Baby Bag

„ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის,“- დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ დაზიანებული კანისა და ზედაპირული ჭრილობების დამუშავების წესებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანზე არცერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბრილიანტის მწვანეს გამოყენება:

„როდესაც კანი ზიანდება და ჭრილობა არ არის ღრმა, უნდა მოხდეს ჭრილობის გარეცხვა გამდინარე სუფთა წყლით. თუ ანტისეპტიკური საშუალება არ გვაქვს, შესაძლებელია ამ ადგილის ჩვეულებრივი საპნით დაბანაც. ამ გარეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დამუშავება. შესაძლებელია ეს ადგილი ბინტის გამოყენებით შევუხვიოთ ადამიანს, შესაძლებელია გამოვიყენოთ ბეტადინი, იგივე იოდი. იოდიც ანტისეპტიკური საშუალებაა. ადამიანს არ ექნება წვის შეგრძნება.

რა არ უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ხშირია ძალიან ბრილიანტის მწვანეს გამოყენება. ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის, მათ შორის არც ნაკბენის შემთხვევაში. ეს არის საბჭოთა მედიცინაში ცნობილი და პოპულარული საშუალება, რომელსაც იყენებდნენ. რატომ არ არის სწორი მისი გამოყენება? ის აშრობს კანს. მას აქვს გამოშრობის ეფექტი და ჩვენ პირიქით, დატენიანება გვჭირდება. ჭრილობის შემთხვევაში შეხორცების დასაჩქარებლად და ნაწიბურის პრევენციისთვის, პირიქით, უნდა დავატენიანოთ კანი. ერთ-ერთი უნივერსალური და საუკეთესო საშუალება არის თეთრი ვაზელინი. მისი გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ზედაპირული ჭრილობის დატენიანებისთვის. შეხორცების პროცესი რომ დაჩქარდეს, პირიქით, უნდა მოხდეს კანის დატენიანება. ბრილიანტის მწვანე პირიქით, ხელს უწყობს, რომ გამოაშროს კანი,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ხშირია, რომ ქალბატონებს გადამეტებული და არასწორი ვარჯიშების გამო ექმნებათ პრობლემა, მეტაბოლიზმი ირღვევა, ვითარდება ოსტეოპოროზი, ჰორმონალური დარღვევები,“ - გინეკოლოგი მადონა ჯუღელი

გინეკოლოგი მადონა ჯუღელი გადაცემაში „იმედის დღე“ ქალებში გავრცელებული ჰორმონალური დარღვევების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი სტრესია:

„არის ახალი, საინტერესო ნოზოლოგია, რომელიც ბოლო ერთი წელია მუსირებს რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიებში, ეს არის ფუნქციონალური ჰიპოთალამური ამენორეა. 30 % მომართვიანობის, რომ ციკლი დაერღვათ, თურმე ყოფილა ფუნქციონალური ამენორეა. რასთან არის ეს კავშირში? ასეთი ცვლილებები ვითარდება შემდეგი მიზეზებით: ეს არის სტრესი, გამუდმებითი სტრესი, თუნდაც ძილის დარღვევის სტრესი, კვების რაციონის შეცვლა, კვებითი დიეტები, რომლებიც ყველამ ვიცით და ფიზიკური ვარჯიშები. უკვე შეგვიძლია მიხვდვეთ, თუ რა იწვევს ამ პრობლემებს. თუ გოგონა გვეუბნება, რომ სწორად იკვებება, მაინც უნდა ჩავეძიოთ, გავარკვიოთ, რას ჭამს, რამდენჯერ მიირთმევს, რამდენ კალორიას იღებს.“

მადონა ჯუღელის თქმით, ქალის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას კვება ახდენს:

„პაციენტთან ჩემი ყოველდღიური ურთიერთობა აქედან იწყება: რას ვიღებთ? კვება უნდა იყოს დღეში ოთხჯერ-ხუთჯერ. სწრაფი კვების საჭმელი, დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება, არაბალანსირებული კვება ძალიან საზიანოა. შესაძლოა, ადამიანი იღებდეს ცილას, მაგრამ ეს არ ხდებოდეს ბალანსირებულად.“

მადონა ჯუღელი გადამეტებული და არასწორი ვარჯიშების გვერდით ეფექტებზეც საუბრობს:

„ქალი რატომ მოდის ჩემთან? პირველი მიზეზი არის ციკლის დარღვევა: მენსტრუალური ციკლი ირღვევა, არის უშვილობა, ოვულაცია ხდება, მაგრამ ეს არ არის სრულფასოვანი. როდესაც გოგონა ფიზიკური ვარჯიშებით არის დაკავებული, ოსტეოპოროზი ვითარდება. რის ფონზე ხდება ეს? მიზეზი არის გადამეტებული ფიზიკური ვარჯიში, კვების რაციონის დარღვევა. ამ მიზეზით იწყება ოსტეოპოროზი, არის ესტროგენის დეფიციტი, ჰორმონალური დარღვევები და ციკლის დარღვევა. ძალიან ხშირია, რომ ქალბატონებს გადამეტებული და არასწორი ვარჯიშების გამო ექმნებათ პრობლემა. რა ხდება ამ დროს? მეტაბოლიზმი ირღვევა. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ფიზიკურად დარღვევები არ ჰქონდა, ჰორმონებიც წესრიგში იყო, ოვულაციაც იყო, მაგრამ ვერ ორსულდებოდა. მერე აღმოვაჩინე, რომ ფიზიკური დატვირთვა იყო დღეში 2-3 საათი.“

„მსგავსი დარღვევები ხშირად არის ლატენტური რკინადეფიციტური ანემიის ფონზე. როდესაც ეს სწორდება, ციკლიც სათანადოდ რეგულირდება. სრულიად ახალი ინფორმაციაა, რომ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ქალბატონებში თმიანობის მომატებას იწვევს. თუ ჩვენ სწორად მივიღებთ საკვებს, შესაძლოა, დანამატი არც დაგვჭირდეს. საქართველოში ყველაფერი გვაქვს ამისთვის,” – აღნიშნავს მადონა ჯუღელი.

წყარო: ​იმედის დღე


წაიკითხეთ სრულად