Baby Bag

რამდენ წელიწადში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილს უნაყოფობის პრობლემა აქვს?- მეან-გინეკოლოგი თეა ჩარკვიანი

რამდენ წელიწადში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილს უნაყოფობის პრობლემა აქვს?- მეან-გინეკოლოგი თეა ჩარკვიანი

მეან-გინეკოლოგმა თეა ჩარკვიანმა უშვილობის პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში ითვლება, რომ წყვილი უნაყოფოა:

„როგორია უნაყოფობის დეფიცინია? როდესაც დაუცველი სქესობრივი კონტაქტის თავის არიდების გარეშე არ დგება ორსულობა ერთ წელიწადში, ვამბობთ, რომ არის უნაყოფობა. 35 წლიდან და ზემოთ უკვე 6 თვის შემდეგაც კრიტიკულია. საუბარი გვაქვს რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებაზე. ამ დროს წყვილმა უკვე უნდა მიმართოს ექიმს.

აუცილებლად ტარდება კვლევები. დასადგენია, რა არის უნაყოფობის მიზეზი. კვლევების ჩატარების შემდეგ მათზე მორგებული ინდივიდუალურად განპირობებული სქემით უნდა წავიდეთ და მკურნალობის გარკვეული ეტაპი უნდა შევთავაზოთ. იმისთვის, რომ ორსულობა დადგეს, მილები გამტარი უნდა იყოს, სპერმა კარგი უნდა იყოს. კარგად შეკრებილი ანამნეზი უკვე ნახევარი მკურნალობაა. ჩვენ მედიკოსები ვართ და ეს ყველამ ვიცით. ანამნეზი შეიძლება ვიღაცისთვის დამატებითი კვლევების საჭიროება გახდეს. დაიგეგმება, რა სჭირდება წყვილს,“ - მოცემულ საკითხზე თეა ჩარკვიანმა „TV პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო:​ „ოჯახის ექიმი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამჟამად ბავშვებში რამდენიმე ვირუსია გავრცელებული ერთმანეთის პარალელურად,“ - პედიატრი ნანა რურუა რესპირატორული ვირუსების გააქტიურების შესახებ

„ამჟამად ბავშვებში რამდენიმე ვირუსია გავრცელებული ერთმანეთის პარალელურად,“ - პედიატრი ნანა რურუა რესპირატორული ვირუსების გააქტიურების შესახებ

პედიატრმა ნანა რურუამ ბავშვებში რესპირატორული ვირუსების გააქტიურების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში რამდენიმე რესპირატორული ვირუსია აქტიური:

„მთელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ კორონავირუსის არსებობა გვახსოვდა. სინამდვილეში სხვა ვირუსებიც არსად წასულა. მას შემდეგ, რაც გაიხსნა ყველაფერი, ამ ვირუსების რაოდენობამ მოიმატა. ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ვირუსი. არის გრიპის შემთხვევებიც. კლინიკური სურათი, შესაძლოა, იყოს სხვადასხვანაირი, მაგალითად: კონიუნქტივიტი, სურდო, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ფაღარათი, ცხელება. ამჟამად ბავშვებში რამდენიმე ვირუსია გავრცელებული ერთმანეთის პარალელურად. ამის მიხედვით კლინიკური სურათი განსხვავებულია. ყველასთვის დამახასიათებელია ცხელებით მიმდინარეობა, სურდოს და ხველის თანხლებით, რომელიც საშუალოდ 3-5 დღე გრძელდება და წესით მკურნალობის გარეშე თავისით უნდა დამთავრდეს.

პედიატრები სულ ვცდილობთ მშობელს დავასწავლოთ გაარჩიოს, სად არის რთული და სად მსუბუქი შემთხვევა. რესპირაციული ვირუსების დროს საყურადღებო ნიშნებია ქოშინი, სუნთქვის გაძნელება და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. 39 სიცხე არ არის საშიში ცხელება. შესაძლოა, ბავშვს არ ჰქონდეს მაღალი ცხელება, მაგრამ მისი ზოგადი მდგომარეობა იყოს ცუდი. ეს უფრო საშიშია. მხოლოდ ცხელება არ განიხილება საგანგაშო ნიშნად. კიდევ ერთი, რაც შეიძლება ძალიან საყურადღებო იყოს, არის სითხის მიღების შეუძლებლობა.

ვირუსების უფრო მძიმე პიკი ყოველთვის იყო ხოლმე გაზაფხულზე. უჩვეულო არ არის მარტსა და აპრილში ვირუსების რაოდენობის მომატება,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა რურუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად