Baby Bag

​როგორია აფხაზური „ასას-აფხუმა“...

​როგორია აფხაზური „ასას-აფხუმა“...

მიგრაციის თემით დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა კარგად ვიცით, რომ მიგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გლობალური, დემოგრაფიული, სერიოზული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემაა და არაერთ სირთულეს ქმნის მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში. კვლევების თანახმად, თანამედროვე მიგრაციების მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. ეს თანაბრად ეხება როგორც შიდა, ისე გარე მიგრაციებს და ეტაპობრივად მათი მოგვარების გზებიც ისახება. მართალია, შიდა მიგრაციებს შორის ყველაზე გავრცელებულია მიგრაცია სოფლიდან ქალაქში, მისი მტკივნეული სახე მაინც კონფლიქტის ზონიდან ადამიანების თავის გარიდება და მიგრირებაა მშვიდობიან ადგილებზე.

ამ წერილის თემა მიგრაციის მასშტაბურობა არ არის. მინდა გიამბოთ ლამაზი ამბავი მიგრანტ აფხაზ გოგონაზე, რომლის ოჯახმაც წლების წინ, აფხაზეთის ომის შემდეგ, ბათუმს შეაფარა თავი, გოგონას კი სიყვარულმა იქ მიაგნო, სადაც თავის თავზე და წარმომავლობაზე საუბარსაც კი ერიდებოდა...
- „ვერავითარი ძალა ვერ დააშორებს აფხაზებსა და ქართველებს, ისინი კვლავ ერთად იქნებიან!“ - სიყვარულით, სითბოთი და სათნოებით ჟღერს საქართველოს პატრიარქის ცოტა ხნის წინ გაკეთებული მიმართვა ქართული საზოგადოების მიმართ და იმედით გვავსებს. ეს ის იმედია, კაცობრიობის გადამრჩენი ძალა - სიყვარული რომ უძევს საფუძვლად, ეს კი ის სიყვარულია, იმედს რომ სჭირდება საკვებად, მაცოცხლებელ ძალად...
რა დრო გასულა... მთელი 29 წელი გასულა, რაც ერთმანეთს დაგვაშორეს ქართველები აფხაზებს, აფხაზები - ქართველებს და გვტკივა უერთმანეთობა, ერთმანეთის სიძულვილში დაკარგული დრო და გაურკვევლობა... გვტკივა ყოველი 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე... თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანურმა ურთიერთობებმა ხშირად გადაფარეს პოლიტიკური უსიამოვნებები, ჩვენ ირგვლივ ხომ თითქოს, უხერხულად, მაგრამ ძირითადად, სიკეთით აგრძელებენ ცხოვრებას აფხაზი დედები, მეუღლეები, აფხაზურ-ქართული სისხლის მატარებელი ჩვენი შვილები... დღესაც ქორწინდებიან ქართველები გოგონები აფხაზებზე, აფხაზები - ქართველებზე და გვჯერა, ასრულდება პატრიარქის სიტყვები, რომ ყველაფერი კარგად იქნება...
2018 წლის შემოდგომა იდგა, როცა ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლების ერთ ულამაზეს ოჯახში დიასახლისის დისშვილმა კახამ ბათუმიდან პატარძალი - თამარ-ქალი რომ მიიყვანა და დასახლება აახმიანა. ვინც კი გაიგო, გაიკვირვეს ეს ამბავი, თუმცა ქალ-ვაჟის დაქორწინება, ზოგადად, ყველას უხარია, მითუმეტეს, თუ კი ახალგაზრდები არღვევენ პოლიტიკურ შეხედულებებს და მთიელ ვაჟკაცს აფხაზი გოგონა უყვარდება და აფხაზი რძალი ყველამ სიყვარულით ჩაიკრა გულში.

​თამარ ჩამბა პროფესიით ბიოლოგია, მისი მეუღლე კახა მამსიკაშვილი კი მხატვარი, რომელმაც 2007 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და ოჯახთან ერთად დამკვიდრდა თბილისში... ახალგაზრდა და მოაზროვნე მხატვართან სამშენებლო კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება და ისიც დაუზარებლად ასრულებს დღემდე დაკისრებულ მოვალეობას.
ერთ-ერთი მორიგი დავალების შესასრულებლად ორი წლის წინ ბათუმში ჩავიდა, სადაც დაუახლოვდა აჭარელ ახალგაზრდებს, გაიცნო მათი მსოფლმხედველობა და ადათ-წესები. შავი ზღვითა და ულამაზესი ბათუმით მოხიბლულ ვაჟკაცს საუკეთესო გრძნობაც აქ ეწვია. თამარისა და კახას სიყვარულის დასაწყისს ასეთი ისტორია აქვს:
- ხშირად დავდიოდით მეგობრები კაფე-რესტორნებში, ამათუიმ დაწესებულებაში, შედარებას ვახდენდით თბილისურ და ბათუმურ ცხოვრებაზე, მოგვწონდა ბევრი რამ და თავისუფლებით ტკბობას ვაპირებდით, თუმცა ერთხელ ერთ ოფისში შესვლისთანავე თვალში მომხვდა არა გარემო, არამედ მშვენიერი გოგონა, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა მორიდებული ქცევითა და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით... გავიკითხე და მითხრეს, რომ თამარი ერქვა, გვარით არ დავინტერესებულვარ, იმ წუთიდან მხოლოდ მის მოხიბვლაზე ვოცნებობდი... დარწმუნებული ვიყავი, ის ჩემი ბედის და ცხოვრების მეგზური გახდებოდა... თამარი უკარება, თავმდაბალი აღმოჩნდა და თანამედროვეობას რომ იჩემებენ, ისეთი გოგონებისგან ბევრად განსხვავდებოდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, შეხვედრაზე რომ დამეყოლიებინა... - გაგვიმხილა კახამ.
თამარის ოჯახი - მამა, ბაბუა თუ დიდი ბაბუა, მათი შორეული წინაპრები, აფხაზეთში ცხოვრობდნენ. აფხაზეთს ომის დროს კი მთელი ოჯახი იძულებით მიგრირებულ ქართველთა რიგებს შეუერთდნენ და დღემდე საქართველოს მოქალაქეებად რჩებიან - ისინი ვერანაირმა დაპირებამ ვერ გადაიბირა, გამხდარიყვნენ აფხაზეთის მოქალაქეები და ჩვენს მიწაზე ისეთივე ერთგულებით აგრძელებენ ცხოვრებას, როგორც ადგილობრივები.
თამარიც მეგობრულ გარემოში იზრდებოდა ქართველ კლასელებთან და კურსელებთან ერთად და როგორც თავად ამბობს, მათგან არასოდეს უგვრძნია მისკენ სიძულვილით მიმზერილი თვალები...
...ასე იყო თუ ისე, ახალგაზრდებს ერთმანეთის წარმომავლობის გაგების გარეშე დიდი გრძნობა ეწვიათ და როცა თამარი კახას გამოუტყდა, რომ აფხაზი იყო, გვარად ჩამბა, ამას სიყვარულზე ნეგატიურად არ უმოქმედია.
- ყველაფერს მოველოდი, გარდა იმისა, რომ თამუნა აფხაზი იქნებოდა... საზოგადოებაში შექმნილი არცთუ ისე დადებითი აზრი აფხაზთა მძიმე ხასიათებისა და მენტალიტეტის, ქართველებისადმი მათ სისხლში არსებული მტრობის შესახებ, თამუნამ და მისმა კეთილმა ოჯახმა ერთბაშად გააქარწყლეს. ქართველი სიძე, მათ მიმიღეს სიყვარულით, ჩემმა ოჯახმა და სანათესაომ კი ასევე თბილად მიიღეს თამუნა და არც არავის უკითხავს, ვერც ვერავინ ვერასოდეს მკითხავს, ეროვნებით აფხაზთან რატომ შევქმენი ოჯახი... - თავის ამ პასუხშიც გულწრფელია კახა.
- თამარ, შენ რას გვეტყოდი ამ სიყვარულზე, წინააღმდეგობები მართლა არავისგან შეგხვედრია?
- კახასთან ურთიერთობის დასაწყისში მეშინოდა, ჩემს აფხაზობას არაფერი გაეფუჭებინა, თუმცა, საბედნიეროდ შევცდი. მე ბათუმში ისეთ ადგილას ვხოვრობდი, სადაც ათამდე აფხაზური ოჯახის გვერდით შეხმატკბილებულად ცხოვრობენ იმერლების, აჭარლებისა თუ გურულების ოჯახები. არასდროს არავისთან გვქონია დავა, აფხაზური „ასას-აფხუმა“, ანუ სტუმართ-მასპინძლობა სამაგალითო იყო ჩვენს ოჯახში მომსვლელთათვის... კახასთან ურთიერთობის შესახებ როცა ვთქვი ოჯახში, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, ჩემი საქმრო მიიღეს ისეთი, როგორიც არის და ისევე ლამაზად, როგორც ეს მისაღები იყო... მე და კახა არ ვიყავით პატარები, რომ არასერიოზულად და დაუფიქრებლად შეგვეხედა ჩვენი ურთიერთობისათვის, ვსაუბრობდით შესაძლო მითქმა-მოთქმაზეც...
- როცა ირგვლივ მრავალი ქართველი გახვევია და იცი, რას ფიქრობენ ისინი აფხაზებზე, ხომ არ გიჭირს შენი ვინაობის გამხელა?
- არასოდეს ამის კომპლექსი არ მქონია. მით უმეტეს, კახას ყველა თავისი ახლობლისათვის თავიდანვე უთქვამს ჩემს შესახებ. ჩემთან ურთიერთობენ და მაფასებენ ჩემი თვისებების გამო, თორემ ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს?! მე რატომ უნდა დავმალო წარმომავლობა, ადამიანები ხომ არ ვირჩევთ არც ეროვნებას, არც მშობლებს და არც კანის ფერს? არასოდეს შემრცხვენია ჩემი გვარის... სხვათა შორის, დღეს აფხაზურ-ქართულ სიძულვილზე საზოგადოებაში თითქმის არ საუბრობენ. მე ბედნიერი ვარ ჩემს ქართულ ოჯახში.

წყვილი თბილისში დაბინავდა, თამუნასა და კახას თანაცხოვრება მშვიდად, თითქმის იდილიაში მიმდინარეობს და მათ სიყვარულს კიდევ უფრო ამყარებს პატარა ვაჟკაცი გიორგი... ისინი გამრავლდებიან და ღვთის ნებით არასოდეს იქნებიან ეთნიკური შუღლისა და დავის მომსწრენი, არასოდეს იწვნევენ მიგრანტის მწარე ბედს...
გურანდა ცაგურია