უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ჩვილის დედასთან ერთად ძილი კატეგორიულად დაუშვებელია,“- პედიატრი მაკა ჭიღლაძე
პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა და ურჩია, რომ დედებმა, რომლებიც შვილებს ძუძუთი კვებავენ, ახალშობილები ცალკე საწოლში დააძინონ:
„ძუძუთი კვება და დედის რძე არის ოქროს სტანდარტი. აუცილებლად პირველი საათებიდანვე იწყება ძუძუთი კვება. ამას ნეონატოლოგები ხელს ვუწყობთ. ძუძუთი კვების შემდგომ ახალშობილი უნდა მოთავსდეს თავის საწოლში. დედასთან ძილი კატეგორიულად დაუშვებელია. ზოგიერთი დედა ტრანკვილიზატორს იღებს, დედა დაღლილია, მას დასვენება სჭირდება, მასაც უნდა ჰქონდეს სრულფასოვნად დასვენების საშუალება. ჩვილიც უნდა იყოს უსაფრთხოდ. ესეც ერთ-ერთი რეკომენდაციაა ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ მოწოდებული. აუცილებელია ძუძუთი კვების დროს მშობლებმა იცოდნენ, რომ მათი ჩვილების ძილის ხანგრძლივობა მოკლეა. ისინი ხშირად იღვიძებენ. ბავშვი იღვიძებს, ძუძუს წოვს, როცა უნდა. ძუძუთი კვება ხორციელდება ურეჟიმოდ, სხვადასხვა ხანგრძლივობით. ადაპტირებულ ნარევზე მყოფი ბავშვები შედარებით უფრო ხანგრძლივად იძინებენ.“
„ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ დაუფიქსირებელი საგნები უნდა მოვაშოროთ ბავშვებს. მათ რბილი საგნები თუ სიახლოვეს ექნათ, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდი სინდრომის მიზეზი გახდეს. ჩვილი შეგიძლიათ საძილე ტომარაში ჩასვათ და ისე დააძინოთ. მშობელმა ბავშვი დაბადებისთანავე ხშირად უნდა ასეირნოს ჰაერზე. ბავშვები, რომლებიც დედასთან ახლოს არიან, მის სითბოს გრძნობენ, მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან, მაღალი იმუნიტეტი აქვთ. უნდა ვეცადოთ ჩვენი თაობა გაიზარდოს ჯანმრთელი და მაღალი ინტელექტით,“- აღნიშნულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ „რადიო თბილისის“ ეთერში ისაუბრა.