Baby Bag

„სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება,“ - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ორსულებში პოლივიტამინების პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, არის თუ არა საჭირო მათი მიღება:

„აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ემსახურება მულტივიტამინები და ზოგადად ვიტამინები. ეს არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომელიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება ამინომჟავებად. ეს ამინომჟავები უნდა გადავიდეს ნაყოფთან და ნაყოფის ორგანიზმში უნდა აშენდეს ახალი ცილები. ორსულის მიერ მიღებული ხორცის ნაჭერიც იშლება და ის ხელახლა აეწყობა ბავშვის ორგანიზმში. პოლივიტამინები ემსახურება ამ ცილის სწორად ჩალაგებას. უნდა იყოს საშენი მასალა, აგურები, რომელსაც ხელოსანი კარგად დაალაგებს თავის ადგილას.

თუ ორსულმა არ მიიღო სრულფასოვანი კვება, თუ არ მიიღო ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები, რომლებიც საჭიროა მისთვის, ვიტამინები რას ჩაალაგებს?! ვიტამინების ათვისება საკვებში არსებული შემცველობით გაცილებით უკეთესად ხდება. ცხოველური საკვები შეიცავს ყველა, ოცივე ამინომჟავას. მცენარეული შეიცავს მხოლოდ -10-ს. დარჩენილი 10 ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური საკვებით შეგვიძლია მივიღოთ. სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება.

არის სეზონები, როდესაც ვიტამინების ბუნებრივი შემცველობა საკვებში შემცირებულია. ეს არის გაზაფხულის პერიოდი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მხოლოდ ამ თვეებში ვუყურებ მე ტოლერანტულად საკვებთან ერთად პოლივიტამინების მიღებას. მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ მიიღოს ჯანსაღი საკვები საკმარისი რაოდენობით და ორგანიზმი თვითონ მოახერხებს ყველაფრის თავის ადგილზე დასმას, ამინომჟავის, ნახშირწყლის სწორად მიწოდებას ბავშვთან. ბავშვის ზრდაც სწორად განხორციელდება დამატებული პოლივიტამინების გარეშე,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვაქცინა ისევე უსაფრთხოა ბავშვებისთვის, როგორც ის უსაფრთხოა მოზრდილებისთვის,“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

„ვაქცინა ისევე უსაფრთხოა ბავშვებისთვის, როგორც ის უსაფრთხოა მოზრდილებისთვის,“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მოზარდების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის ვაქცინა უსაფრთხოა:

„პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ვაქცინა არის სრულად უსაფრთხო იმ პოპულაციისთვის, რომელშიც ის დაშვებულია, მათ შორის მოზარდებისთვისაც. ეს დაამტკიცა ბევრმა კვლევამ. ამის მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველამ გაიგოს, ვაქცინა ისევე უსაფრთხოა ბავშვებისთვის, როგორც ის უსაფრთხოა მოზრდილებისთვის.“

ალექსანდრე გოგინავას თქმით, საქართველოში, სავარაუდოდ, ბავშვების ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი იქნება:

„რა თქმა უნდა, როგორც მოზრდილ მოსახლეობაში გვაქვს ცუდი მაჩვენებელი, სამწუხაროდ​, ვფიქრობ, რომ ბავშვების ვაქცინაციის ტემპიც არ იქნება მაღალი და იქნება დაბალი. ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლებთან მუშაობა. მათ უნდა ავუხსნათ, რომ შვილებისა და ჩვენი თავის დასაცავად, უნდა ჩავიტაროთ აქტიურად ვაქცინაცია.“

​რატომ არის აუცილებელი მოზარდების ვაქცინაცია? სასწავლო წლის ჩვეულ რეჟიმში განახლებამ გამოიწვია სწრაფადვე ეპიდსიტუაციის გაუარესება. სკოლებში, სხვადასხვა სასწავლებლებში მობილობის გაზრდა პანდემიურ ვითარებაში იწვევს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. თუ ჩვენ ამ სეგმენტშიც კარგად ჩავატარებთ ვაქცინაციას, ეს ხელს შეუწყობს პანდემიის დროულად დასრულებას. ბავშვებში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება ვირუსი მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ეს უკვე დადგენილია, რომ პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია ყველა ასაკობრივ ჯგუფში აქტიურად ჩავატაროთ ვაქცინაცია,“ - აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Euronews Georgia 

წაიკითხეთ სრულად