Baby Bag

„ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის,“- დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ დაზიანებული კანისა და ზედაპირული ჭრილობების დამუშავების წესებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანზე არცერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბრილიანტის მწვანეს გამოყენება:

„როდესაც კანი ზიანდება და ჭრილობა არ არის ღრმა, უნდა მოხდეს ჭრილობის გარეცხვა გამდინარე სუფთა წყლით. თუ ანტისეპტიკური საშუალება არ გვაქვს, შესაძლებელია ამ ადგილის ჩვეულებრივი საპნით დაბანაც. ამ გარეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დამუშავება. შესაძლებელია ეს ადგილი ბინტის გამოყენებით შევუხვიოთ ადამიანს, შესაძლებელია გამოვიყენოთ ბეტადინი, იგივე იოდი. იოდიც ანტისეპტიკური საშუალებაა. ადამიანს არ ექნება წვის შეგრძნება.

რა არ უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ხშირია ძალიან ბრილიანტის მწვანეს გამოყენება. ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის, მათ შორის არც ნაკბენის შემთხვევაში. ეს არის საბჭოთა მედიცინაში ცნობილი და პოპულარული საშუალება, რომელსაც იყენებდნენ. რატომ არ არის სწორი მისი გამოყენება? ის აშრობს კანს. მას აქვს გამოშრობის ეფექტი და ჩვენ პირიქით, დატენიანება გვჭირდება. ჭრილობის შემთხვევაში შეხორცების დასაჩქარებლად და ნაწიბურის პრევენციისთვის, პირიქით, უნდა დავატენიანოთ კანი. ერთ-ერთი უნივერსალური და საუკეთესო საშუალება არის თეთრი ვაზელინი. მისი გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ზედაპირული ჭრილობის დატენიანებისთვის. შეხორცების პროცესი რომ დაჩქარდეს, პირიქით, უნდა მოხდეს კანის დატენიანება. ბრილიანტის მწვანე პირიქით, ხელს უწყობს, რომ გამოაშროს კანი,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„უფრო მეტი პანიკაა და ქაოსი, შედეგი უკეთესი გვაქვს,” - ლევან რატიანი

„უფრო მეტი პანიკაა და ქაოსი, შედეგი უკეთესი გვაქვს,” - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ის ასაკობრივი კატეგორია დაასახელა, რომელსაც კოვიდ-19-ით ინფიცირებისას დამძიმების ყველაზე მეტი რისკი აქვს:

​კოვიდ-19-ის დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია ასაკზე. მე პაციენტების სტატისტიკაც კი ჩავატარე, ასაკის, ქრონიკული დაავადების კორელაცია შევამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ 55 % იმ პაციენტების, ვინც დამძიმდა, დაიღუპა ან რეანიმაციაში მოხვდა, იყო 71 წელზე მეტი ასაკის. ჩემს კლინიკაში ძალიან მცირე პროცენტი დაიღუპა ახალგაზრდა ასაკის. უფრო მეტი პანიკაა და ქაოსი, ჩვენ უკეთესი შედეგი გვაქვს.“

ლევან რატიანმა მოსახლეობა დაამშვიდა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირება განგაშის საფუძველი არ უნდა იყოს:

„ჩემი თხოვნა იქნება ნებისმიერი ადამიანისადმი, ​კოვიდ-19 თუ შეგხვდათ, არ ნიშნავს, რომ ან უნდა დამძიმდეთ, ან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში უნდა მოხვდეთ. თუ მოხვდით, არ ნიშნავს, რომ იქიდან ვერ გამოხვალთ. ეს ნამდვილად არ არის ასე.“

„ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ლეტალური შემთხვევები იყოს. თუ მივყვებით პანდემიის მართვის პროტოკოლს, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. ​ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს კოვიდ-19-ის დაავადების ჩამოყალიბებას. დაავადება სხვა რამ არის და ინფიცირება სხვა. ადამიანების დიდი პროცენტი არის ინფიცირებული, მაგრამ არ არის დაავადებული. დაავადებულები არიან დაახლოებით 20 %. ისინი შეიძლება იყვნენ საშუალო სიმძიმის, მძიმე, კრიტიკული,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად