Baby Bag

ჯანდაცვის ორგანიზაციის 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში გლაუკომით დაავადებულია 76 მილიონი ადამიანი

ჯანდაცვის ორგანიზაციის 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში გლაუკომით დაავადებულია 76 მილიონი ადამიანი

გლაუკომის კვირეულთან დაკავშირებით „ნიუ ჰოსპიტალსი“ ატარებს გლაუკომის პაციენტთა სკოლის შეხვედრებს. ღონისძიების მიზანია დაავადების ცნობადობის ამაღლება, რადგან მნიშვნელოვანია გლაუკომის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე და რაც მთავარია, მხედველობის შენარჩუნება. პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ უფასო კონსულტაცია ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან და სპეციალური პირობებით ჩაიტარონ კვლევა „დიოფსისის“ აპარატზე, რომელიც მსოფლიო ლიდერია თვალის ელექტროფიზიოლოგიურ დიაგნოსტიკაში.

გლაუკომის სიმპტომებზე, მის ადრეულ დიაგნოსტიკაზე და მკურნალობის მეთოდებზე​ MOMSEDU.GE-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ოფთალმოქირურგი ​მარიამ გოლოვაჩოვა.

- რა არის გლაუკომა და რა სიმპტომებით ხასიათდება?

მარიამ გოლოვაჩოვა: „გლაუკომა“, როგორც ტერმინი, აერთიანებს თვალის დაავადებათა დიდ ჯგუფს. ამ დროს ვითარდება მხედველობითი ფუნქციების გლაუკომისთვის დამახასიათებელი დარღვევები, თვალშიდა წნევა მუდმივად ან პერიოდულად აღემატება ტოლერანტულ (ინდივიდუალურ ასატან) მაჩვენებლებს. ასევე ვითარდება მხედველობის ნერვის დისკოს და ბადურას განგლიური უჯრედების დამახასიათებელი დაზიანება (გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია).

პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა არის ქრონიკული, პროგრესირებადი, შეუქცევადი ნეიროპათია, სიბრმავის პოტენციური განვითარებით. წინა საკნის კუთხე ღიაა, იწვევს მხედველობის ნერვის სარტყლის და ნერვული ბოჭკოების შრის დაკარგვას. რისკფაქტორებია: თვალშიდა წნევის მაჩვენებლები და ასაკი.

რაც შეეხება სიმპტომებს, გლაუკომა უმეტესად ასიმპტომატურია. პაციენტები მოგვმართავენ უკვე განვითარებულ სტადიაზე. დაავადება უმეტეს შემთხვევაში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. პაციენტებისგან ვიგებთ, რომ უჩივიან მხედველობის პერიოდულ დაბინდვას, ცისარტყელას მსგავს რგოლებს ნათურის გარშემო და ცრემლდენას.

- რა რისკ-ფაქტორები არსებობს და როგორ ხდება მისი ადრეული დიაგნოსტირება?

მარიამ გოლოვაჩოვა: „რისკ-ფაქტორებიდან უმნიშვნელოვანესია გენეტიკური წინასწარგანწყობა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანებში, ვისაც აქვს გლაუკომის ოჯახური ისტორია. ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭიროა თვალის რეგულარული გამოკვლევა, სკრინინგი. პაციენტებმა, რომლებიც არიან 40 წლის ზემოთ, წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები და გაიარონ კონსულტაცია. გლაუკომიანი პაციენტი ოფთალმოლოგთან ვიზიტზე უნდა მივიდეს წელიწადში მინიმუმ 2-4-ჯერ, ხოლო ჯანმრთელი ადამიანი - წელიწადში 3-ჯერ.

ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია დაავადების მართვისთვის და მხედველობის შენარჩუნებისთვის. ელექტროფიზიოლოგიური კვლევები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იქამდე დაისვას დიაგნოზი, სანამ კლინიკური დაზიანება გამოვლინდება, შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე დავიწყებთ მკურნალობას. რუტინული კვლევებია - ტონომეტრია, გონიოსკოპია, ვიზომეტრია, ბიომიკროოფთალმოსკოპია. ამის გარდა, ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დადასტურებისთვის სასურველია მაღალტექნოლოგიური კვლევები - თვალის ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, ლაზერული ტომოგრაფია, კომპიუტერული პერიმეტრია, მხედველობის ნერვის კონფოკალური ლაზერული ტომოგრაფია“.

- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და რა შემთხვევაშია საჭირო ქირურგიული ჩარევა?

მარიამ გოლოვაჩოვა: „მკურნალობას ვიწყებთ მედიკამენტოზური თერაპიით (ჰიპოტენზიური). გლაუკომის მკურნალობა მიმართულია თვალშიდა წნევის დაქვეითებაზე, თითოეული პაციენტისთვის თვალშიდა წნევის ზედა ზღვარი ინდივიდუალურია და შესაბამისად, სამიზნე წნევაც განსხვავდება, აქ მნიშვნელოვანია გლაუკომის ფორმა და სტადია. პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თვალიდან წყალწყალა ნამის განდევნას და პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ წყალწყალა ნამის წარმოქმნას, ჩვენებების და უკუჩვენებების მიხედვით უნდა დაინიშნოს ექიმი ოფთალმოლოგის მიერ.

თუ მედიკამენტოზური თერაპია არაეფექტურია, საჭირო ხდება ლაზერული ქირურგია: ტრაბეკულოპლასტიკა, ციკლოფოტოკოაგულაცია, ირიდოტომია. ლაზერული ქირურგიის არაეფექტურობის შემთხვევაში კი ანტიგლაუკომატოზური სხვადასხვა ტიპის ოპერაციებით, რაც დამოკიდებულია გლაუკომის ფორმაზე: ტრაბეკულექტომია, ტრაბეკულოტომია, არაგამჭოლი ღრმა სკლერექტომია, სხვადასხვა ტიპის სადრენაჟო სისტემების გადანერგვა და სხვ.“

ექიმის თქმით, თანდაყოლილი გლაუკომის დროს, პირველადი არჩევის მკურნალობა ქირურგიული ჩარევაა. გამონაკლისების გარდა, ქირურგიული ჩარევა ტარდება ამბულატორიულ პირობებში. თანდაყოლილი გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა ტარდება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში.

ქირურგიული ჩარევა მიზნად ისახავს, მოწესრიგდეს თვალშიდა წნევა, შეიქმნას გზა წყალწყალა ნამის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება, ანტიგლაუკომატოზურ ოპერაციას, მიზანია თვალშიდა წნევის დაქვეითება სამიზნე წნევის მაჩვენებლამდე, რითაც შენელდება ან შეჩერდება ოპტიკური ნერვის დაზიანება და მოხდება მხედველობითი ფუნქციების შენარჩუნება.

- როგორც ვიცი, გლაუკომის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ატარებთ გლაუკომის პაციენტთა სკოლის შეხვედრებს. ღონისძიების შესახებ რომ გვიამბოთ.

მარიამ გოლოვაჩოვა: „ნიუ ჰოსპიტალსში“, შეგიძლიათ დაესწროთ შეხვედრას. თქვენ მიიღებთ პასუხს ყველა კითხვაზე გლაუკომის, მისი ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ. გლაუკომის კვირეული ტარდება მარტის თვეში, ამ დაავადების ცნობადობის ასამაღლებლად, რომელიც მსოფლიოს გლაუკომის ორგანიზაციის ინიციატივით იმართება, ვინაიდან მნიშვნელოვანია მოხდეს გლაუკომის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე და მხედველობის შენარჩუნება“.

ვის შეუძლია დასწრება?

მარიამ გოლოვაჩოვა: „ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. აქციაზე მოსვლა შეუძლიათ 40 წლის ზემოთ ადამიანებს.

- ექნებათ თუ არა საშუალება მსურველებს გაიარონ კონსულტაცია ოფთალმოლოგთან?

მარიამ გოლოვაჩოვა: „დიახ, რა თქმა უნდა, პაციენტებს ჩაუტარდებათ კონსულტაცია, დიაგნოსტირებისთვის გამოყენებულ იქნება უახლესი, ულტრათანამედროვე აპარატურა. ამავდროულად, შესაძლებელია ფასდაკლებით ჩატარდეს ელექტროფიზიოლოგიური კვლევა „დიოფსისის“ აპარატით, კომპიუტერული პერიმეტრია, მხედველობის ნერვის დისკის კონფოკალური ლაზერული ტომოგრაფია“.

R.

„სარქველი სარქველში“ - საქართველოში ურთულესი კარდიოქირურგიული პროცედურა ჩატარდა
65 წელს გადაცილებულმა პაციენტმა ჩვეული ფიზიკური აქტივობის შეზღუდვით ექიმს მიმართა. 10 წლის წინ ქირურგიული წესით ჰქონდა აორტის სარქველი გამოცვლილი, ბიოლოგიური სარქველი ეყენა, რომელმაც ეფექტურობა დაკარგ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პასუხი გასცა ერთ-ერთი მშობლის კითხვას. მშობელი ღელავდა, რომ მისი შვილები დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევდნენ, რაც მათ მადას უქვეითებდა და სხვა სახის საკვებისადმი გულგრილს ხდიდა. ევგენი კომაროვსკის პასუხს ჩვენს სტატიაში უცვლელად გთავაზობთ:

ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის, ​ხილი ერთ-ერთ ყველაზე ბუ​ნებრივ და ამავე დროს სასარგებლო საკვებს წარმოადგენს. პირველყოფილი ადამიანისთვის ხილი თითქმის ერთადერთი საკვები პროდუქტი იყო, სწორედ ამიტომ ჩვენთვის ხილი დღემდე გემრიელ და ჯანსაღ საკვებად რჩება.

თუ ბავშვი ბევრ ხილს მიირთმევს, მის რაციონში არ შედის შაქრის დანამატების შემცველი პროდუქტები, შოკოლადი და სხვა ტკბილეული, მაგრამ ამავე დროს ის ნორმალურად იზრდება, ვითარდება, ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, მას ხილის რაოდენობა არ უნდა შეუზღუდოთ. ბავშვმა იმდენი ხილი უნდა მიირთვას, რამდენიც სურს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ​ბევრი ხილის მირთმევა ბავშვს მადას უქვეითებს და ის დღის განმავლობაში სხვა საკვების მიღებაზე უარს აცხადებს? თუ ბავშვი შეწყვეტს ბოსტნეულის, თევზის, ხორცის მიღებას და მხოლოდ ხილით დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რაციონის კორექცია აუცილებელია. როგორც ყოველთვის, ოქროს შუალედის დაცვა აქაც მნიშვნელოვანია.

​სრულფასოვან საუზმესა და სრულფასოვან სადილს შორის ბავშვები თუ ბევრ ხილს მიირთმევენ, ეს მათ მხოლოდ სარგებელს მოუტანს და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ამ შემთხვევაში ნუ შეუზღუდავთ ბავშვს ხილის რაოდენობას. მთავარია, რომ საუზმის შემდეგ ხილის მიღებამ ბავშვს ხელი არ შეუშალოს სრულფასოვანი სადილის მიღებაში.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად