როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
რა სიმპტომები ახასიათებს და რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს
„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა,“ - აღნიშულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.
„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია პოლიკლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა 2016 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია. წელს ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში იყო. მიმდინარე პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს. ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. მოქალაქეებს ვურჩევ, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ. ასევე საჭიროა, ჰიგიენის ნორმების დაცვა - ხელების ხშირად დაბანა და გაციების ან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, სახლში დარჩენა,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.