Baby Bag

​აინური და ია - მაგალითი გოგონებისთვის

​აინური და ია - მაგალითი გოგონებისთვის

აინურ კამალოვა იანეთში პირველი გოგოა, რომელმაც სკოლა დაამთავრა და მერე კოლეჯში სწავლობდა. მეორე გოგოა აინურის დაიკო - ია. იამაც სკოლის შემდეგ კოლეჯი „იბერია“ დაამთავრა ქუთაისში.

ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, ეს გოგონები მესხეთიდან დეპორტირებულთა შთამომავლები რომ არ იყვნენ, ისევ საქართველოში დაბრუნებულები.

​გოგონების დედას, ლეიდა ერისთავსაც უნდოდა სწავლა, მაგრამ მარტო 6 კლასის დამთავრება შეძლო. ლეიდა იხსენებს: „უზბეკეთში რომ ვიყავით, მამაჩემი სულ გვიამბობდა საქართველოზე, ისაა ჩვენი დედასამშობლოო და უნდოდა ჩამოსვლა. მერე ავად გახდა. ექიმებმა უთხრეს, აქაური ჰაერი არ გიხდებაო და საქართველოში ურჩიეს წამოსვლა. აქ მამა კარგად გახდა და დარჩა. სამი შვილი ჰყავდათ მშობლებს და მეოთხე აქ შეეძინათ. საქართველოში რომ ჩამოვედით, 5 წლის ვიყავი, ერთი წელი ვიარე ბაღში. ჯერ გეგეჭკორში ვიყავით, მერე - ცხაკაიაში (დღევანდელი მარტვილი და სენაკი). 1990 წელს ჩამოვედით სამტრედიაში. აქ გავთხოვდი. სამი შვილი მყავს.“
ლეიდამ თვითონ ვერ ისწავლა, მაგრამ თავისი ქალიშვილები უბნის მაგალითად აქცია... მას შემდეგ დაიწყეს აქაურმა გოგონებმა ფიქრი სწავლაზე, სამსახურზე... მას შემდეგ ადრეული ქორწინების შემთხვევებიც თითქმის აღარაა რეპატრიანტი მესხების ეთნიკურ ჯგუფში...
ამ ჯგუფს ზოგი „მუსლიმ მესხებს“ ეძახის, ზოგი - „ქართველ მუსლიმებს“, „თურქ მესხებს“, „აჰისკა თურქებს“, „ახალციხელ თურქებს“...

ტრაგიკული ბედი ერგოთ.

1944 წელს სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლავრენტი ბერიამ სტალინისგან მოითხოვა სამხრეთ საქართველოდან მთელი მაჰმადიანი მოსახლეობის გასახლება „საქართველოში სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაუმჯობესების მიზნით“. სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანების ძირითადი ნაწილი მესხეთის მკვიდრი მოსახლეობა იყო, ტომით ქართველები.
ლეიდას ოჯახიც ამ ტალღაში მოჰყვა.
კარგა ხანი დასჭირდა მათ დაბრუნებას სამშობლოში...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ. ახლა აქ მესხთა 40-მდე ოჯახია. მათი აქ დასახლებიდან დიდი დრო გავიდა, შეიცვალა, გალამაზდა უბანი, აივსო კარ-მიდამო. მაგრამ მაინც თავისთვის არიან, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა (სპეციალისტების აზრით, არა მარტო იმიტომ, რომ მათ არ სურთ, იმიტომაც, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შემუშავებული შესაბამისი პროგრამა, თუმცა სხვა არაერთი მიზეზიცაა).
საინტერესოა აქაურ ქალებთან და გოგონებთან საუბარი, მიყვარს მათი ისტორიების მოსმენა. ემოციებით გიყვებიან თავიანთ წარსულზე, აცრემლებული თვალებით. არ წუწუნებენ, არ ამბობენ, ძნელი იყო, გვიჭირდაო, მაგრამ ისედაც იგრძნობა, რომ რთული დღეები გამოიარეს.
ხალიდა ლაზიშვილიც 5 წლის იყო, მისი ოჯახი უზბეკეთიდან რომ ჩამოვიდა: „ოზურგეთში, ნასაკირალში ვცხოვრობდით. ერთი წელი დავდიოდი ბაღში. პირველი კლასი რუსულ სკოლაში დავამთავრე, მეორე წელს ქართულ სკოლაში გადამიყვანა მამამ. ბექიროვები ვიყავით და ძველი გვარი დავიბრუნეთ. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მეათე კლასში არ გამიშვა მამამ. მასწავლებლები მეუბნებოდნენ, მამას ვთხოვთო, მაგრამ უარი ვუთხარი. მამა მაინც არ გამიშვებდა. სწავლა კი მინდოდა, მაგრამ ვერ გავაგრძელე. იქვე სოფელში გავთხოვდი. 2003 წელს ჩამოვედით იანეთში. 20 წელია აქ ვცხოვრობ, სამი შვილი მყავს. ბიჭმა და გოგომ 12 კლასი დაამთავრეს, ერთმა - 9 კლასი. ქართული წერა-კითხვა უჭირს, სამხატვრო სკოლა დაამთავრა, კიდევ უნდოდა სწავლა, მაგრამ გავათხოვეთ და დარჩა“.
საქართველოს სიყვარული განსაკუთრებული იყო ამ ქალებისთვის ბავშვობიდან. ლეილა ხოზრევანიძეც იხსენებს, მამამისი როგორ ოცნებობდა აქ ჩამოსვლაზე, ეს ჩემი სამშობლოა, აქედან არსად წავალო, ამბობს. თურქეთში ბევრად უკეთ იცხოვრებდა, მაგრამ აქ დარჩა. ლეილას დას მაია ჰქვია. ბიძაშვილებსაც სულ ქართული სახელები აქვთო: შოთა, ტარიელი, მედეა.
30-40 წელია, ლეიდა, ხალიდა, ლეილა, დიანა და სხვა ლამაზსახელიანი ქალები იანეთში ცხოვრობენ... წლების მანძილზე იზრდება ოჯახები, იცვლება ბევრი რამ, მაგრამ ინარჩუნებენ თავიანთ ენას, წეს-ჩვეულებებს:
...გოგოს რომ ვათხოვებთ, ბიჭის ოჯახი მოდის გოგოს სათხოვნელად. თუ თანახმა არიან, შარბათს დალევენ.
...მეორე დღეს პატარძალმა უნდა გააკეთოს ხინკალი. მთავარია, ცომი მოზელოს და მერე სხვებიც ეხმარებიან.
...პატარძალი რომ შედის ოჯახში, თაფლი უნდა წაუსვას კარს სამჯერ.
...როცა ადამიანი გარდაიცვლება, სახლში სამი დღე არ კეთდება საჭმელი, მეზობლებს მოაქვთ.
...წელიწადში ორი ბაირამობა (დღესასწაული) გვაქვს - ყურბან ბაირამი და რამაზან ბაირამი.
კერძებსაც განსხვავებულს ამზადებენ: მესხური ხინკალი, მესხური მანთი თუ ფლავი, ლაღმანი, თუთმაზ ჩორბა, ბაზლამა, კათმერი...
სამტრედიაში კარგად ახსოვთ მესხების ჩამოსახლების პირველი პერიოდი. ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობდნენ სამტრედიის რუსულ სკოლაში და პირველ ქართულ სკოლაში. რუსული სკოლის კურსდამთავრებულმა მესხმა მამაკაცებმა უნივერსიტეტებიც კი დაამთავრეს.
მერე იქვე, უბანში, იანეთში გაიხსნა არასრული სკოლა. სწავლება ქართულად მიდის, მაგრამ ბავშვები ჩაიკეტნენ თავიანთ თემში, თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ და ქართული არ იციან. 9 კლასის შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად სამტრედიის მესამე სკოლაში მიჰყავთ და უკვე ვერ სწავლობენ ენას სრულყოფილად (ნასაკირალში მესხები გურულებთან ერთად ცხოვრობენ, ერთ სკოლაში დადიან და არავის უჭირს ქართული წერა, კითხვა და ლაპარაკი).
თითქოს არ აკლია ყურადღება იანეთის მესხთა დასახლებას. სამტრედიის მესამე სკოლაშიც თბილად ექცევიან. ერთ-ერთი მხარდამჭერი ლამზირა თევზაძე ჰყავთ, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იანეთის სკოლაში და ახლა სამტრედიის მესამე სკოლის მასწავლებელია. სკოლის დირექტორი ვენერა ივანიშვილი კი ამბობს, რომ სანამ მესამე სკოლაში მოვლენ, ეს ბავშვები სხვა სკოლებს გამოივლიან და რახან ჩვენი სკოლა აარჩიეს, ეს ჩვენ განსაკუთრებულ მისიას გვანიჭებს და განსაკუთრებულადაც უნდა მოვექცეთო.
ადგილობრივი თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, შეუმსუბუქონ ყოფა მესხებს. ბევრი სიკეთე დაეტყო აქაურობას ბოლო წლების მანძილზე: მოასფალტდა სოფელში შემოსასვლელი გზა, შემოყვანილია გაზი, დაიდგა ნაგვის ურნები, გაიწმინდა სანიაღვრეები, სამტრედიის სკოლამდე ბავშვებს ემსახურება ტრანსპორტი.
ყველა ოჯახს აქვს მიწა, შემოსავლის წყარო - ხარ-ძროხა, ცხვარი, თხა, ბაღ-ბოსტანი. ერთმანეთთან კეთილმეზობლური და ნათესაური ურთიერთობებია, მაგრამ პრობლემაც ბევრია: სკოლის შენობა მოუწესრიგებელია - არ არის გათბობა, წყალი. არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი, საბავშვო ბაღი, გასართობი მოედანი ბავშვებისთვის, სკვერი. დასახლებას არ აქვს სილამაზის სალონი, აფთიაქი, მაღაზია.
ეს ყველაფერი დამატებით სირთულეებს იწვევს, განსაკუთრებული შრომა აქვთ ქალებს: პურს სახლში აცხობენ, ფეხით გადიან ცენტრალურ გზამდე, ყველაფრის თადარიგი უნდა დაიჭირონ, ქუთაისში ან სამტრედიაში რომ მიდიან. ქალებისთვის რთულია სამსახურში წასვლა-წამოსვლა... ამიტომ ფაქტობრივად, არცერთი ქალი არ მუშაობს - ყველა საშინაო მეურნეობითაა დაკავებული.
აქაურებს რომ გაესაუბრო, ბევრ უსიამოვნო მაგალითსაც მოიყვანენ თავიანთი ცხოვრებიდან, როგორ დასცინიან, როცა მაღაზიაში შესულები ვერ ლაპარაკობენ გამართული ქართულით, როგორ ამრეზით უყურებენ მათ გრძელ კაბებს, თავშალს.
ან კიდევ:
...მასწავლებელმა იკითხა, თათრის ბავშვები არ მოსულანო?
...ბაზარში ზოგი თურქის ქალებს გვეძახის, ზოგი თათრის ქალები მოვიდნენო, ამბობს.
...მაღაზიაში როცა ქართულად ვეკითხებით ფასს, თურქულად გვპასუხობენ.
...თუ ქართველები ხართ, შეიცვალეთ სარწმუნოებაო, გვეუბნებიან.
...არაქართული გვარი მაქვს. ქართველი არ ვგონივართ და დამცინიან.
...მაღაზიაში დედაჩემთან და მეზობელთან ერთად ვიყავი და ჩვენს ენაზე რომ ვლაპარაკობდით, კონსულტანტებმა დაგვცინეს. მერე ქართულად ვკითხე და ნახე, ნახე, ქართულიც სცოდნიათო, გაიცინეს.
გულს ტკენთ ასეთი დამოკიდებულება. სხვებისგანაც სითბოს დანახვა და შეგრძნება უნდათ თავად უბოროტო, მშრომელ, უკონფლიქტო იანეთელ ქალებს.
ახალგაზრდებიც კეთილშობილებით სავსენი არიან, მორიდებულები, უფროს-უცროსი რომ იციან, ისეთები. უყვართ თავიანთი ფესვები, რწმენა, ტრადიციებსაც პატივს სცემენ. მშობლებისგან ბევრ რამეს სწავლობენ. რაც არ მოსწონთ, ცვლიან კიდეც - ოღონდ ნელ-ნელა...
ადრეული ქორწინების ადათ-წესი უკვე შეიცვალა - პატარებს რომ ნიშნავდნენ და ათხოვებდნენ (კანონიც კრძალავს ადრეულ ქორწინებას, თუმცა კანონისაც არ ეშინოდათ ხშირად)...
წლები და დიდი მუშაობა დასჭირდა (სკოლის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების), რომ შვილების ადრე გათხოვებაზე უარი ეთქვათ მშობლებს... გოგონებიც მიხვდნენ, რომ კარგია სწავლა, პროფესია, საკუთარი შემოსავალი... იციან, რომ ქართული უნდა ისწავლონ, თუ უნდათ, იყვნენ სხვა ქართველების თანასწორები და არ გაუჭირდეთ ურთიერთობა, განათლების მიღება, მუშაობა...
აინურ კამალოვა პირველი იყო, ვინც სკოლის მერე პროფესიულ სასწავლებელში სამკერვალო კურსი დაამთავრა. მეორე მისი დაა - ია კამალოვა, სტილისტის სპეციალობაზე. ახლა ალბინა ბაგბანოვა სწავლობს საბუღალტრო საქმეს. სხვა გოგონებიც აპირებენ სწავლის გაგრძელებას... გოგონებს არ უნდათ ადრე გათხოვება. მათ სხვანაირი, დედებზე უკეთესი ცხოვრება უნდათ...
ლალი შენგელია

იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში