Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„1 წლამდე ბავშვი ორთოპედის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს” - ამირან შარაბიძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ტრავმატოლოგ-ორთოპედი

„1 წლამდე ბავშვი ორთოპედის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს” - ამირან შარაბიძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ტრავმატოლოგ-ორთოპედი

ბავშვთა ორთოპედიაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების ნაადრევ დიაგნოსტირებას, რადგან მკურნალობის ტაქტიკას ხშირად განსაზღვრავს მისი დაწყების დრო. ორთოპედიული დაავადებები შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი, ამასთან ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების აღმოჩენა ვერ ხდება დაბადებისთანავე და მის გამოვლინებას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, 1 წლის ასაკამდე ბავშვი ორთოპედის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

თემის ირგვლივ ​MOMSEDU.GE „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ტრავმატოლოგ-ორთოპედ ამირან შარაბიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:

- როდის უნდა დაიგეგმოს პირველი ვიზიტი ორთოპედთან?

ამირან შარაბიძე: „თუ ბავშვს აქვს თანდაყოლილი ორთოპედიული დაავადება და/ან დატვირთული ანამნეზი და წარმოადგენს რისკ-ჯგუფს, ორთოპედთან ვიზიტი უნდა დაიგეგმოს დაუყოვნებლივ, სამშობიაროდან გამოწერისთანავე. სხვა შემთხვევაში 2-3 თვის ასაკში, ამ პერიოდში კლინიკური სურათის შევსება შესაძლებელია ექოსკოპიური კვლევით, რაც პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა.“

- რა სახის კვლევებია საწყის ეტაპზე აუცილებელი?

ამირან შარაბიძე: „კლინიკური გასინჯვის გარდა, საჭიროა ინსტრუმენტული კვლევებიც, ყველაზე ადრე ინფორმატიული ღირებულება გააჩნია ექოსკოპიას, უფრო მოგვიანებით, დაახლოებით 6 თვიდან კეთდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სხვა უფრო ღრმა კვლევები, მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა.

- რა ძირითადი ორთოპედიული პრობლემები ვლინდება ბავშვთა ასაკში?

ამირან შარაბიძე: „ბავშვთა ასაკი იყოფა ქვეკატეგორიებად. ახალშობილებისთვის აქტუალურია თანდაყოლილი დაავადებები, მაგალითად ტერფმრუდობა, სინდაქტილია, პოლიდაქტილია, სხვა და სხვა თანდაყოლილი მალფორმაციები, უფრო მოგვიანებით დისპლაზიები, ზრდა-განვითარების დარღვევები, მოზრდილებისთვის ბრტყელტერფიანობა, ტანდეგობის დარღვევა, სკოლიოზი, ოსტეოქონდროპათიები და სხვა.“

- რა შეიძლება იყოს ორთოპედიული პრობლემების გამომწვევი მიზეზები?

ამირან შარაბიძე: „ორთოპედიული პრობლემები, ისევე როგორც მისი გამომწვევი შესაძლო მიზეზები მრავალგვარია. ესშეიძლება იყოს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ორსულობის დროინდელი მიზეზები, სამშობიარო ტრავმები, ინფექციები, ოსტეოქონდროპათიები, მალფორმაციები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადება.“

- რა გამოვლინებები აქვს ორთოპედიულ პრობლემებს? რას უნდა მიაქციოს მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება

ამირან შარაბიძე: „მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს სხეულის ნებისმიერ ასიმეტრიას, იქნება ეს ხერხემლის თუ კიდურების დონეზე, მოძრაობის შეზღუდვას მსხვილ სახსრებში, სიარულის მანერას, დეფორმაციის არსებობას, ადვილად დაღლას.“

- როგორია ორთოპედიული დაავადების მკურნალობის გზები?

ამირან შარაბიძე: „ორთოპედიული დაავადების მკურნალობა ორი, ქირურგიული და კონსერვატიული გზით და/ან მათი კომბინაციით ხდება. უნდა აღინიშნოს რომ ორთოპედიული პრობლემის უმრავლესობა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროების და მის მოსაგვარებლად კონსერვატიული მკურნალობა ან უბრალოდ სწორი რეჟიმის შერჩევაა საკმარისი.“

- როგორ შეიძლება ორთოპედიული პრობლემების პრევენცია?

ამირან შარაბიძე: „ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტული და ზოგადად სწორი ფიზიკური დატვირთვის შერჩევა, სწორი კვება, პრობლემის არსებობის შემთხვევაში მისი ნაადრევი გამოვლენა და დროული ჩარევა უმეტესად დადებით შედეგს იძლევა.“

R. 

წაიკითხეთ სრულად