Baby Bag

„სოკო არის ნორმალური ფლორა და მას არ სჭირდება მკურნალობა, თუ ის ქალს არ აწუხებს,“- მეან-გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი

„სოკო არის ნორმალური ფლორა და მას არ სჭირდება მკურნალობა, თუ ის ქალს არ აწუხებს,“- მეან-გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი

მეან-გინეკოლოგმა მანანა მგალობლიშვილმა სოკოვანი ინფექციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოკოს მხოლოდ იმ შემთხვევაში სჭირდება მკურნალობა, როდესაც ის ქალისთვის შემაწუხებელია და კლინიკური გამოვლინება აქვს:

„ზღვის წყლიდან ინფექციის გადადება არ ხდება. ეს არის მითი, გამორიცხულია, რომ ასეთი რამ მოხდეს. ზღვა არის არაჩვეულებრივი, ბუნებრივი ანტისეპტიკი. თუ ბასეინი მოვლილი არ არის და ჭუჭყიანია, არ არის უსაფრთხო. თუ ის სტანდარტებს შეესაბამება, არაფერი არ გადადის ბასეინზეც.

ზღვაზე ან ბასეინზე სველი საცვალი აცვიათ ადამიანებს, სასქესო ორგანოები ნოტიო მდგომარეობაშია. ამასთან მაღალი ტემპერატურაც ხელს უწყობს სოკოს გააქტიურებას. ქალბატონებს ხშირად უკვირთ ხოლმე, როდესაც ვეუბნები, რომ სოკო არის ნორმალური ფლორა. ზოგიერთი ამბობს, რომ სოკოს ვმკურნალობ, ვმკურნალობ და ვერაფრით ვერ განვიკურნე. ეს არის ნორმალური ფლორა. სოკოს არ სჭირდება მკურნალობა, თუ ის ქალს არ აწუხებს. მცირე გამონადენი არის ნორმალური.

სოკო სამკურნალოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქვს კლინიკური გამოვლინება, წვა, ქავილი. ქალის საშოსთვის სოკო ნორმალური ფლორაა. რაც შეეხება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, ნებისმიერ ინფექციას, რომელსაც ქალთან ვმკურნალობთ, უნდა ვუმკურნალოთ მამაკაცებთანაც,“- მოცემულ საკითხზე მანანა მგალობლიშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად