Baby Bag

„სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება,“ - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ორსულებში პოლივიტამინების პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, არის თუ არა საჭირო მათი მიღება:

„აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ემსახურება მულტივიტამინები და ზოგადად ვიტამინები. ეს არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომელიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება ამინომჟავებად. ეს ამინომჟავები უნდა გადავიდეს ნაყოფთან და ნაყოფის ორგანიზმში უნდა აშენდეს ახალი ცილები. ორსულის მიერ მიღებული ხორცის ნაჭერიც იშლება და ის ხელახლა აეწყობა ბავშვის ორგანიზმში. პოლივიტამინები ემსახურება ამ ცილის სწორად ჩალაგებას. უნდა იყოს საშენი მასალა, აგურები, რომელსაც ხელოსანი კარგად დაალაგებს თავის ადგილას.

თუ ორსულმა არ მიიღო სრულფასოვანი კვება, თუ არ მიიღო ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები, რომლებიც საჭიროა მისთვის, ვიტამინები რას ჩაალაგებს?! ვიტამინების ათვისება საკვებში არსებული შემცველობით გაცილებით უკეთესად ხდება. ცხოველური საკვები შეიცავს ყველა, ოცივე ამინომჟავას. მცენარეული შეიცავს მხოლოდ -10-ს. დარჩენილი 10 ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური საკვებით შეგვიძლია მივიღოთ. სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება.

არის სეზონები, როდესაც ვიტამინების ბუნებრივი შემცველობა საკვებში შემცირებულია. ეს არის გაზაფხულის პერიოდი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მხოლოდ ამ თვეებში ვუყურებ მე ტოლერანტულად საკვებთან ერთად პოლივიტამინების მიღებას. მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ მიიღოს ჯანსაღი საკვები საკმარისი რაოდენობით და ორგანიზმი თვითონ მოახერხებს ყველაფრის თავის ადგილზე დასმას, ამინომჟავის, ნახშირწყლის სწორად მიწოდებას ბავშვთან. ბავშვის ზრდაც სწორად განხორციელდება დამატებული პოლივიტამინების გარეშე,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​როგორ უნდა იკვებოს ორსულმა? - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები

​როგორ უნდა იკვებოს ორსულმა? - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როგორ უნდა იკვებოს ორსულმა? - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

ჯანსაღი საკვები წარმოადგენს აუცილებელ პირობას ორსულის ყოველდღიური რაციონისთვის. ჯანმრთელი და დაბალანსებული საკვები მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენ და თქვენი ნაყოფი იყოთ უზრუნველყოფილი ორსულობის განმავლობაში.

​საკვები, რომლითაც იკვებებით, წარმოადგენს თქვენი ნაყოფის ძირითად საკვებ პროდუქტს, ამიტომ აუცილებელია მიიღოთ ყველა საჭირო პროდუქტი.

​„უნდა იკვებოთ ორის მაგივრად“ - ეს გამონათქვამი ამ სიზუტით და პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღიქვათ. რეალურად თქვენ და ნაყოფს გჭირდებათ მეტი მიკრონუტრიენტი და მაკრონუტრიენტი.

​მიკრონუტრიენტი - ეს არის დიეტური კომპონენტი, როგორიცაა ვიტამინები და მინერალები.

​მაკრონუტრიენტები - ეს საკვები ნივთიერებებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმს კალორიებითა და ენერგიით. ვსაუბრობთ ნახშირწყლებზე, ცილებსა და ცხიმებზე.

​ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შესაძლებელია შესაბამისი საკვების მიღებით, როგორებიცაა:

  • ცილები
  • ნახშირწყლები
  • ომეგა -3
  • ვიტამინები და მინერალები

​რა უნდა მივირთვათ და რა რაოდენობით?

​პირველ ტრიმესტრში უნდა იკვებოთ ჩვეულებრივად, მეორე ტრიმესტრში დღიურად 350 კალორიით მეტი, მესამე ტრიმესტრში კი დღიურად უნდა მიიღოთ 450 კალორიით მეტი. მიიღეთ ხილი, ბოსტენული და ცილები როგორებიცაა - ქათამი, თევზი.

​ცილები
- მათ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა ნაყოფის ზრდა-განვითარებაში, უზრუნველყოფენ ნაყოფის ქსოვილებისა და ორგანოების სწორ განვითარებას. დღიურად უნდა მიიღოთ 70-100გრ. ცილა. ცილის შემცველ პროდუქტებს მიეკუთვნება:

  • საქონლის ხორცი
  • ქათამი
  • ორაგული
  • თხილეული
  • არაქისის კარაქი
  • ხაჭო

​კალციუმი
- ხელს უწყობს ნაყოფის ძვლების გამაგრებას.

​ორსულს სჭირდება 1000 მგ. კალცი დღიურად. ორსულობის გარკვეულ ვადებზე დაგჭრდებათ მისი მიღება მედიკამენტის სახით.

​კალციუმის შემცველი პროდუქტებია:

  • რძე
  • იოგურტი
  • ყველი
  • თევზი
  • კრევეტები
  • თინუსი

​ფოლატები
- ცნობილი, როგორც ​ფოლიუმის მჟავა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაყოფის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში. ორსულობის 12 კვ. ვადამდე ფოლიმუს მჟავა აუცილებლად უნდა მიიღოთ მედიკამენტის სახით. ორსულობის დანარჩენ მანძილზე კი საკვები პროდუქტებით, როგორებიცაა:

  • ღვიძლი
  • თხილეული
  • არაქისი
  • კვერცხი
  • ხილი და ბოსტენული
  • მარცვლეული
  • ლობიო

​რკინა
- მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმისთვის ჟანბადის მიწოდებაში. დღიურად 27 მგ. რკინას უნდა იღებდეთ. მას მიიღებთ ისეთი საკვებიდან, როგორებიცაა:

  • ციტრუსები
  • ბოსტნეული
  • საქონლის ხორცი
  • ლობიო
  • კვერცხი
  • ქათამი

​ზემოთ ჩამოთვლილ საკვებ მინერალებთან ერთად აუცილებელია წყლის ზომიერი რაოდენობით მიღება.
 

​გისურვებთ ჯანმრთელობას!
წაიკითხეთ სრულად