Baby Bag

„ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის,“- დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ დაზიანებული კანისა და ზედაპირული ჭრილობების დამუშავების წესებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანზე არცერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბრილიანტის მწვანეს გამოყენება:

„როდესაც კანი ზიანდება და ჭრილობა არ არის ღრმა, უნდა მოხდეს ჭრილობის გარეცხვა გამდინარე სუფთა წყლით. თუ ანტისეპტიკური საშუალება არ გვაქვს, შესაძლებელია ამ ადგილის ჩვეულებრივი საპნით დაბანაც. ამ გარეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დამუშავება. შესაძლებელია ეს ადგილი ბინტის გამოყენებით შევუხვიოთ ადამიანს, შესაძლებელია გამოვიყენოთ ბეტადინი, იგივე იოდი. იოდიც ანტისეპტიკური საშუალებაა. ადამიანს არ ექნება წვის შეგრძნება.

რა არ უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ხშირია ძალიან ბრილიანტის მწვანეს გამოყენება. ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის, მათ შორის არც ნაკბენის შემთხვევაში. ეს არის საბჭოთა მედიცინაში ცნობილი და პოპულარული საშუალება, რომელსაც იყენებდნენ. რატომ არ არის სწორი მისი გამოყენება? ის აშრობს კანს. მას აქვს გამოშრობის ეფექტი და ჩვენ პირიქით, დატენიანება გვჭირდება. ჭრილობის შემთხვევაში შეხორცების დასაჩქარებლად და ნაწიბურის პრევენციისთვის, პირიქით, უნდა დავატენიანოთ კანი. ერთ-ერთი უნივერსალური და საუკეთესო საშუალება არის თეთრი ვაზელინი. მისი გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ზედაპირული ჭრილობის დატენიანებისთვის. შეხორცების პროცესი რომ დაჩქარდეს, პირიქით, უნდა მოხდეს კანის დატენიანება. ბრილიანტის მწვანე პირიქით, ხელს უწყობს, რომ გამოაშროს კანი,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი მეუღლე არის ჩემზე ცხრა წლით უმცროსი. ალბათ, არ უნდა ვთქვა, მაგრამ მჯერა, რომ ქალი არის თავისუფალი,“ - თეა წულუკიანი

„ჩემი მეუღლე არის ჩემზე ცხრა წლით უმცროსი. ალბათ, არ უნდა ვთქვა, მაგრამ მჯერა, რომ ქალი არის თავისუფალი,“ - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მეუღლისა და ქალიშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქალიშვილთან მეგობრული და თბილი ურთიერთობა აქვს:

„ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი 42 წლის ასაკში შემეძინა, ეს ძალიან დიდი წყალობაა ღვთის. ამიტომ მგონია, რომ უფრო მარტივად შევძელი კარგი დედობა. 20-25 წლის ასაკში, მგონია, რომ საშინელი დედა ვიქნებოდი. არ მგონია, რომ ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად ვიქნებოდი. მეამაყება, რომ მიუხედავად ამ სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და კავშირის გაჩენა, რაც დედაშვილობასა და მშობლობაში ადრეული ასაკიდან არის უმნიშვნელოვანესი, რომ ზემდგომი იერარქივით კი არ ექცეოდე შვილს, არამედ იყო თანასწორი მეგობარი. ამავდროულად მნიშვნელოვანია მას გაუჩნდეს სურვილი, რომ მოგისმინოს.“

თეა წულუკიანის თქმით, ის თვალს უსწორებს იმ დიდ ტვირთს, რასაც ღირსეული მშობლობა ჰქვია:

„მგონია, რომ შეძლებისდაგვარად თვალს ვუსწორებ იმ დიდ ტვირთს, რასაც ჰქვია ღირსეული მშობლობა. ვატყობ, რომ თუ ზედმეტად დიდხანს დარჩა ჩემს გარეშე, დამცინავი ხდება ხოლმე. ამ ბოლო დროს დამცინავი ხმით მეუბნება: „ქალბატონო თეა“ და ვხვდები, რომ გაბრაზებულია.“

„ჩემი მეუღლე არის ჩემზე ცხრა წლით უმცროსი. ალბათ, არ უნდა ვთქვა, მაგრამ მჯერა, რომ ქალი არის თავისუფალი. ის არის კარგი ადამიანი და ალბათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა. უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა მამაკაცს თავისი მეუღლე ურჩევნია უფრო მეტად შინ, ვიდრე გარეთ. ის, რომ ეს ყველაფერი აიტანო, რასაც ის იტანს, ეს ძალიან რთულია, ვაღიარებ. ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, კრიტიკა, სხვადასხვა ტიპის უხამსი შენიშვნა, რა თქმა უნდა, ეს ისმის და არავინ არ არის ყრუ. მას მართლაც ტაშს ვუკრავ, იმიტომ, რომ ამის ატანა არ არის ადვილი. ასეთი ვარ და რა ვქნა?! მადლიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს ის იტანს და არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა წულუკიანმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „საღამოს პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„საღამოს პოსტი“


წაიკითხეთ სრულად