Baby Bag

„როდესაც წყალს ვავლებთ, ადრეული ასაკის გოგონა უნდა დავიკავოთ ზურგზე,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„როდესაც წყალს ვავლებთ, ადრეული ასაკის გოგონა უნდა დავიკავოთ ზურგზე,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის სწორად დაბანის წესებზე ისაუბრა:

„თქვენ გინახავთ, როდესაც ბავშვი უნდა დაბანოს მშობელმა, მოყვანილი ჰყავს 3 დამხმარე, 2 მედდა, დედა, დედამთილი და იწყება დაბანა. სჯობს იყოს ერთი დამხმარე - დედა ან მეუღლე. როდესაც არ იქნება დიდი რაოდენობით ხალხი ჩართული, არანაირ ტრავმას ბავშვს ჩვენ არ მივაყენებთ. ბავშვს წყალში ტანი უნდა ჩავაყოფინოთ სრულად და თავი დავუჭიროთ.

ადრეული ასაკის ბავშვი უნდა დაიბანოს დღეში ერთხელ. დაბანის დროს ბავშვის დაჭერის მანერაში არანაირი განსხვავება არ არის გოგოსა და ბიჭს შორის, მაგრამ როდესაც წყალს ვავლებთ, იმისთვის, რომ ადრეული ასაკის გოგონებში არ განვითარდეს საშარდე გზების ინფექცია, ბავშვი უნდა დავიკავოთ ზურგზე და ვეცადოთ, რომ ჭიპიდან პირიქით ქვემოთ ჩავბანოთ, რომ უკან არსებული ფეკალიები ზემოთ არ ამოვიტანოთ. რაც შეეხება ბიჭს, როგორც გინდათ ისე ჩაბანეთ. ბანაობის შემდეგ შეგვიძლია ბავშვს 2-3 ლიტრა წყალი გადავავლოთ და ამ დროს გოგონა უნდა დავიკავოთ ამ პოზაში.

ბავშვისთვის უნდა შევარჩიოთ საპონი, რომელიც თვალს არ წვავს. ბავშვს ჩვეულებრივად ამშრალებთ. კარგად გაამშრალეთ ყურის უკანა ნაწილი, ნაკეცები და შორისის მიდამოები. ყური ბავშვს უნდა გამოწმინდოთ ჩვეულებრივი ბამბის ტამპონით და არა ყურის ჩხირებით,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ გადაცემაში „თქვენი კლინიკა“ ისაუბრა.

წყარო:​ „თქვენი კლინიკა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა დავბანოთ ახალშობილი სწორად - რჩევები მშობლებს ჩვილების ჰიგიენისთვის

როგორ უნდა დავბანოთ ახალშობილი სწორად - რჩევები მშობლებს ჩვილების ჰიგიენისთვის

,,​ჩვილის დაბანის პროცესი უნდა იყოს ყოველდღიური და ამას ვწყვეტთ ბავშვის თვისებების მიხედვით - ბანაობის პერიოდი ჩავსვათ დღის პირველ - თუ მეორე ნახევარში. არიან პატარები, რომლებიც ბანაობის შემდგომ გადადიან რელაქსაციის ფაზაში, მშვიდდებიან, იძინებენ - შესაბამისად, მათთან ბანაობა იგეგმება დღის მეორე ნახევარში, საღამოს, ძილის წინ. ეს განსაკუთრებით ისეთ ბავშვებთან, რომლებსაც აწუხებთ კოლიკა. ბავშვები, რომლებიც უფრო აქტიურები ხდებიან ბანაობის შემდეგ, დღის პირველ ნახევარში უნდა დავბანოთ", - ამის შესახებ პედიატრმა, ანა მაღრაძემ ,,იმედის დილაში" ისაუბრა. 

,,ახალშობილობის ასაკში, როდესაც ბავშვი ახლადგამოყვანილია სამშობიარო სახლიდან, პირველ დღეებში არ ვხმარობთ ხოლმე დასაბან გელს - ვიყენებთ მხოლოდ თბილი წყლის აბაზანებს ან გვირილას, ორკბილას. აუცილებელია, აყვანის დროს დაფიქსირებული გვქონდეს კისრის მიდამო, ხოლო ბანაობის მომენტში სასურველია პირიქით - ბავშვი იყოს გულ-მკერდით ქვემოთ, როდესაც მას უკანა მხარეს ვბანთ - მხრები უნდა უფარებოდეს წინ. ცერა თითით ვაფიქსირებთ თავს, ხოლო დანარჩენი თითით - ზურგის მიდამოს, რათა ბავშვი არ ჩავარდეს წყალში. 

ვიყენებთ მხოლოდ ხელს ან ძალიან რბილ ღრუბელს, რათა არ დაზიანდეს ბავშვი კანი. წყალი უნდა იყოს ბავშვის მხრებამდე. ბოლოს ამოგვყვანს წყლიდან და გადადუღებულ, 37 გრადუს ტემპერატურაზე გაგრილებულ წყალს ვავლებთ მთლიანად ახალშობილს. როგორც ვიცით, თუ ყოველდღიურ რეჟიმში ოთახის ტემპერატურა შეიძლება, იყოს 19-დან 24 გრადუსამდე, ბანაობის დროს, განსაკუთრებით პირველ დღეებში, სასურველია, იყოს 22-24 გრადუსი. წყლიდან ამოყვანისას ახალშობილი სწრაფად გადაგვყავს გასამშრალებლად, რადგან მასში სხეულის ტემპერატურა ძალიან არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურის ცვალებადობაზე. ჩაცმაც უნდა მოხდეს მინიმალურ დროში.

რატომღაც, ყიფლიბანდი მშობლებისთვის არის საშიში უბანი. რეალურად, ასე არ არის, თუ არ მოხდა უხეში ტრავმატიზირება. სხვა შემთხვევაში, ყიფლიბანდის დაზიანებას ასე მარტივად, გამშრალების პროცედურის დროს ვერანაირად ვერ მოახდენთ. ჯობს, პირსახოცი დაბლა დააფინოთ და შეფუთოთ ახალშობილი. სასურველია, პირსახოციც იყოს თბილი. მნიშვნელოვანია ნაოჭების კარგად გამშრალება", - გვირჩევს ანა მაღრაძე.

წყარო: ​,,იმედის დილა" 

წაიკითხეთ სრულად