Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს 4 მარტივი რაღაც დაგიცავს იმისგან, რომ თირკმლის კენჭები არ გქონდეს,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ თირკმელში კენჭების გაჩენის პრევენციის გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის ადამიანებმა 4 მარტივი წესი უნდა დაიცვან:

„ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ თირკმლის კენჭების უდიდესი ნაწილი გამოწვეულია შარდში ერთი რაღაცის ნაკლებობით. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ როდესაც ეს ერთი რაღაც ადამიანს შარდში მცირე რაოდენობით აქვს, მაშინ უვითარდება თირკმლის კენჭების 2/3-ზე მეტი. ეს ერთი რაღაც არის ციტრატი. როდესაც შარდში ცოტა ციტრატია, ამას ჰქვია ჰიპოციტრატურია. როდესაც დღე-ღამეში ჩვენი ორგანიზმი 320 მილიგრამზე ნაკლებ ციტრატს გამოყოფს შარდით, სწორედ ეს იწვევს თირკმლის კენჭების 2/3-ზე მეტს. როდესაც შარდში ცოტაა ციტრატი, კალციუმი უკავშირდება ოქსალატს ან ფოსფატს და მიიღება კენჭების 2/3-ზე მეტი.

მე გეტყვი 4 რამეს, რაც აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო. ეს 4 მარტივი რაღაც დაგიცავს იმისგან, რომ თირკმლის კენჭები არ გქონდეს ან თუ გაქვს, ისინი ზომაში შემცირდეს. რაც შეიძლება ბევრი ციტრატებით მდიდარი საკვები მიიღე. ყველაზე მარტივი გზა ამისთვის არის ლიმონიანი წყალი. დღე-ღამეში მიიღე 2,5 ლიტრი წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში შარდი იქნება ძალიან კონცენტრირებული და მარტივად დაგემართება კენჭები.

ნაკლებად მიიღე გამაგრილებელი სასმელები, რადგან ისინი შეიცავენ ისეთ რაღაცებს, რაც პოტენციურად ხელს უწყობს კენჭების ფორმირებას. არ მიიღო ისინი კვირაში 1-2 ლიტრზე მეტი. თუ შენი ასაკი დიდია, საკვებში ცილების რაოდენობა შეზღუდე. შენ თუ გინდა, რომ კენჭები არ დაგემართოს, სასურველია, შეზღუდო ცილოვანი საკვების რაოდენობა,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო:​ Usmle მოსამზადებელი ცენტრი 

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

წაიკითხეთ სრულად