როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„თუ ტყუილი სადღაც ოთხი წლის ასაკში გაჩნდა, როგორც ფენომენი, ტიპიური განვითარების დროს ეს აუცილებელია,“ - ფსიქოლოგი ქეთევან მაყაშვილი
ფსიქოლოგმა ქეთევან მაყაშვილმა ტყუილის ფენომენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ცხოვრებაში ამ ფენომენის გამოჩენა მშობელს უნდა უხაროდეს:
„ბავშვი ამის გაკეთებას საკმაოდ ადრე იწყებს. თუ ამაზე ვიმსჯელებთ, თავდაპირველად ტყუილის ფენომენის გაჩენა უნდა გაგვიხარდეს. უნდა გაგვიხარდეს, იცით რატომ?! იმიტომ, რომ ტყუილი სოციალური ფენომენია. ის ძალიან ფაქიზი ფენომენია. რატომ ვამბობ მე ტყუილს? იმიტომ, რომ მე ვიცი შენ რა რეაქცია გექნება ჩემს ნათქვამზე. პატარა ბავშვი ეგოცენტრულია, მან არ იცის ეს ყველაფერი. ის პირდაპირ, გულწრფელად ამბობს ყველაფერს. „ბავშვური გულწრფელობით“ - ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა. ბავშვი არ ფიქრობს იმაზე, რა შედეგები მოჰყვება მის ამ ნათქვამს, თუ გაკეთებულს.“
ქეთევან მაყაშვილის თქმით, ბავშვებს არ შეუძლიათ სხვა ადამიანის რეაქციები წინასწარ განსაზღვრონ, რადგან სხვა ადამიანის სუბიექტური რეალობა მათთვის ღია არ არის:
„ბავშვს არ აქვს იმის უნარი, რომ წინასწარ განსაზღვროს სხვა ადამიანისგან რეაქცია. მას არ შეუძლია განსაზღვროს სხვა ადამიანის შინაგანი სამყარო რა რეაგირებას მოახდენს მის ქცევაზე. ბავშვი თავის თავშია, მას ჰგონია, რომ ყველაფერი მის გარშემოა. მეორე ადამიანის სუბიექტური რეალობა მისთვის არ არის ღია.“
„თანდათანობით მას უჩნდება ეს უნარი. თუ ტყუილი სადღაც ოთხი წლის ასაკში გაჩნდა, როგორც ფენომენი, ბავშვმა რაღაც დაგიმალათ და ცუდად გრძნობს თავს, იმიტომ, რომ იცის, შენ ეს არ მოგეწონება. აუცილებელია, რომ ეს იყოს. აუტიზმის პრობლემაც ზოგადად ეს არის. ამ ბავშვებს მეორე ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვა უჭირთ. ტიპიური განვითარების დროს ეს აუცილებელია,“ - აღნიშნული საკითხის შესახებ ქეთევან მაყაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.