Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სწორად შერჩეული კონტრაცეპტივი ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა,“ - რეპროდუქტოლოგი თეა ჩარკვიანი

რეპროდუქტოლოგი თეა ჩარკვიანი „სხვა შუადღეში“ სხვადასხვა სახის კონტრაცეპტივის და მათი გვერდითი ეფექტების შესახებ საუბრობს:

„ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მხოლოდ აბები არ არის. კონტრაცეფცია, პირველ რიგში, ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტისთვის შემუშავდა. კონტრაცეფციის ბევრი საშუალება არსებობს. მათ შორის არის ორალურად მისაღები აბები, რომლებიც ასევე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. არის კომბინირებული აბები, რომლებიც ესტროგენისა და პროგესტერონის ანალოგებს შეიცავს. არის მხოლოდ პროგესტერონის პრეპარატები. ჰორმონალური პრეპარატები, შეიძლება იყოს როგორც კანქვეშა იმპლანტის, ასევე საშვილოს ყელის ხუფების, რგოლების სახით. რგოლებს ერთთვიანი მოქმედება აქვს. მექანიკური საშუალებები ყველასთვის ფართოდ არის ცნობილი, ვგულისხმობ პრეზერვატივს. ასევე პოპულარულია საშვილოსნოს შიდა მექანიკური საშუალებები, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ჰორმონშემცველი. ოჯახის დაგეგმარება შეიძლება გარკვეული ფიზიოლოგიური კალენდრის გამოყენებით.“

თეა ჩარკვიანის თქმით, კონტრაცეპტივებს სამკურნალო დანიშნულებაც აქვთ:

„ორალური, ჰორმონალური კონტრაცეპტივები დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება, მაგ. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დროს, ჭარბთმიანობის პრობლემებისას, ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული კანის პრობლემების დროს, ენდომეტრიუმის ადენოკარცინომის პრევენციისთვის.”

„ინსულინიც ჰორმონია, მაგრამ ინსულინის არ დანიშვნა შაქრიანი დიაბეტის დროს სავალალო შედეგებს გამოიწვევს. სწორად შერჩეული კონტრაცეპტივი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ჰორმონ შემცველი მედიკამენტების დანიშვნა არ არის რეკომენდებული იმ ქალებისთვის, რომლებიც მწეველები არიან.კონტრაცეპტივმა მწეველ ქალებში, შესაძლოა, ღრმა ვენების თრომბოზი გამოიწვიოს. არ არის რეკომენდებული ორალური კონტრაცეპტივების მიღება ჰიპერკოაგულაციის ან ვენების უკმარისობის მქონე ქალბატონებისთვის. ორალური კონტრაცეფცია არის ჰორმონ შემცველი კონტრაცეპტივები. მექანიკური კონტრაცეფცია ნაკლებად უკუნაჩვენებია. პრეზერვატივის ერთადერთი უკუჩვენება ლატექსის მიმართ ჰიპერმგრძნობელობაა. ამ მხრივ უსაფრთხოა სპირალიც. ის ჰორმონი, რომელსაც სპირალი გამოიმუშავებს, სისტემაში არ გადადის, მოქმედებს ადგილობრივად,“ -აღნიშნავს თეა ჩარკვიანი.

წაიკითხეთ სრულად