Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მშობლებს არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების" - დიანა ანფიმიადი

,,მშობლებს არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების" - დიანა ანფიმიადი

​,,როგორც მშობელი, ყოველთვის შეიძლება, იყო კრიტიკის ობიექტი", - ამის შესახებ მწერალმა, დიანა ანფიმიადმა გადაცემაში ,,შუადღე" სტუმრობისას ისაუბრა.

,,ყველაზე მთავარია ბალანსი - თან შვილს მისცე უპირობო სიყვარული, შეუქმნა უსაფრთხო გარემო და თან, რაღაცნაირად, ასწავლო, რომ ის თავისუფალი ადამიანია. სხვათა შორის, დამატებითი გამოწვევაა ხოლმე, როდესაც ბავშვს სხვადასხვა ტიპის ინდივიდური განვითარება ერთვის - როდესაც მშობელმა არ იცის, როდის უნდა მისცეს მას თავისუფლება. მაგალითად, როდესაც საქმე გვაქვს აუტიზმთან და ა.შ. აქ უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო. ყველაზე მთავარი, რასაც მშობლები უნდა ვაკეთებდეთ, არის, რომ ყოველი დღე, როგორც მშობლის, იყოს სვლა იმ ნაბიჯისკენ, როდესაც ,,გაუშვებ" შვილს და ის შეიმეცნებს სამყაროს შენ გარეშე. ყველაზე მეტად რაც მშობლებს ჩვენს გარემოში გვეშლება ხოლმე, არის ზუსტად ეს ზღვარი - რომ ჩვენი ეს დაცვის ზღუდე, როგორი თბილი და ტკბილიც უნდა იყოს ის, ნელ-ნელა უნდა გავაფართოოთ და შემდგომ საერთოდ მოვხსნათ. მე მგონია, რომ მშობელი ზუსტად ამ ეტაპზე ,,გადის ფინალში". ეს არის ძალიან რთული საკითხი, ძალიან საშიშიც - სულ ფიქრობ საფრთხეებზე, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, ყოველმა ინდივიდმა თვითონ გაიაზროს თავისუფლება, რომ უნდა გარისკო. 

მშობლებს არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების. საბავშვო ლიტერატურა ამისთვის არის იდეალური სივრცე - ის შეცდომების გააზრების საშუალებას გვაძლევს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩემს შვილს დღეში 15 წუთით, ნახევარი საათით თვალებში ვუყურებ და ვეკითხები მის შესახებ. ვფიქრობ, თუ არის კომუნიკაცია, მაშინ შეცდომებსაც ნაკლებად დავუშვებთ და თუ დავუშვებთ, მაშინვე გამოვასწორებთ", - აღნიშნავს დიანა ანფიმიადი.

წყარო: ,​,შუადღე"

წაიკითხეთ სრულად