Baby Bag

„ბავშვები როდესაც არც ბაღში დადიან, არც სკოლაში, ჰგონიათ, რომ შეიძლება რეჟიმი ძალიან არიონ,“- პედიატრი მაია ხერხეულიძე რუტინის მნიშვნელობაზე

„ბავშვები როდესაც არც ბაღში დადიან, არც სკოლაში, ჰგონიათ, რომ შეიძლება რეჟიმი ძალიან არიონ,“- პედიატრი მაია ხერხეულიძე რუტინის მნიშვნელობაზე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერების საშუალებებზე ისაუბრა და ბალანსირებული კვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„საკვები უნდა იყოს ბალანსირებული. თუ ბავშვი ჩვილია, ის უნდა იკვებებოდეს ძუძუთი კვებით. ეს არის უნიკალური, შეუცვლელი საკვები ბავშვისთვის. მასში ძალიან მაღალია ანტისხეულების რაოდენობა. გახსოვდეთ, რომ ეს მართლა შეუცვლელი დაცვაა თქვენი ბავშვისთვის. მოზრდილი ბავშვი უნდა ვკვებოთ მრავალფეროვანი საკვებით. მნიშვნელოვანია, მან მიიღოს ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისთვის: ცილა, სწორი ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები. ვიტამინები მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს იმუნიტეტის ფორმირებასა და ჩვენს იმუნურ პასუხში. ხილის და ბოსტნეულის მოხმარება ერთმნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ცოცხალი მეგობარი ბაქტერიები. ჩვენს ორგანიზმში და ნაწლავში განსაკუთრებით, არის ჩვენი მეგობარი ბაქტერიები. ხშირად მას მედიკამენტის სახითაც ვიღებთ ხოლმე. ეს მეგობარი ბაქტერიები დიდ როლს ასრულებენ იმუნიტეტის ფორმირებაში. ამიტომ მაწონი, რძემჟავა პროდუქტები, რძის პროდუქტები, იოგურტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. კვლევაც არის, რომ ისინი ვირუსულ ინფექციებს ამცირებენ.“

„დღის რეჟიმის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ძილის რეჟიმი უნდა დავიცვათ. ახლა როდესაც ბავშვები არც ბაღში დადიან, არც სკოლაში, ჰგონიათ, რომ შეიძლება რეჟიმი ძალიან არიონ. ესეც გავითვალისწინოთ, რომ რაღაც რუტინა ოჯახში უნდა გვქონდეს. თავიდან ავიცილოთ სტრესი. მესმის, შიში გვაქვს, მაგრამ ვეცადოთ, რომ დავგეგმოთ გარკვეული აქტივობები, რომელსაც ბავშვთან ერთად შევასრულებთ. ვეცადოთ, ბავშვი სოციუმიდან არ მოვწყვიტოთ,” - აღნიშნა მაია ხერხეულიძემ.

წყარო:​ გააძლიერე იმუნიტეტი / აქციე წესად

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად