Baby Bag

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიარეულ დაავადებებთან დაკავშირებით წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით.

რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა. დღემდე აქტუალურია „ბისეპტოლის“ მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი ჰგონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.
დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი.
სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).
დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას.
მთავარია სითხის ადეკვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი „გადასხმა“ არ სჭირდება.
ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მითი იმის შესახებ, რომ თითქოს კოფეინი ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანოა, აბსოლუტურად მცდარია,“- გიორგი ღოღობერიძე

„მითი იმის შესახებ, რომ თითქოს კოფეინი ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანოა, აბსოლუტურად მცდარია,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ჩვენი ორგანიზმისთვის კოფეინის უსაფრთხო დოზების შესახებ ისაუბრა:

„ყავას ბევრი ადამიანი სვამს. კოფეინის რა დოზაა სხეულისთვის უვნებელი? როდესაც ადამიანი იღებს დღე-ღამეში 400 მილიგრამ კოფეინს, ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა. ერთი ფინჯანი ნალექიანი ყავა შეიცავს 100 მილიგრამ კოფეინს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეში 3-4 ჭიქას მიიღებთ, ეს თქვენთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ კოფეინი უსაფრთხოა არითმიებისა და მაღლი წნევის მქონე ადამიანებისთვისაც:

„ჩატარდა კვლევა, რომელშიც შეამოწმეს იყო თუ არა კოფეინი უსაფრთხო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებდათ გულის უკმარისობა, არითმიები, მაღალი წნევა. დასკვნა იყო, რომ კოფეინი იყო აბსოლუტურად უსაფრთხო და სიკვდილობა შეამცირა კიდეც 16%-ით. საუბარია შედარებით რისკზე. როდესაც ადამიანს ჰქონდა გულის უკმარისობა და დღეში 3-4 ჭიქა ყავას სვამდა, მდგომარეობა არ უარესდებოდა, პირიქით, უმჯობესდებოდა.“

„თქვენ რომც გქონდეთ მაღალი წნევა, რომც გაწუხებდეთ არითმიები, 400 მილიგრამამდე კოფეინის მიღება დღეში თქვენთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. მითი იმის შესახებ, რომ თითქოს კოფეინი ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანოა, აბსოლუტურად მცდარია. აქ მთავარი არის დოზები. 400 მილიგრამამდე აბსოლუტურად უსაფრთხოა. 400 მილიგრამზე მეტი კოფეინის მიღება ხდება საფრთხილო რიგ შემთხვევებში,“- აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო: ​„მთავარი დიაგნოზი“

წაიკითხეთ სრულად