Baby Bag

„ეს არის ჩამონათვალი იმ საკვების, რომელიც კატეგორიულად არ არის მისაღები გულისთვის,“- კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე

„ეს არის ჩამონათვალი იმ საკვების, რომელიც კატეგორიულად არ არის მისაღები გულისთვის,“- კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე

კარდიოლოგმა არჩილ ჩუხრუკიძემ გულისთვის სასარგებლო და საზიანო საკვები პროდუქტების შესახებ ისაუბრა:

„საზოგადოდ ცნობილია, რომ არის საკვების ჩამონათვალი, რომელიც გულისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგალითად, თევზი, ხილი, ბოსტნეული, ქათამი. არის ჩამონათვალი საკვების, რომელიც კატეგორიულად არ არის მისაღები გულისთვის, მაგალითად, ცხვრის ხორცი, ღორის ხორცი, სოსისები, ძეხვი და მსგავსი პროდუქტები. თევზის ყველანაირი სახეობა და ზღვის პროდუქტების ყველანაირი სახეობა, პირიქით, ძალიან კარგია გულისთვის. სამწუხაროდ, ხომ იცით ჩვენი მოხმარების წესი. მამაკაცები ძირითადად სად დადიან? სახინკლეში. თევზის რესტორანში იშვიათად დადიან. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის ქვეყანა ვართ, სამწუხაროდ, ჩვენთან თევზის მოყვარულთა რიცხვი მაღალი არ არის.

ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ, რაღაც ასაკის მერე რისკ-ფაქტორების ქონის შემთხვევაში, თუ გულ-მკერდის უკან აქვთ მოჭერითი ხასიათის, წვის, მოხრჩობითი ხასიათის ტკივილი, უფრო ყურადღებით იყონ და მიაქციონ ყურადღება, რომ ეს გული არ იყოს. ეს კლასიკური ვარიანტია, როდესაც ადამიანი შეიძლება დაფიქრდეს. სტენოკარდიას აქვს სხვაგვარი გამოვლინებები. გვყავდა პაციენტები, რომლებსაც თავის ტკივილი აღენიშნებოდათ, ტკივილი თითების მიდამოში, ზედა ყბის ტკივილი, ტკივილი მუცლის მიდამოში. ესეც შეიძლება გულიდან იყოს. ამიტომ ოჯახის ექიმიც უნდა იყოს ყურადღებით. შემდეგ კარდიოლოგს მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ დიფერენცირება მოახდინოს, არის თუ არა ეს გულიდან. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც კუჭის ტკივილით მივიდა პაციენტი გასტროენტეროლოგთან და შემდგომ კარდიოგრამაზე აღმოჩნდა ინფარქტი,“ - მოცემულ საკითხზე არჩილ ჩუხრუკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა იცოდეთ, როცა ბავშვის რაციონში თევზის ჩართვას აპირებთ

რა უნდა იცოდეთ, როცა ბავშვის რაციონში თევზის ჩართვას აპირებთ
თევზი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, თუმცა მისი ყველა სახეობა ამ მხრივ ერთნაირი სულაც ​არ არის. ბავშვის რაციონში თევზის ჩართვას მშობლები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს ბავშვი, რომელიც მისი ასაკისა და ორგანიზმისთვის შეუფერებელ პროდუქტს მიირთმევს. ვერცხლისწყლით მოწამვლის შემთხვევების რიცხვის ზრდამ მშობლების შიშები გააორმაგა. მართალია, ბავშვთა კვებაში გამოსაყენებელი თევზის შერჩევისას დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, მაგრამ ზედმეტი პანიკა საჭირო ნამდვილად არ არის.

თევზის მიერ ბავშვის ორგანიზმისთვის მოტანილი სარგებელი, მისი მირთმევით გამოწვეულ პოტენციურ რისკებს ბევრად აღემატება. ჯანმრთელობის გარკვეული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად კი, საჭიროა, უკეთ გაეცნოთ ბავშვთა კვების პრინციპებს. ჩვენს სტატიაში გესაუბრებით თევზის იმ ნაირსახეობებზე, რომლებიც თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წამოადგენენ. ისწავლეთ თევზის სწორად შერჩევა და შიში დაივიწყეთ. თუ უსაფრთხო პროდუქტს შეიძენთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი ნამდვილად არ მიადგება.

თევზის რომელი სახეობები ითვლება უსაფრთხოდ?

თევზების გარკვეული სახეობები დიდი რაოდენომით მეთილმერკურს შეიცავს. მეთილმერკური ვერცხლისწყლის ნაირსახეობაა, რომლის დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის მომწამვლელია და ტვინის უჯრედების დაზიანებას იწვევს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მეთილმერკური ისეთი თევზების ორგანიზმში გვხვდება, რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ და აღნაგობითაც დიდები არიან, მაგ. ზვიგენი, ხმალთევზა და ა.შ. მსგავსი სახეობის თევზებით ადამიანი არ იკვებება.

თევზის ზოგიერთი სახეობა ვერცხლისწყალს მიზერული რაოდენობით შეიცავს და მისი მიღება აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ჩვილი ბავშვებისთვის, ასევე ორსული ქალბატონებისა და მეძუძური დედებისთვისაც. თევზი და ზღვისპროდუქტები, რომლებიც ვერცხლისწყალს მცირე რაოდენობით შეიცავს, შემდეგია: ორაგული, ტილაპია, ზღვის ქორჭილა, ლოქო, ხამანწკები და კრევეტები.

რა რაოდენობის თევზის მირთმევა ითვლება ნორმად?

ბავშვის ორგანიზმმა თევზის პროდუქტების მიღებით სარგებელი რომ ნახოს, თქვენს შვილს თევზი კვირაში 2-3-ჯერ მაინც უნდა მისცეთ. ყურადღება მიაქციეთ ულუფების მოცულობას, რადგან ბავშვს მოზრდილის ულუფას თუ მისცემთ, ამით მის ჯანმრთელობას მხოლოდ ზიანს მოუტანთ:

  • 6 წლამდე ბავშვებმა კვირაში 130-150 გრამამდე თევზი უნდა მიიღონ
  • 6-8 წლამდე ასაკის ბავშვს 180 გრამამდე თევზი მიეცით
  • 9 წლის ასაკიდან კი ბავშვს კვირაში 300-400 გრამამდე თევზი უნდა მისცეთ

დაიმახსოვრეთ, რომ ულუფების მოცულობა განსხვავებულია მდინარეში, ტბაში ან არხში დაჭერილი თევზის შემთხვევაში. თუ ბავშვს მდინარის ან ტბის თევზს აძლევთ, 6 წლამდე ასაკის პატარას ულუფის მოცულობა 60-80 გრამამდე შეუმცირეთ, უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებს კი 90-100 გრამამდე თევზი უნდა მისცეთ. თუ ბავშვს აღნიშნული ტიპის თევზს აჭმევთ, იმავე კვირაში სხვა სახის თევზის მიწოდება ნებადართული არ არის.

რა უნდა ვიცოდეთ თინუსის შესახებ?

დაკონსერვებული თინუსის მირთმევა ყველას ძალიან უყვარს, რადგან მის მომზადებაში ბევრი დრო არ იხარჯება და გემოც შესანიშნავი აქვს. უბრალო თუ გრძელფარფლიანი თინუსის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი გროვდება. უბრალო თინუსი გრძელფარფლიანთან შედარებით ნაკლებ საზიანოა, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა რომელ მათგანს ჩართავთ ბავშვის კვების რაციონში, ნებისმიერ შემთხვევაში სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. თუ ბავშვს თინუსს აჭმევთ, ზემოთ შემოთავაზებული ულუფების მოცულობა 2-ჯერ მაინც უნდა შეამციროთ.

რატომ უნდა ჩავრთოთ თევზი ბავშვის საკვებ რაციონში?

თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს ჯანსაღ ცილებს, რკინასა და მინერალებს. ანჩოუსები, ორაგული და სარდინები დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს. ეს სასარგებლო ცხიმი კი ტვინის უჯრედების განვითარებასა და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ზოგიერთი სახეობის თევზი, მაგ. ორაგული ვიტამინ D-საც შეიცავს.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს თევზი?

თევზი ყველა ბავშვისთვის საყვარელი საკვები პროდუქტი ნამდვილად არ არის. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს შვილს მისი მირთმევა არ სიამოვნებს, მოიძიეთ სხვადასხვა რეცეპტები და თევზის გემრიელი კერძები ხშირად მოამზადეთ. ბავშვს რომელიმე მათგანი აუცილებლად მოეწონება. 
მომზადებულია parents.​com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად