ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:
„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.
ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.