Baby Bag

„მშობლებისგან ბავშვისთვის ხელში გაჯეტების მიჩეჩების პრობლემა რეალურად არის,“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„მშობლებისგან ბავშვისთვის ხელში გაჯეტების მიჩეჩების პრობლემა რეალურად არის,“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ბავშვების ეკრანდამოკიდებულების პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„გაჯეტი მუდმივად გახსნადია. აქ მუდმივად ახალი რაღაც არის. ბავშვს აინტერესებს და იტაცებს ფერები. ის მომენტი არის, რომ ამის მიმართ ბუნებრივი ინტერესი აქვს და თან ამოუწურავია. იმდენი რაღაც შეიძლება ნახო, რომ ერთ ნივთს მიეჯაჭვო. მეორე არის მშობლებისგან ხელში მიჩეჩება გაჯეტების, რომ თვითონ კარგად იყვნენ. ახალგაზრდა ქალთან რომ მიხვალ და ბავშვს გამოართმევ, თუ გენდობა, უკან კი არ იბრუნებს, ოღონდ ცოტა ხანი დაისვენოს. ეს პრობლემაც რეალურად არის.

თუ ბავშვი ურთიერთობაში მივიდა გაჯეტთან, მშობლებს ეწყებათ ეჭვები, აუტიზმი ხომ არ აქვს. გაჯეტი მიეცი შენ, შენ მოაშორე სოციალურ გარემოს და მერე რატომ გიკვირს ეს, რომ ბავშვს უჭირს საუბრის დაწყება?! თაობა შეიცვალა. თუ თქვენთვის აღმოჩენა იყო გაჯეტი, ამათთვის აღმოჩენა იქნება ურთიერთობა. ზიმბარდო წერდა, რომ თაობები კარგავენ სოციალური ურთიერთობების ჩვევას. ის, რაც ჩემი თაობისთვის კომფორტული იყო, ამათთვის პირიქით არის. სიცილაკებით უნდა გიგზავნო რა ემოციაა. ტექნიკური პროგრესი არ არის კულტურული პროგრესის თანმდევი, ხშირად მას ახლავს რეგრესი.

ჩემი შვილები მე არ დამისვამს გაჯეტებთან, არ მიჩვენებია, არ შემითავაზებია. ნორმის ფარგლებში ჩაიარა ამ პერიოდმა. ბავშვებს ვერ დაუშლით გაჯეტებთან ურთიერთობას. ამას აზრი არ აქვს. ბავშვს აქვს ქცევის შაბლონები. რასაც ხედავს სახლში, იმ ინტერესს გაუჩენ. ჩოგბურთზე შეიყვანე ბავშვი, რაღაც წრეზე მიიყვანე,“- მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „შუადღე Live“ ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე Live”

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად