Baby Bag

„შეიძლება ორი წლის ასაკში ამით თავი დავიმშვიდოთ, რომ მამამ გვიან დაიწყო მეტყველება და მოდი, დავაცადოთ,“- ფსიქიატრი ტატა ბაზღაძე

„შეიძლება ორი წლის ასაკში ამით თავი დავიმშვიდოთ, რომ მამამ გვიან დაიწყო მეტყველება და მოდი, დავაცადოთ,“- ფსიქიატრი ტატა ბაზღაძე

ფსიქიატრმა ტატა ბაზღაძემ ბავშვებში მეტყველების დაგვიანების პრობლემის შესახებ ისაუბრა და ის ძირითადი ნიშნები დაასახელა, რომლის დროსაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს:

„ზოგიერთი მშობელი ორი წლიდან აქცევს ყურადღებას, რომ ბავშვი არ მეტყველებს ასაკობრივად. ზოგი მშობელი სამ წლამდე განგაშს არ ატეხს, იმიტომ, რომ მეზობელმა გვიან დაიწყო ლაპარაკი, მამამისმა გვიან დაიწყო ლაპარაკი. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შეიძლება ორი წლის ასაკში ამით თავი დავიმშვიდოთ, რომ მამამ გვიან დაიწყო მეტყველება და მოდი, დავაცადოთ. ორი წლის შემდეგ, განსაკუთრებით უკვე 3 წლის ასაკისთვის ამით თავის დამშვიდება ნამდვილად არ ღირს.

თუ სამი წლის ასაკში ბავშვის მეტყველება არ არის განვითარებული იმ დონეზე, რომ მას არ ესმის მიმართული მეტყველება, ან არ აქვს განვითარებული ფრაზული მეტყველება, წინადადებებს ვერ კრავს, დიალოგს არ აწარმოებს, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. თუმცა მშობლებმა სპეციალისტს 2 წლამდეც უნდა მიმართონ, თუ ამჩნევენ, რომ ბავშვს მიმართული მეტყველება არ ესმის ასაკის შესაბამისად, ინსტრუქციას არ ასრულებს ბავშვი.

არის ნორმის გარკვეული კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმების მიხედვით ვაფასებთ მეტყველების განვითარებას ბავშვებში. განვითარების გარკვეული ეტაპისთვის 18-20 თვისთვის ნორმაა, როდესაც ბავშვი საგნებს სხვა სახელს არქმევს, რაც მისთვის მარტივად სათქმელია. ბურთი არის „ბაბა,“ წყალი არის „ტატა.“ ოჯახის წევრებს ეს ენა ესმით, მაგრამ ეს ეტაპი უნდა გადალახოს ბავშვმა და ოჯახის წევრები მას ამ ენაზე აღარ უნდა ელაპარაკონ. მან უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი სიტყვების თქმა, მშობლებმა გაუსწორონ სიტყვა და სწორად უთხრან,“- მოცემულ საკითხზე ტატა ბაზღაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პისიარის ცდომილების ყველაზე ხშირი მიზეზი არის ნაცხის აღების ტექნიკა და დღე,“- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კავკასიძე

„პისიარის ცდომილების ყველაზე ხშირი მიზეზი არის ნაცხის აღების ტექნიკა და დღე,“- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კავკასიძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კავკასიძემ ომიკრონით ინფიცირების დადგენისას პისიარ ტესტების ცდომილების ალბათობაზე ისაუბრა:

„ვუჰანის შტამთან შედარებით ომიკრონს აქვს 50-ზე მეტი ცვლილება. ეს მუტაციები არის ყველა ცილაში. იმის მიხედვით, რომელი ცილის აღმოსაჩენად იყო ტესტები შექმნილი, ეს სამიზნეები აირია და შეიცვალა. ამიტომ არის, რომ პისიარიც კი შეიძლება შეცდეს. ყველაზე ხშირი მიზეზი პისიარის ცდომილების არის ნაცხის აღების ტექნიკა და დღე.“

გიორგი კავკასიძის თქმით, არ არის მნიშვნელოვანი იმის ზუსტად განსაზღვრა დელტა შტამი გვაქვს თუ ომიკრონი:

​ხალხი კითხულობს: ომიკრონი გვაქვს თუ დელტა? რა მნიშვნელობა აქვს?! საქმე გვაქვს კოვიდ-19-თან. მაღალი რისკის ჯგუფებში ომიკრონი იმავე გართულებებს იწვევს, რასაც იწვევდა დელტა. ანტიგენის სწრაფი ტესტი იცით, რომ ცხვირ-ხახიდან იღება. ომიკრონზე კვლევამ აჩვენა, რომ პირის ღრუში გაცილებით ადრე და გაცილებით დიდი რაოდენობით არის ეს ვირუსი, ვიდრე ცხვირის ღრუში.“

„ბევრმა ქვეყანამ ტაქტიკა შეცვალა. კომერციული ტესტები ყველა გათვლილი იყო ცხვირიდან ნაცხის აღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამღები ჩხირი ამისთვისაა, მას მაინც იყენებენ პირის ღრუდან ნაცხის ასაღებად. ორი არედან უნდა აიღო. ჩვენთან, მგონი, უგულებელყოფას უკეთებენ ხახიდან აღებას და მარტო ცხვირიდან იღებენ ნაცხს,“- აღნიშნულ საკითხზე გიორგი კავკასიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად