Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი ნიჭიერია, არ უნდა ამას აფიშირება და ტრაბახი, რომ ჩემი შვილი ასეთია,“- შალვა ამონაშვილი

„თუ ბავშვი ნიჭიერია, არ უნდა ამას აფიშირება და ტრაბახი, რომ ჩემი შვილი ასეთია,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის ნიჭის აღმოჩენისა და მისი შემოქმედებითი უნარების წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელმა შვილის ნიჭიერება უნდა წაახალისოს, თუმცა ბავშვის განსაკუთრებული უნარებით არ უნდა იტრაბახოს:

„მშობლები ისე მიეჩვივნენ თავიანთ ბავშვებს, რომ მარტო ცუდს ხედავენ მათში. ვიღაც ჩივის, რომ ბავშვი ზარმაცია ან მეტისმეტად აზვიადებენ რაღაც პატარას, რომ „ჩემი შვილი გენიოსია.“ ან ერთი აქვთ ხოლმე, ან მეორე. ​თუ ბავშვი ნიჭიერია, არ უნდა ამას აფიშირება და ტრაბახი, რომ ჩემი ბავშვი ასეთია. შეუწყვე ხელი ბავშვს ნივთებით, საგნებით, საუბრებით, რომ ეს ნიჭი უფრო იფურჩქნებოდეს. დრო უნდა ამას. მამამ მეტი დრო მონახოს, დედამ მეტი დრო მონახოს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვზე ერთი კვირის დაკვირვებითაც შეგვიძლია მისი მისწრაფებების და ინტერესების აღმოჩენა:

„ბავშვი გიჩვენებთ ამას, რა აინტერესებს. რომ დააკვირდეთ ბავშვს ერთი კვირის განმავლობაში, დაინახავ, საითკენ უფრო მიისწრაფვის შვილი. თუ ეს ვერ დავინახეთ, ჩვენ ეს არ გვიშლის ხელს, რომ ​შევთავაზოთ სხვადასხვა რამ. რომ დაინახავს ბავშვი, ის უკვე გააკეთებს არჩევანს. როდესაც მაგიდასთან სხედხართ და გაშლილია მაგიდა, შეიძლება არც იცოდეთ, რისი მირთმევა გსურთ, მაგრამ რომ დაინახავთ მაგიდაზე ამ კერძს, მიხვდებით.“

„ადამიანმა ხომ უნდა იხაროს ცხოვრებით. მე რასაც გთავაზობთ ჩემი შემოქმედებით და თქვენ ამას იღებთ, ეს არის ჩემი სიხარულის წყარო. სიხარულის გარეშე აბა რა იქნება ჩვენი ცხოვრება?! შემოქმედება სიხარულის წყაროა. ჩვენთან ცოტა მასწავლებელი ​აღვივებს ბავშვში შემოქმედებით უნარებს. განა იმიტომ, რომ ცოტა მასწავლებელია დაბადებული ამ უნარებით. ჩვენ ვზღუდავთ მასწავლებელს სტანდარტებით, არც იქით უნდა იყოს, არ აქეთ. სისტემა ზღუდავს პედაგოგს. მე არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ ის, ვინც მასწავლებელს ხელმძღვანელობს, მას არ უბიძგებს შემოქმედებითობისკენ. ეშინია კიდეც, თუ მასწავლებელმა შემოქმედებითობა განავითარა, ვაითუ დაარღვიოს სახელმწიფო მოთხოვნები. მასწავლებელთა 15-20 % ყოველთვის უნდა ასცდეს სტანდარტს. სხვანაირად ახალი სტანდარტები როგორ დაიბადება?!“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად