Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

ბრძენმა დედამ იცის, რომ თამაშში დახარჯული დრო დაკარგული არასდროს არის - მარია მონტესორის რეკომენდაციები ახალბედა დედებს

ბრძენმა დედამ იცის, რომ თამაშში დახარჯული დრო დაკარგული არასდროს არის - მარია მონტესორის რეკომენდაციები ახალბედა დედებს

რა რჩევა შეგვიძლია მივცეთ ახალბედა დედებს? მათი შვილები საინტერესო საქმეებით უნდა დაკავდნენ. დედები არ უნდა დაეხმარონ შვილებს ზედმეტად და არ შეაფერხონ ისინი, როდესაც რაიმე ჭკვიანური საქმის კეთებას იწყებენ.

***

ბრძენმა დედამ იცის, რომ თამაშში დახარჯული დრო დაკარგული არასდროს არის. როდესაც ბავშვები თამაშით აქტიურად კავდებიან, ისინი საკუთარ განვითარებაზე მუშაობენ. ის, რასაც თამაშს ეძახით, სინამდვილეში მუშაობაა.

***

დაბადებისას ბავშვი ტოვებს ადამიანს, დედის მუცელს, ის დედის სხეულისგან დამოუკიდებელი ხდება. ბავშვს ეძლევა სურვილი და მოთხოვნილება, რომ დააკვირდეს გარესამყაროს და აითვისოს ის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვი „სამყაროს დაპყრობის ფსიქოლოგიით“ იბადება. საკუთარი აღმოჩენების შეთვისებით ბავშვი თავის პიროვნებას აყალიბებს.

***

ეს არის განათლება, გაცნობიერება, რომ ადამიანს დაეხმარო იმის გაგებაში, თუ როგორ იცხოვროს. განათლება დაბადებიდან, რომელიც მშვიდობიან რევოლუციას კვებავს, ყველაფერს ერთ საერთო მიზანში აერთიანებს და ერთი ცენტრისკენ იზიდავს. დედები, მამები და პოლიტიკოსები, ყველანი უნდა გაერთიანდნენ და დაეხმარონ ამ დელიკატურ საქმეს, რომელიც პატარა ბავშვის ღრმა ფსიქოლოგიური საიდუმლოს სიღრმეში ხორციელდება. ეს ახალი იმედის სხივია კაცობრიობისთვის.

***

ბავშვები უნდა გაიზარდნონ არამხოლოდ სხეულით, არამედ სულიერადაც. დედა უნდა მიილტვოდეს, რომ საყვარელი არსების სულიერ მოგზაურობას მიჰყვეს, რომელიც ხვალ გონიერი ღვთაებრივი არსება - ადამიანი გახდება.

***

ბავშვის დიდი კონსტრუქციული ენერგიები აქამდე დედობის შესახებ დაგროვილი იდეების ქვეშ იმალებოდა. ჩვენ ვამბობდით, რომ შვილს დედა აყალიბებს, რადგან სწორედ ის ასწავლის მას სიარულს, ლაპარაკს, მაგრამ ამ ყველაფერს დედა ნამდვილად არ აკეთებს. ეს ბავშვის მიღწევაა. დედა შობს ბავშვს, მაგრამ ბავშვი თავად ყალიბდება ზრდასრულ ადამიანად.

წყარო: ​montessori150.org

წაიკითხეთ სრულად