Baby Bag

„არ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღში ბავშვმა სამ საათზე ნაკლები დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე,“- პედიატრი ევგენი კომაროვსკი

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ბავშვებში სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, შვილების მადის გასაუმჯობესებლად მათ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარებინონ:

„თანამედროვე მშობლები გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ჭამას. თქვენ გეჩვენებათ, რომ თუ ბავშვის ორგანიზმი არ მიიღებს ყველა ვიტამინს და დაბალნსებულ კვებას, აუცილებლად ავად გახდება. სინამდვილეში ბავშვის ორგანიზმს საკვების დეფიციტის გადატანაც შეუძლია და ეს ზოგჯერ მარგებელიც არის. ჭამის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მადა. როდესაც ბავშვი მშიერია და საჭმლის მიღების საჭიროებას განიცდის, საკვებს ნორმალურად ინელებს და ეს მისთვის სასარგებლოა.

თუ ბავშვი არ ჭამს სადილს და მხოლოდ კანფეტი უნდა, თუ მისი კვება არ არის მრავალფეროვანი, აქედან ჩნდება პრობლემებიც. არ აყვეთ ბავშვებს! ბავშვმა უნდა ჭამოს ის, რასაც აძლევთ, მაგრამ უნდა ჭამდეს სიამოვნებით. თუ მადა არ აქვს, სჯობს, საერთოდ არ აჭამოთ. გაუზარდეთ ბავშვს ფიზიკური დატვირთვა, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ მშობლების, საბავშვო ბაღის და სკოლის მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვებმა მადიანად ჭამონ. არ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღში ბავშვმა სამ საათზე ნაკლები დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე. როდესაც ბავშვი სუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებს, ის შესანიშნავად ჭამს და საკვებსაც კარგად ინელებს,“- აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

წყარო: ​„LIFE FM”           

შეიძლება დაინტერესდეთ

ხუთი მთავარი ფასეულობა, რომელსაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა აზიაროთ

ხუთი მთავარი ფასეულობა, რომელსაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა აზიაროთ

ფასეულობები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. ღირებულებების დახმარებით ადამიანები სოციუმში სრულფასოვან ინტეგრაციას ახერხებენ. მორალი ადამიანს პიროვნებად აყალიბებს და მთლიანად განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება ის ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვს ფუნდამენტური ფასეულობები ადრეული ასაკიდანვე გააცნოს და გადასცეს. მშობლების უმთავრესი ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთონ შვილების სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის. ჩვენს სტატიაში იმ ხუთ ძირითად ფასეულობას გაგაცნობთ, რომლებსაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა აზიაროთ.

1. მადლიერება

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მადლიერების გამოხატვა ისწავლოს. ამისთვის საუკეთესო გზა მშობლის პირადი მაგალითია. თუ თქვენ მადლობას ხშირად იხდით და მადლიერი ხართ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც გაქვთ, თქვენი განწყობა შვილებზეც გადავა. თუ შესაძლებლობა გექნებათ, რომ ქველმოქმედება გამოიჩინოთ, ეს აუცილებლად გააკეთეთ. ამ გზით თქვენი შვილები სხვების დახმარებას და მადლიერებას ისწავლიან. თუ თქვენს შვილებს მათი საჭიროებების აღმოჩენაში დაეხმარებით და ასწავლით, როგორ უნდა მიაღწიონ მიზნებს, ისინი მადლიერებას ისწავლიან.

2. გულწრფელობა

ბავშვები გულწრფელობას მარტივად სწავლობენ, თუ მათ ყოველდღიურად აგრძნობინებთ სიმართლის თქმის მნიშვნელობას. რაც უფრო ხშირად ხედავს ბავშვი, რომ თქვენ გულწრფელობას ავლენთ, მით უფრო გულწრფელ ადამიანად ყალიბდება ის. ბავშვები ხშირად იტყუებიან, რათა სასჯელს გაექცნენ ან შექება დაიმსახურონ. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი იტყუება, მას სიმართლის თქმის მნიშვნელობაზე გაესაუბრეთ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სიმართლის თქმა მას გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე სიცრუე. თუ ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობელი არასდროს ცრუობს, მასში გულწრფელობა ღრმად იდგამს ფესვებს და ბავშვის პიროვნების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

3. კარგი მანერები

კარგი მანერების ასათვისებლად ბავშვებს მშობლების მაგალითი სჭირდებათ. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ თქვენ ყოველთვის პატივისცემით ექცევით გარშემომყოფებს. თქვენს შვილს მისალმება და დამშვიდობება ასწავლეთ. მას მაგიდასთან მოქცევის წესებიც გააცანით, ასწავლეთ სწორად ჯდომა და ხელსახოცის გამოყენება. გადაუხადეთ ბავშვს მადლობა, როდესაც ის ამას იმსახურებს. ბავშვს ასწავლეთ, რომ მან პატივი უნდა სცეს უფროს ადამიანს, რომელიც საუბრობს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უფროსს ყურადღებით უნდა მოუსმინოს და მას საუბარი არ შეაწყვეტინოს. ბავშვი ამ დროს სხვების მოსმენას და ინფორმაციის აღქმასაც სწავლობს. ბავშვს უფროსებისადმი მიმართვაც უნდა ასწავლოთ. თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს, თუ როგორ ესაუბროს მასზე უფროს ადამიანს პატივისცემით. ამ შემთხვევაშიც, ბავშვმა მაგალითი თქვენგან უნდა აიღოს.

4. თანაგრძნობა და მზრუნველობა

თანამედროვე სამყაროში ბავშვისთვის სხვისი თანაგრძნობის სწავლება ძალიან რთულია. თუ თქვენ სხვებს ხშირად ეხმარებით, ის დაინახავს, რომ სხვების დახმარება ძალიან კარგი საქმეა. მნიშვნელოვანია, რომ მშობელი დადებით დამოკიდებულებას ავლენდეს სხვა ადამიანებისადმი. თუ თქვენ პატივისცემით ეპყრობით მაღაზიის კონსულტანტს და რესტორნის მომსახურე პერსონალს, თქვენი შვილიც ასევე მოიქცევა. ბავშვი თანაგრძნობას და მზრუნველობას მაშინაც სწავლობს, როდესაც თქვენ მისდამი ყურადღებას იჩენთ. ატირებული ბავშვი, რომელსაც დედა ეფერება და ანუგეშებს, აცნობიერებს, რომ ადამიანს რთულ ვითარებაში უნდა თანაუგრძნო.

5. პასუხისმგელობა

მცირეწლოვან ბავშვებს პასუხისმგებლობა რომ განუვითაროთ, თავდაპირველად მარტივი დავალებები უნდა მისცეთ. თქვენს შვილს სთხოვეთ, რომ სათამაშოები ყუთში ჩაალაგოს ან ოთახის რომელიმე მონაკვეთი მოაწესრიგოს. როდესაც ბავშვი დავალებას შეასრულებს, შეაქეთ. პატარებს ძალიან უყვართ, როდესაც აქებენ. ბავშვებს სიამოვნებთ პოზიტიური ემოციების მიღება. როდესაც მათ აქებთ, ისინი დადებით ქცევას კვლავ იმეორებენ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვს მისი მოვალეობები უნდა აუხსნათ და განუმარტოთ, თუ რა მოხდება, თუ ის საკუთარ მოვალეობებს არ შეასრულებს. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნეგატიური ქცევა მისთვის არასასურველი შედეგების მომტანია. თუ ბავშვი უპასუხისმგებლობას ავლენს, მას საყვარელი ფილმის ყურების უფლება არ მისცეთ. სასჯელისთვის თავის არიდების მიზნით თქვენი შვილი მეტ პასუხისმგებლობას გამოავლენს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ოჯახის ერთ-ერთი წევრია და სახლში გარკვეული პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება.

მომზადებულია​ putthekettleon.ca - ს მიხედვით


წაიკითხეთ სრულად