Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მიკვირს, როდესაც თვლიან, რომ საფუარი ცუდია, პური უნდა შედიოდეს კვების რაციონში,“ - გასტროენტეროლოგი გელა სულაბერიძე

„მიკვირს, როდესაც თვლიან, რომ საფუარი ცუდია, პური უნდა შედიოდეს კვების რაციონში,“ - გასტროენტეროლოგი გელა სულაბერიძე

გასტროენტეროლოგმა გელა სულაბერიძემ კვების რაციონში პურის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სჯობს, წინა დღის, გამომშრალი პური მივირთვათ:

„ყველას ვურჩევდი, რომ კვებაში დაამატონ პური, დაამატონ წინა დღის გამომშრალი პური, რომელიც კუჭის წვენს, რომელიც გაძლიერებულად გამოიყოფა, შეიწოვს. ეს წვენი აღარ იმოქმედებს ლორწოვანზე, აგრესიული ფაქტორი აღარ იქნება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მარცვლეული, პური, თან წინა დღის პური არის საჭირო.“

გელა სულაბერიძის თქმით, საფუარის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არასწორია:

„რატომღაც მიკვირს, როდესაც ითვლება და ძალიან ბევრი თვლის, რომ საფუარი ცუდია. საფუარის გამოგონება არის დიდი მიღწევა კაცობრიობის. საფუარით გაფუებული და მერე კარგად გამომცხვარი პური კარგი პროდუქტია. პურს, მოგეხსენებათ, ყოველდღიურად არ აცხობდნენ. მთელი კვირის განმავლობაში იყენებდნენ. ეს არის საოცარი პროდუქტი, რომელიც ყველა დაავადების გამწვავებისგან დაიცავს ადამიანებს.“

„პური უნდა შედიოდეს რაციონში. პროდუქტები უნდა მიიღოს ადამიანმა, მაგრამ პურთან ერთად. ძალიან ბევრი თვლის, რომ პურს არ იღებს და ამით კარგს აკეთებს. ეს არაფრით გამართლებული არ გახლავთ. მარცვლეულის ქერქი და მასში არსებული მცენარეული ბოჭკო არის საუკეთესო პრებიოტიკი. ამისთვისაც პურის და განსაკუთრებით რუხი პურის გამოყენება ძალიან საშური და ძალიან კარგი საქმეა. სწორედ მაწონი და ფერმენტირებული რძის პროდუქტებით დაიწყო პრობიოტიკების ერა. ეს არის განსაკუთრებით კარგი პროდუქტი, რომ ადამიანმა ხარისხიანად და დიდხანს იცოცხლოს,“ - აღნიშნულ საკითხზე გელა სულაბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: „​პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად