, მაინც ძალიან ატკინა მისმა უბედურმა სიკვდილმა გაყინული გული. შემდეგ უკვე დაბერებულმა და დაგლახავებულმა, უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა ლანამ ისევ გაყიდა თავისი კომფორტული ბინა. იფიქრა, ერთოთახიან ბინას ვიყიდი ჩემთვის სადმე გარეუბანში, მე ერთი ოთახიც მეყოფა, დანარჩენ ფულს კი გამოვიზოგებ და სიკვდილამდე მეყოფაო. მაგრამ „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“ ნათქვამია. ის ერთოთახიანი ბინა დროულად ვერ ნახა გასაყიდი, ამიტომ დროებით ნაქირავებ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. სულ მალე ბინის გაყიდვიდან, ყაჩაღები დაესხნენ თავს და რაც რამ ჰქონდა, ყველაფერი წაართვეს. დარჩა ბებერი, უკვე დაავადებული ლანა ქუჩაში. არავინ იყო მისი პატრონი და განმკითხავი ამ ქვეყნად. ქუჩაში დარჩენილი ლანა ისევ საწყის მდგომარებას დაუბრუნდა. დაბრუნდა ვაგზალში და იქ დაიდო ბინა. თავდაპირველად ვაგზლის „ადმინისტრაციამ“ სასტიკი უარი განაცხადა ბინად აქ დაბარგებაზე, მაგრამ უსიტყვოდ აცრემლებულ ლანას დანახვაზე გულები მოულბათ და კიდეც მოიყრუეს და კიდეც მოიბრმავეს თავები. მით უმეტეს ორმოცდაათიანებში თვით სახელმწფოსაც საკმაოდ ჰქონდა ხალხისთვის მობრმავებულ-მოყრუებული თვალები და ყურები.
ზის ახლა ასე, ერთ აჩემებულ კუთხეში. ზის ყველასგან მიტოვებული, მარტოდმარტო, ეული. ზის, გამხდარ მუხლებზე დაუწყვია ბებერი, აკანკალებულ-დანაოჭებული ხელები და მოწყალებას ითხოვს. ცისფერი, გამომშრალი თვალებით ერთ წერტილს მიჩერებული ზოგჯერ გულსაკლავად ამოიოხრებს და იმავე ცისფერ, გამომშრალ თვალებში ისეთი ტკივილი ჩაუდგება, რომ იმ ტკივილის დამნახავი თვალებზე ხელაფარებულები გარბის მისგან შორს, შორს... ლანა კი ზის, ისევ ის საშინელი სიცივე და სიცარიელე ჩასდგომია ცისფერ თვალებში და მოწყალებას ითხოვს. თუ გამოჩნდა ვინმე მადლიანი და ორიოდ გროშით განიკითხა, მაშინვე სიგარეტს და არაყს იყიდის. ზის, ერთმანეთს აყოლებს ორ საწამლავს. სვამს და სმაში ახჩობს გულის ჯავრს. ზის და უცდის მოწყალებას და... სიკვდილს. სიკვდილი ხომ ნამდვილი შვება იქნება, შვება, რომელიც სანატრელი შეიქმნა მისთვის.
დაბერდა ლამაზი ლანა, ლამაზი „ვაგზლის ქალი“, როგორც უწოდებდა ყველა. დაბერდა, როგორც ბერდება მოკვდავი. ვინც ადრე, ახალგაზრდობაში იცნობდა „ვაგზლის ქალს“, ახლა მისი შემხედვარენი სინანულით გააქნევდნენ თავს, ცოტაოდენ ფულს უწყალობებდნენ და ჩქარი ნაბიჯით გაეცლებოდნენ მას.
ზის „ვაგზლის ქალი“ თავის კუთხეში. ფიქრობს, ფიქრობს და მაინც ვერ გაუგია, თუ რით ან რატომ დაიმსახურა ასეთი მწარე სიბერე, რა დააშავა დაბადებიდანვე ასეთი?
ზის, სვამს და ისევ და ისევ კივის მის სულსა და გულში აკვიატებული ერთადერთი კითხვა. „რატომ?“
პასუხი კი ისევ და ისევ არ არის. არ არის...
გურანდა ცაგურია
(ფოტოს წყარო: გუგლი)