Baby Bag

„ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის,“- დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ დაზიანებული კანისა და ზედაპირული ჭრილობების დამუშავების წესებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანზე არცერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბრილიანტის მწვანეს გამოყენება:

„როდესაც კანი ზიანდება და ჭრილობა არ არის ღრმა, უნდა მოხდეს ჭრილობის გარეცხვა გამდინარე სუფთა წყლით. თუ ანტისეპტიკური საშუალება არ გვაქვს, შესაძლებელია ამ ადგილის ჩვეულებრივი საპნით დაბანაც. ამ გარეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დამუშავება. შესაძლებელია ეს ადგილი ბინტის გამოყენებით შევუხვიოთ ადამიანს, შესაძლებელია გამოვიყენოთ ბეტადინი, იგივე იოდი. იოდიც ანტისეპტიკური საშუალებაა. ადამიანს არ ექნება წვის შეგრძნება.

რა არ უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ხშირია ძალიან ბრილიანტის მწვანეს გამოყენება. ბრილიანტის მწვანეს გამოყენება კანზე არცერთ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის, მათ შორის არც ნაკბენის შემთხვევაში. ეს არის საბჭოთა მედიცინაში ცნობილი და პოპულარული საშუალება, რომელსაც იყენებდნენ. რატომ არ არის სწორი მისი გამოყენება? ის აშრობს კანს. მას აქვს გამოშრობის ეფექტი და ჩვენ პირიქით, დატენიანება გვჭირდება. ჭრილობის შემთხვევაში შეხორცების დასაჩქარებლად და ნაწიბურის პრევენციისთვის, პირიქით, უნდა დავატენიანოთ კანი. ერთ-ერთი უნივერსალური და საუკეთესო საშუალება არის თეთრი ვაზელინი. მისი გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ზედაპირული ჭრილობის დატენიანებისთვის. შეხორცების პროცესი რომ დაჩქარდეს, პირიქით, უნდა მოხდეს კანის დატენიანება. ბრილიანტის მწვანე პირიქით, ხელს უწყობს, რომ გამოაშროს კანი,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის''

,,საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის''

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გაზიანი სასმელების შესახებ არსებულ მითს ეხმიანება. მისი თქმით, გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში:

,,ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს აკეთებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული მინერალური წყალი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე იმაშია, რომ გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელებში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკების, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს. არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან გონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად