Baby Bag

„როდესაც ბავშვს ასეირნებთ, არ მოჰკიდოთ ხელი მაჯაში, მოჰკიდეთ ხელი იდაყვზე... არ აბზრიალოთ ბავშვები ხელებით,“- ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ნინო ჭოლოკავა

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ მშობლებს ბავშვის სახსრების დასაცავად საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„შეეცადეთ თქვენი მოპყრობა ბავშვისადმი იყოს ისეთი, რომ იდაყვის სახსარი დაცული იყოს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ასეირნებთ, არ მოჰკიდოთ ხელი მაჯაში, მოჰკიდეთ ხელი იდაყვზე. არ აბზრიალოთ ბავშვები ხელებით, არ აბუქნაოთ. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ ხელი მოვკიდოთ იდაყვის სახსარში.

ასეთივე რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის აყვანისას. არ ავიტაცოთ ბავშვი მაჯის სახსრით. პატარები მამიკოებს რომ შემოასხდებიან, რასაც ე.წ. „აჩუ-აჩუს“ ვეძახით, იმიტომ, რომ ბავშვმა ტანი არ გადაიქნიოს, ხელზე დაქაჩავენ ხოლმე ბავშვს. ესეც არის რისკი.

ყველა სახის მოძრაობა, რომელიც მიმართულია კიდურის გასწვრივ და მოდების ძალა არის სხივ-მაჯის სახსარზე, ეს გამოიწვევს პრობლემას, სხივის თავის ამოვარდნას, რომელიც არის ბავშვებისთვის ძალიან დამახასიათებელი. ეს მტკივნეულია და ეცადეთ, რომ ბავშვი ამ ტკივილს აარიდოთ. ბავშვი იტკიებს მაჯას და მშობელს ჰგონია, რომ პრობლემა არის მაჯაში. რეალურად პრობლემა არის იდაყვის სახსარში. სხივის თავს აქვს სპეციფიკური ფორმა. მასზე არის მყესი, რომელიც ორიდან ოთხ წლამდე არის ცოტა ფართო, ვიდრე მხრის თავი. ცოტა უხეშ მოძრაობაზე მარტივად ამოვარდება. არის ბევრი ბავშვი, ვისაც სჭირდება სამედიცინო ჩარევა. მშობლებს შემიძლია ვუთხრა ერთი კარგი ამბავი: ეს, როგორც წესი, თავისით გაივლის 4 წლის მერე,“- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​როდის დავსვათ ბავშვი პირველად და რა არის W-Sitting?

​როდის დავსვათ ბავშვი პირველად და რა არის W-Sitting?

როდის დავსვათ ბავშვი პირველად და რა არის W-Sitting? - ამ საკითხებზე, MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ორთოპედი, რომეო ვარდიაშვილი.

- როდის დავსვათ ბავშვი პირველად?

- ბავშვის პირველი წლის ეტაპები, სავარაუდოდ, მყისიერად მიფრინავს. დაჯდომა განსაკუთრებით ამაღელვებელია პატარასთვის, რადგან ის ხსნის თამაშისა და ძიების სრულიად ახალ სამყაროს. ასევე, აძლევს ბავშვებს საშუალებას, იყვნენ უფრო დამოუკიდებლები, აადვილებს საკვების მიღების რეჟიმს და აძლევს გარემოს გამოკვლევის, დათვალიერების საშუალებას ახალი გზით.

ოდესმე შეგიმჩნევიათ როგორ ზის თქვენი პატარა? - დამოუკიდებლად დაჯდომა არის უნარი, რომელსაც ბევრი ბავშვი ეუფლება 7-დან 9 თვემდე, ხოლო მისი დასწავლა კი ხდება 4-დან 7 თვემდე, მიუხედავად ამისა, არ დააჩქაროთ პროცესი. თქვენს ბავშვს უნდა ჰქონდეს გარკვეული სპეციფიკური მოტორული უნარები: კისრის მაღლა აწევა და გარკვეული წონასწორობის შენარჩუნება. 3 წლის ასაკიდან ბავშვებში ვითარდება დაჯდომის სხვადასხვა პოზიცია, რასაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. ხშირად შეხედეთ და აკონტროლეთ ჯდომის ისეთი პოზიცია, როგორიც არის ე.წ. W-Sitting.

- რა არის W-Sitting?

- W-დაჯდომა არის, როდესაც ბავშვის მუხლები, ტერფები და ქვედა ნაწილი ეხება იატაკს, როდესაც ფეხები განლაგებულია მუხლებს გარეთ. ზემოდან ყურებისას თქვენი ბავშვის ფეხის პოზიცია ჰგავს ინგლისური ანბანის ასო „W“-ს.

W-დაჯდომის საკითხი წლების განმავლობაში დებატების გამომწვევი იყო სამედიცინო საზოგადოებაში, ათასობით სტატია დაიწერა, თუმცა საბოლო პასუხი დღემდე არ გვაქვს.

შეიძლება თუ არა W-ჯდომის პოზიციამ ზიანი მიაყენოს თქვენს შვილს? - ზოგიერთი ბავშვი ძალიან მცირე ხნით ზის, ძირითადად, თამაშის დროს მოძრაობს. თუ პოზიცია ყოველდღიურობის ჩვევად იქცა, მან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, რაზეც აშშ-ის უნივერსიტეტის ბაზაზე შესწავლილი სტატისტიკაც დაგვემოწმება.

3-დან 6 წლამდე ასაკის 39 ბავშვის ერთმა კვლევამ შეისწავლა ბავშვების W-ჯდომის პოზა და გაზომეს მათი მენჯის დახრის კუთხე. მკვლევარება დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც დიდხანს ისხდნენ W-ჯდომის პოზით, აღენიშნებოდათ ფეხზე დგომისას მენჯის წინ დახრილობა, ბარძაყის შიდა როტაცია (Femoral anteversion), წვივის შიდა ტორსის (Iternal tibial torsion) და ტერფის როტაცია (Metatarsus adductus). მეცნიერებმა ასევე დადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც ყოველდღიურად და ხანგრძლივად სხედან W-ჯდომის პოზიციაში, უფრო მაღალი რისკი აქვთ ისეთი ჩივილების განვითარების, როგორებიც არის:

  • ორთოპედიული დეფორმაციები;
  • ჯდომითი ბალანსის დარღვევები;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის ქვეამოვარდნილობა;
  • წინა ჯვარედინი იოგის არასტაბილურობა;
  • ტკივილი წელის მიდამოში;
  • ხერხემლის სიგრძივი და როტაციული დეფორმაციები;
  • კუნთების დაჭიმულობა (თეძოს, მუხლის-ჰამსტრინგები, ტერფის);
  • წონასწორობის და კორდინაციის უნარის დარღვევა;
  • ე.წ. მტრედის სიარული (Pigeon-toed walking).

- როგორ გამოვასწოროთ W-ჯდომის პოზიცია?

- თუ თქვენს პატარას სიამოვნებს W-ჯდომა, მოგიწევთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა გაათავისუფლოთ ბავშვი ამ ჩვევისგან.

1. შეახსენეთ, რომ „გაასწოროს ფეხები“, როცა დაინახავთ, რომ ის ზის W-პოზიციაზე;

2. შესთავაზეთ პატარა სავარძელი ან სკამი, როგორც იატაკზე ჯდომის ალტერნატივა;

3. დაუჯექით გვერდით და თამაშის მეთოდით წაახალისეთ სცადოს ეს პოზიციები:

გადაჯვარედინებული ფეხები - ქვედა კიდურები, მოზიდული სხეულისკენ, მუხლები მდებარეობს გარეთ, ხოლო ტერფები შიგნით.

ფეხები წინ - ბავშვი ზის ძირზე და ფეხები მდებარეობს პირდაპირ მათ წინ, მუხლის სახსარში გაშლილი მდგომარეობით.

ფეხები გვერდით - ბავშვი ზის ძირზე და ორივე ფეხი მუხლებში მოხრილი ერთი მიმართულებით მდებარეობს სხეულის ერთ მხარეს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

წაიკითხეთ სრულად