Baby Bag

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ პანიკურ შეტევასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებზე ისაუბრა:

„პანიკური შეტევა არის ძალიან ხანმოკლე დროში ინტენსიური შიშის განცდა. ადამიანი კარგავს მიწას და არის აბსოლუტურად დაუცველი, ეს იწვევს მასში სიკვდილის შიშს, შიშის შიშს და გაგიჟების შიშს. ერთი შეხედვით ის უმიზეზოდ ჩნდება. იმ დროს არაფერი არ მომხდარა, არის სიმშვიდე თითქოს, სიჩუმე, ჩვეულებრივად ცხოვრობს ადამიანი. შეიძლება იყოს სალონში, იკეთებდეს ფრჩხილებს და დაეწყოს. როდესაც ეს იწყება, ადამიანს აქვს საოცარი მოთხოვნილება, რომ გაიქცეს სახლში. სახლი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ეს არ არის ისეთი შეგრძნებები, რომელსაც ადამიანი შეიძლება ადვილად გაუმკლავდეს.

მას აქვს წინაპირობა, რომელსაც ამოცნობა უნდა. წარმოიდგინეთ ტალღა, რომელიც მოდის. თუ ადამიანმა მოახერხა ტალღაზე დაჯდომა და მასთან ერთად მოძრაობა, ბევრად უფრო გადარჩება, ვიდრე თუ ტალღამ ჩაიხვია და აფორთხიალა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუსწროს ადამიანმა ამ მდგომარეობას. შესაძლებელია მისი ინტენსივობის დაკლება, შესაძლებელია მასთან ერთად ცხოვრება. შესაძლებელია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ამ დროს.

ბევრნაირი გამკლავების მექანიზმი არსებობს. პირველ რიგში, კარგია ფსიქოთერაპია და გაცნობიერება, როგორ მოვიდა აქამდე ადამიანი და რა არის მისი წინაპირობა. კარგია კონტროლირებადი მოძრაობები, თვლა, ცეკვა, მაგრამ უფრო ვარჯიშის მსგავსი, ასევე მოდუნება. კარგია თუ მოახერხებენ იმ შინაარსების ამოთქმას, რომელიც სახელდაურქმეველი და განდევნილია. კარგია ადამიანმა მოახერხოს საკუთარ თავთან კონტაქტი, მეტად შეიცნოს საკუთარი სხეული და შემდეგ დაიწყოს გამკლავების მექანიზმები: ვარჯიში, თვლა, ახალშობილის პოზა და ა.შ.“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.

წყარო:​ „უიქენდი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ - შალვა ამონაშვილი

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ -  შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვების სიზარმაცის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ზარმაცი ბავშვი:

„როგორც წყალი გინდა რომ დალიო და ეძებ, სად დავლიოო, ასე სწავლა ყველას უნდა. არ არის ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდოდეს. არ თქვათ ბავშვი ზარმაციაო, მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის. არ არსებობს ზარმაცი ბავშვი. ბავშვი არის ბუნება და ბუნება არასდროს არ დგას ერთ ადგილზე, ყოველთვის რაღაცას ანგრევს, ყოველთვის რაღაცას აშენებს, მიდის და მიდის წინ.“

„ეს არის ბავშვი! ამ დროს ბავშვს მიაწებო იარლიყო, რომ ზარმაცია, ზანტია, არ უნდა, არასწორია. დედები ხშირად დასმენებით მოდიან: „ჩემი შვილი წიგნს არ იღებს ხელში, საშინაო დავალებას არ ასრულებს.“ სულ დასმენებია. თითქოს რა ცუდები არიან შვილები და თვითონ კარგები არიან. დედით უნდა დაიწყო და მამით!“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად