Baby Bag

როგორი ზამთარი გველოდება - გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

როგორი ზამთარი გველოდება - გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 2018-2019 წლის ზამთრის სეზონის პროგნოზს აქვეყნებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშულის გათვალისწინებით, ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 გრადუს C-ით მაღალი.

„საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7 გრადუსს შეადგენს; მთაში 0, +2 გრადუსს; მაღალ მთაში -4, -2 გრადუსს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2 გრადუსს; მთაში -2, 0 გრადუსს; მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ-ს შეადგენს,“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზში.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგნოზი მომზადდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-20) და ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.