Baby Bag

ბავშვს სულ ტელეფონი უჭირავს და თამაშებს თამაშობს, როგორ მოვიქცეთ? - ის, რომ საერთოდ ჩამოვართვათ ეს და დავსაჯოთ, მე არ მიმაჩნია სწორად

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვების სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით მშობლების შეკითხვებს უპასუხა და მათ რეკომენდაციები მისცა:

როგორ უნდა დაძლიოს 11 წლის ბავშვმა სიმაღლის შიში?

პატარა ბავშვებს არ აქვთ სიმაღლის შიში. ამიტომ სულ უკან ვდევთ, რომ არ აცოცდეს ფანჯარაზე, რომ არ მიიდგას სკამი. თუ ბავშვი მაინც ახერხებს ამას, შეკივლებით დავასწავლით ხოლმე, რომ ეს ძალიან სახიფათოა და საშიშია. ასეთ დროს უფროსი ადამიანი უნდა იყოს ბავშვის გვერდით, უფროს ადამიანს უნდა ჰქონდეს სიმყარე და მას არ უნდა ჰქონდეს ამის შიში. ბავშვს არ უნდა ვაიძულოთ, რომ ეს სწრაფად გადალახოს. ნაბიჯ-ნაბიჯ შეგიძლიათ თქვენთან ერთად გადაძლიოს ეს ბევრჯერ ერთი და იმავეს გამეორებით.

ბავშვს სულ ტელეფონი უჭირავს და თამაშებს თამაშობს, როგორ მოვიქცეთ?

ეს ონლაინ თამაში რა შინაარსის არის, ვნახოთ. თუ ბავშვს გარემო არ სთავაზობს რაიმე უფრო საინტერესოს, სწორედ მაშინ გარბიან ადამიანები მისგან. თუ ბავშვი თამაშობს თამაშს, რომელშიც არის ტანკი, საინტერესოა, რა მოსწონს მას ამ ტანკებში? იქნებ ვინმე ელაპარაკოს სამხედრო საქმეზე, იქნებ ასეთი ტიპის ინფორმაციებით აღჭურვოთ ბავშვი, რომ ეს თავისი თამაში თვალსაწიერის გაფართოებისთვისაც გამოვაყენებინოთ. მთავარია, რომ ეს არ ხდებოდეს მთელი დღე, მთლიანად არ შეიწოვოს ამ თამაშმა ბავშვი. ის, რომ საერთოდ ჩამოვართვათ ეს და დავსაჯოთ, მე არ მიმაჩნია სწორად.

როგორ ვუშველო უნიჭიერეს, მაგრამ ზარმაც შვილს, გამოცდებზე პრობლემები არ ექმნება, დაჯდება და წინა დღეს სწავლობს...

თუ ბავშვი დაჯდება, გამოცდის წინა დღეს სწავლობს და პრობლემები არ ექმნება, არ ჰქონია პრობლემა. რა გინდათ მაშინ? გამოიყენოს უნიჭიერესმა ადამიანმა დრო სხვა რამეების ათვისებისთვის. მარტო გაკვეთილები ხომ არ არის სამყაროში საინტერესო?! თუ პრობლემა ექმნება, მაშინ სხვაა, მაგრამ პრობლემა არ ექმნება ბავშვს და თუ ეს მაინც არის ჩვენი პრობლემა, ეს არასწორია.

წყარო:​ REDMED • რედმედი

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?  - თემაზე ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვი არასდროს არ უნდა შევადაროთ სხვას:

,,სწავლასთან დაკავშირებული შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გვჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. ფსიქოლოგები ეძახიან „სენდვიჩის“ მეთოდს, როცა ჯერ ვაქებთ, შემდეგ ვეუბნებით რა არ მოგვწონს და ბოლოს, კიდევ ვაქებთ. არასდროს არ  უნდა შევადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ - „შენ გუშინწინ ამას ვერ აკეთებდი და ახლა ნახე რა კარგად აკეთებ, ყოჩაღ!“, „შეხედე, ეს ნაწერი სჯობს ასე იყოს, მოდი კიდევ სცადე“, ამას სჭირდება მოთმინება და არა გაღიზიანება. „ცუდია“ - არ უნდა ვუთხრათ, რადგან შესაძლოა ყველანაირი სურვილი დაკარგოს, რომ ხელმეორედ გააკეთოს, რადგან ბავშვის დემოტივირება ძალიან მარტივია,'' - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ,,ტელესკოლა''

წაიკითხეთ სრულად