Baby Bag

„შესაძლებელია, რამდენიმე საათში თითქოს უმნიშვნელო სიმპტომი დრამატულად განვითარდეს და მთელი რიგი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს,“- პედიატრი ეკა უბერი

„შესაძლებელია, რამდენიმე საათში თითქოს უმნიშვნელო სიმპტომი დრამატულად განვითარდეს და მთელი რიგი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს,“- პედიატრი ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ექვს თვემდე ასაკის ბავშვებში ცხვირის გაჭედვის რისკებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ აღნიშნული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართონ:

„შევთანხმდეთ, რომ თუნდაც მინიმალური სიმპტომი, მაგალითად, სურდო, ჩვილობის ასაკში, ექვს თვემდე განსაკუთრებით საყურადღებოა. როდესაც ცხვირის გაჭედილობაა და ცხვირით სუნთქვა უჭირს ახალშობილს, შესაბამისად მოდის მთელი რიგი პრობლემები და პირველ რიგში, კვების პრობლემები. ბავშვს უჭირს ყლაპვა და საკვების მიღება.“

„შესაძლებელია, რამდენიმე საათში თითქოს უმნიშვნელო სიმპტომი დრამატულად განვითარდეს და მთელი რიგი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს, როგორც მშობელი, ასევე ექიმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექვს თვემდე ასაკის ბავშვთან პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე დედამ ოჯახის ექიმთან დაამყაროს კავშირი. მინიმალური სიმპტომიც კი საყურადღებოა ასაკიდან გამომდინარე. სხვა რესპირაციული ვირუსებიც არსად არ წასულა. განსაკუთრებით საყურადღებოა გრიპის ვირუსი და რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, რომელიც ახალშობილებსა და ორ წლამდე ასაკის ბავშვებში საკმაოდ მძიმე გართულების, ბრონქიოლიტის განვითარების მიზეზად შეიძლება იქცეს. ეს არის სუნთქვის გაძნელების ერთ-ერთი უხშირესი ფაქტორი,“- აღნიშნულ საკითხზე ეკა უბერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ხშირად მოგვისმენია: „ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ“, რაც, თითქოს, სასუნთქი გზების სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის თავის მართლების საშუალებაა, რომ გადამდები არ არიან და გარშემომყოფებს მათი არ უნდა ეშინოდეთ''

,,ხშირად მოგვისმენია: „ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ“, რაც, თითქოს, სასუნთქი გზების სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის თავის მართლების საშუალებაა, რომ გადამდები არ არიან და გარშემომყოფებს მათი არ უნდა ეშინოდეთ''
,,ხშირად მოგვისმენია: „ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ“, რაც, თითქოს, სასუნთქი გზების სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის თავის მართლების საშუალებაა, რომ გადამდები არ არიან და გარშემომყოფებს მათი არ უნდა ეშინოდეთ'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გაციების შესახებ საუბრობს. MomsEdu.ge მის ნათქვამს უცლელად გთავაზობთ:

,,ტერმინი „გაცივება“ არსებობს, გამოიყენება ინგლისურ ენაშიც (common cold). რა თქმა უნდა, „გაცივება“ გარკვეულწილად ხელს უწყობს იმუნური პასუხის შესუსტებას, მაგრამ საბოლოო როლს მაინც ინფექციური დაავადებები ასრულებს, ანუ ადამიანს „გაცივების“ სიმპტომების დროს რომელიმე ინფექციური დაავადება აქვს, ძირითადად ვირუსული და ჩვეულებრივ, გადამდებია. ყველაზე ხშირად ამ დროს ადგილი აქვს რინოვირუსულ ინფექციას, რომლის დროსაც ძირითადად აღინიშნება სურდო, ყელის ტკივილი, ხველა. ტემპერატურის მომატება შეიძლება იყოს, თუმცა ეს სიმპტომი ზოგჯერ არ არის გამოხატული.

ამ დროს სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია, რომ გარშემომყოფები დავიცვათ და არასწორია, რომ „გაცივება“ გადამდები არ არის.

ზოგადად, ჩვენთან ინფექციური დაავადებების როლს ხშირად არ ანიჭებენ მნიშვნელობას. მაგალითად, ხშირია ასევე გამონათქვამი „ფეხები გამიცივდა და შარდის ბუშტის ანთება დამემართა“. სიცივემ შეიძლება შარდვის გახშირება მართლაც გამოიწვიოს, მაგრამ საშარდე გზების ინფექცია ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებაა და მას იწვევს ბაქტერიები და არა დაბალი ტემპერატურა.

ასევე ხშირად გავიგებთ, რომ ადამიანი საკვებით მოიწამლა. ამ დროსაც ხშირად არ არის გაცნობიერებული, რომ უმრავლეს შემთხვევაში საქმე სწორედ დიარეით მიმდინარე ინფექციურ დაავადებებთან გვაქვს. შესაძლებელია, ბაქტერიები სწორედ საკვებიდან იყოს გადაცემული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ინფიცირების წყარო საკვები სულაც არ არის და ინფექციის გადაცემა სწორედ ადამიანიდან ადამიანზე ხდება. თუმცა უკავშირებენ რომელიღაც კონკრეტულ საკვებს და ეს ზოგჯერ სულაც არ არის მართალი.

ამიტომ დიარეული დაავადებების დროსაც უკიდურესად მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ გარშემომყოფებს, ზედმიწევნით დავიცვათ ჰიგიენა (მათ შორის ხელის ხშირად დაბანა) და არ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს „მოწამვლაა“ და არა ინფექცია.

მოკლედ, მარტო კოვიდი არ არის ამქვეყნად პრობლემა და უამრავი სხვა, გადამდები ინფექციური დაავადება არსებობს. ამიტომ, მარტო კოვიდის გამორიცხვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სიმპტომების შემთხვევაში მაქსიმალურად არ უნდა დავიცვათ სიფრთხილე და ამით ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 


წაიკითხეთ სრულად