Baby Bag

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სტრესი ბავშვს უქმნის. მისი თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს სასკოლო მასალის ათვისება უჭირს:

„ბოლო პერიოდში ჩემთან მოდიან ხოლმე მშობლები ჩივილით, რომ ბავშვი ვერ სწავლობს. ის ვერ სწავლობს ჩვეულებრივ სასკოლო პროგრამას. ეს არ მიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენთან ძირითადად ამ ტიპის ბავშვები მოდიან, მაგრამ მიკვრის ის, რომ ამ ბავშვებს პრობლემა არ აქვთ ინტელექტუალური. მათ აქვთ ემოციური პრობლემები.“

„ამ ბავშვების მშობლების ნაწილი არის მარტოხელა, დაშორებული, ნაწილი კი არ არის, მაგრამ ოჯახებში არის დაძაბულობა. მშობელი ამბობს: „მასწავლებელი მეუბნება, რომ ბავშვი გაშტერებული ზის.“ გაშტერებული ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის სტრესულ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, სტრესულ სიტუაციაში რომ ჩავარდებით, ხომ არ გესმით და არც ფიქრობთ არაფერზე. ძალიან დაძაბულები არიან ბავშვები. ეს გარედან კი არ ჩანს. ბავშვი არასდროს არ იტყვის მშობელთან, რომ შეწუხდა, გაბრაზდა. ამას არ გამოხატავს. მას ეშინია, რომ არასწორად გაუგებენ. სხვათა შორის, ეს არის ძალიან საინტერესო კიდევ: ბავშვები ყოველთვის თვლიან, რომ მშობლების დაშორებისას დამნაშავეები თვითონ არიან. პატარა ბავშვებზეა საუბარი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

არ უყიდოთ ბავშვს „Cry Babies” თოჯინები, რომელიც პატარების ფრუსტრაციასა და დაბნეულობას იწვევს

არ უყიდოთ ბავშვს „Cry Babies” თოჯინები, რომელიც პატარების ფრუსტრაციასა და დაბნეულობას იწვევს

თუ თქვენ სკოლამდელი ან ორ წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი ხართ და „Cry babies” თოჯინების ან Youtube სერიების შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, ეს გაფრთხილება მაინც უნდა გაითვალისწინოთ: არასდროს უყიდოთ ბავშვს „Cry babies” თოჯინები. „Cry babies: Magic Tears“ ანიმაციის სამყარო თქვენს ბავშვს მონსტრად აქცევს და მას ნამდვილი (არა ჯადოსნური) ცრემლებით შეამკობს.ეს თოჯინები ბავშვებში ფრუსტრაციისა და დაბნეულობის გამოსაწვევად არის შექმნილი.

თოჯინებით თამაში ბავშვს დამოუკიდებლობას აჩვევს და ძალიან სასარგებლოა. ხმაურიანი და მტირალა თოჯინებიც მისაღებია, თუმცა თოჯინების ეს სპეციფიკური ბრენდი და მისი Youtube სერიები მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ოჯახს აწამებს.

Cry babies არის როგორც სათამაშოები, ასევე ანიმაცია. თოჯინებს IMCToys-ის ბრენდი აწარმოებს. თითქმის არ არსებობს ობიექტური ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თოჯინებს ან ანიმაციას ქმნიან. თოჯინების ნაწილი წყლის ცრემლებით ტირის, ნაწილი კი ტოქსიკური სითხის შხეფებით, რომელსაც „ჯადოსნური ცრემლები“ ეწოდება. მან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. შემადგენლობაში ვკითხულობთ, რომ შეიცავს ალერგენებს: ლიმონენესა და ლინალულს. თოჯინები შემაშფოთებლად ხმაურიანია და შემაწუხებელ ხმებს გამოსცემს.

„Cry babies“ Youtube შოუ 40-წუთიანი ან ორსაათიანი სეგმენტების სახით არსებობს. აღნიშნულ ანიმაციაში არ არის გაკვეთილები ბავშვებისთვის. ისეთი შეგრძნება გრჩებათ, რომ სიუჟეტები სადისტური ალგორითმით არის შექმნილი. რაც შეეხება თოჯინებს, მათი ყუთიდან ამოღებისთანავე მიხვდებით, რომ ის თქვენი შვილის ფრუსტრაციას გამოიწვევს.

მტირალა თოჯინის ქონა ბავშვისთვის დამაზიანებელი არ არის, რადგან ეს მას ზრუნვას აჩვევს. ის სწავლობს, რომ ბავშვს უნდა მოეფეროს, აჭამოს, გამოუცვალოს, როდესაც ის ტირის, თუმცა Cry babies თოჯინები მიზეზ-შედეგობრივი კომფორტული ციკლის საფუძველზე არ არის შექმნილი. დამაბნეველი პარამეტრების გამო თოჯინა ხშირად აკეთებს იმას, რასაც ბავშვი მისგან არ ელოდება, რის გამოც ბავშვი თოჯინასთან ერთად ტირილს იწყებს. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს თოჯინა მობეზრდეს, ის დაჟინებით ცდილობს, რომ მას ის გააკეთებინოს, რაც ჩაიფიქრა.

Cry babies თოჯინები საბოლოოდ მშობლის თავის ტკივილისა და ბავშვის უსასრულო გაურკვევლობის მიზეზი ხდება. მშობლები ცდილობენ ახალი მოდელების შეძენას და იმედი აქვთ, რომ მას უკეთესი ფუნქციები ექნება, ამგვარად მოჯადოებული წრე იკვრება. ამ წრისგან თავის დასაღწევად, გირჩევთ, არ უყიდოთ ბავშვს Cry babies ტოქსიკური თოჯინები.

წყარო: ​fatherly.com 

წაიკითხეთ სრულად