Baby Bag

,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან ფაღავა

,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან ფაღავა

,,​ბავშვი რომ იბადება, მის წინ არის მთელი ცხოვრება. მშობლების, საზოგადოების ამოცანაა, რომ ის იყოს მაქსიმალურად განვითარებული, მაქსიმალურად მოხდეს მისი თვითრეალიზება", - ამის შეხახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა, ყარამან ფაღავამ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" განაცხადა.

,,მილიარდობით ნეირონი არის ტვინში, მათ შორის კავშირებია. ყოველი ახალი შთაბეჭდილება, ყოველი ახალი სტიმულაცია, ხედი, საგანი, მოფერება და ა.შ. ამ ნეირონებს შორის განაპირობებს გაღვივებას და ასე ხდება ბავშვი უფრო მეტად გონიერი, აქტიური. ამიტომაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესებს. თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება, ჩვეულებრივი ამბავია - ორგანო, რომელიც არ მუშაობს, იწყებს დაკნინებას. მინდა, მშობლებმა და საზოგადოებამ არ დაივიწყოს, რომ პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია. სამწუხარო ტენდენციას აქვს ადგილი - ერთი, რომ დემოგრაფიულად ვმცირდებით და მეორე - კულტურული კოდის ელემენტები მცირდება.  წინათ ქართული ახალგაზრდობა არ დადიოდა ექსკურსიებზე. ახლა შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ სამშვილდეში ვიყავი და იქ რამდენიმე ქართული ჯგუფი იყო. ეს კარგია, მაგრამ ბავშვებს  უფრო მეტი უნდა ვაჩვენოთ, მოვასმენინოთ, ველაპარაკოთ, მოვუყვეთ... სიცოცხლის პირველ დღეებში, პირველ თვეებში, წლებში და, თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლის პერიოდშიც კი რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად ცნობიერში იქნება შენახული.

ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილი იყოს ბედნიერი, გონიერი, წარმატებული, ჯანმრთელი და, ამავე დროს, გვინდა, რომ იყოს პატრიოტი. ადრე ვიყავი ახლობელ ოჯახში. იქ იყვნენ 4 და 5 წლის გოგონები. ოთხი წლის გოგონა გაბრაზდა ყველაზე, არც მამა მინდა, არ დედა მინდა, ჩემს თოჯინასთან ვიქნებიო. ერთი წლის უფროსმა დამ ჰკითხა - როგორ, სამშობლოც არ გიყვარსო?  ნახეთ, როგორ არის განმსჭვალული პატრიოტიზმის გრძნობა - როგორ შეიძლება, სამშობლო არ გიყვარდეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ ამ მიმართულებით", - აღნიშნა ყარამან ფაღავამ.

წყარო: ​,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მნიშვნელობა აქვს მშობლისთვის თავისუფალ დროს?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე საუბრობს მშობლისთვის თავისუფალი დროის მნიშვნელობაზე.

ძალიან ბევრი მშობელი, განსაკუთრებით კი დედები, მთელს თქვენს დროს უთმობთ ბავშვს და არ გრჩებათ დღის განმავლობაში თუნდაც ნახევარი საათი იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ, დაკავდეთ საყვარელი და სასურველი აქტივობის კეთებით. ხშირად ისეც ხდება, რომ თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სანდო პირისთვის ბავშვის დატოვებას და მეგობრებთან ერთად ერთი საათით სადმე წასვლას, მოსდევს ხოლმე დანაშაულის განცდა, რომ ეს ძვირფასი დრო საკუთარ შვილს მოაკელით. შედეგი კი არის ის, რომ ძალიან ხშირად ხართ ემოციურად დაღლილი, დაძაბული და გაღიზიანებული. 

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მაგალითი თქვენი შვილისთვის. ამიტომ ბავშვმა უნდა ნახოს, რომ თქვენ არ გაქვთ მხოლოდ მშობლის როლი, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი როლი ცხოვრებაში, გაქვთ თავისუფალი, აქტიური, საინტერესო, მრავალფეროვანი ცხოვრების უფლება და სურვილი. 

დაიწყეთ იმით, რომ, როდესაც ბავშვს სძინავს, ეს დრო მაინც არ გამოიყენოთ ხოლმე საოჯახო საქმეები კეთებისთვის (როგორც ხშირად ხდება ხოლმე). დაუთმეთ ეს დრო საკუთარ თავს, გააკეთეთ ის, რისი კეთებაც გსიამოვნებთ, რა თქმა უნდა, რის შესაძლებლობასაც გარემოება მოგცემთ. ასევე, კვირის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ ეცადეთ, რომ ნახოთ მეგობრები. დაუტოვეთ ბავშვი თქვენთვის სანდო პირს და წადით მეგობრებთან ერთად რამდენიმე საათით გასართობად, განსატვირთად.

როგორც კი გაიხსენებთ, რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ მშობელი, ნახავთ, რომ თქვენს შვილს ბევრად უფრო ხალისიანი, პოზიტიური და ენერგიული მშობელი ეყოლება. ის დრო, რომელსაც ბავშვს დაუთობთ და ბავშვთან ერთად გაატარებთ, ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება.

წაიკითხეთ სრულად