Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

​იტალიელი ორთოპედ-ტრავმატოლოგები საქართველოში - როდის და სად შეგიძლიათ ჩაწერა ქირურგიულ პროცედურაზე

​იტალიელი ორთოპედ-ტრავმატოლოგები საქართველოში - როდის და სად შეგიძლიათ ჩაწერა ქირურგიულ პროცედურაზე

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს იტალიელი სპეციალისტები, ​ალესანდრო პისანი და ​ლუიჯი სოლიერა ქირურგიული პროცედურების ჩასატარებლად ივლისში ეწვევიან.

მოწვეულ სპეციალისტებთან მოსახვედრად, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ უფასო კონსულტაცია გაიარონ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ქირურგთან, ​გიორგი დუღაშვილთან და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა დაგეგმონ.

​MOMSEDU.GE-ს მკითხველს დეტალურ ინფორმაციას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ქირურგი გიორგი დუღაშვილი გააცნობს.

- როგორ შეუძლიათ პაციენტებს იტალიელ სპეციალისტებთან მოხვედრა, რა დიაგნოზებით უნდა მოვიდნენ?

გიორგი დუღაშვილი: „უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ დადგენილი სკოლიოზი, ლუმბალური სტენოზი, დისკის თიაქარი ან სპონდილოლისთეზი.

ჩაწერის დღეები სამშაბათი და ხუთშაბათია, 10:00-14:00 საათამდე, პაციენტების რაოდენობა არ არის შეზღუდული. იტალიელი კოლეგების ჩამოსვლამდე ჩავატარებთ შესაბამის კვლევებს, რის საფუძველზეც მოხდება დიაგნოზის დიფერენცირება, პაციენტებს, რომლებსაც დაუდგინდებათ ქირურგიული ჩარევის საჭიროება, მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ კონსილიუმში.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის წამყვანი კლინიკების სპეციალისტებთან, მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მკითხველს ალესანდრო პისანისა და ლუიჯი სოლიერას შესახებ:

გიორგი დუღაშვილი: „პირველი ივლისიდან ჩვენს გუნდს სამხრეთ იტალიის ორთოპედიული ინსტიტუტის (Istituto Ortopedico del Mezzogiorno d'italia, Messina, Italy) მთავარი ექიმი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ალესანდრო პისანი და ამავე კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლუიჯი სოლიერა შემოუერთდებიან და პაციენტებს გაუწევენ მომსახურებას. იტალიელი კოლეგები ყოველწლიურად 500-მდე ქირურგიულ პროცედურას ატარებენ დიდი წარმატებით და ჩვენც ვიზიარებთ მათ გამოცდილებას.“

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრი, როგორც თანამედროვე მიდგომების დანერგვით, ასევე ტექნოლოგიური აღჭურვილობით მუდმივად ვითარდება, რა სერვისებს სთანაზობთ პაციენტებს?

გიორგი დუღაშვილი: „ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, რომელსაც ევროპული გამოცდილების მქონე ექიმები ხელმძღვანელობენ, სპეციალიზებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე, ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე. ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს გადაუდებელ ტრავმატოლოგიურ დახმარებასა და ორთოპედიულ ოპერაციებს".

ძვირფასო მკითხველო, დამატებითი ინფორმაციისთვის ან კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცენტრს დაუკავშირდეთ ნომერზე: 032 2 190 190.

R.

წაიკითხეთ სრულად