Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ექიმის რეპუტაცია ვერ აღდგება ვერასდროს ქვეყანაში, სანამ ასეთი ვითარებაა,“- ექიმი, გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა

„ექიმის რეპუტაცია ვერ აღდგება ვერასდროს ქვეყანაში, სანამ ასეთი ვითარებაა,“- ექიმი, გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა

ექიმმა, გასტროენტეროლოგმა ჯაბა ზარქუამ ექიმების მხრიდან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების დანიშვნის პრობლემის შესახებ ისაუბრა:

„არის პრობლემები, რასაც დიდი ლოდინი და საუკუნეების გასვლა არ სჭირდება. ხელის ერთი გაწკაპუნებით შეიძლება მოგვარდეს. წამალი ჭარბად, არასაჭიროდ შეიძლება გამოვიყენოთ ორი მიზეზით: ერთი გახლავთ ცოდნის ნაკლებობა, მეორე - ფინანსური დაინტერესება. უფრო აქტუალური არის მეორე პრობლემა. რაღაც ხომ უნდა იყოს, ექიმის პასუხისმგებლობა რაღაცაში ხომ გამოიხატება?! წამალს თუ ნიშნავთ მაშინ, როდესაც 100 პროცენტით ვიცით, რომ არ არის დასანიშნი, ასე რომ მუშაობს ვიღაც ადამიანი, რომელსაც აქვს ლიცენზია წლებია, სადმე რამე კითხვა ხომ უნდა დაისვას, როგორც მინიმუმ ლიცენზიის შეჩერება დროებით მაინც არ არის მექანიზმი?“

ჯაბა ზარქუას თქმით, პაციენტები ექიმების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო ხშირად ზარალდებიან:

„ვიცით, რომ დაზარალდა პაციენტი უაზრო წამლების გვერდითი მოვლენებით, დაზარალდა დაკარგული დროით, ფინანსებით. დიაგნოზი თავისი გზით მიდის, ამ თამაშ-თამაშში გაიპარა პრობლემა. სახელმწიფო აწესებს თამაშის წესებს. სახელმწიფოა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ექიმიც ცოდნა, განათლება და კეთილსინდისიერება აკონტროლოს. ეჭვი უნდა მივიტანოთ, როდესაც ექიმი ანამნეზს არ კრებს. თუ ექიმს პირდაპირ გამზადებული აქვს სქემა ჩვენთვის, ეჭვი უნდა შევიტანოთ. ექიმის საქმე არ არის პაციენტისთვის მედიკამენტებზე ფასდაკლების შეთავაზება. უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში ხდება, როდესაც 10-ზე მეტი წამალია საჭირო. კოვიდის დროს პაციენტებს უნიშნავენ ისეთ წამლებს, რომლებიც სრულიად არაფერში არ წერია. მედიცინა სადღეგრძელოებზე ხომ არ დგას?!“

„კოვიდის დროს პრობლემაა კვლევების არამართლზომიერი დანიშვნაც. სურდო რომ აქვს ახალგაზრდა, ურისკო ადამიანს და კატეზე რომ უშვებთ, ვინ იხდის ამ ფულს? ამ ქაოსის მოტივია შავი ფული. ეს როგორც მინიმუმ ექიმის მხრიდან არის არაეთიკური. ექიმის რეპუტაცია ვერ აღდგება ვერასდროს ქვეყანაში, სანამ ასეთი ვითარებაა,“- აღნიშნულ საკითხზე ჯაბა ზარქუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად