Baby Bag

,,თავი უნდა დაიბანო იმ სიხშირით, როგორც შენი სკალპი ითხოვს" - რჩევები დერმატოლოგისგან

,,თავი უნდა დაიბანო იმ სიხშირით, როგორც შენი სკალპი ითხოვს" - რჩევები დერმატოლოგისგან

რა იწვევს თმის ცვენას და როგორ არის შესაძლებელი მისი შეჩერება - ამის შესახებ პროფესორმა, დერმატოლოგმა, ნინო ლორთქიფანიძემ გადაცემაში ,,იმედის დილა" ისაუბრა,

,,ყველაზე მეტად გავრცელებულია ანდროგენული ალოპეცია, ანუ მამაკაცის ტიპის ცვენა. თუმცა, ნელ-ნელა ცდილობენ, ასე აღარ დაუძახონ. ამ ტიპის ცვენა მამაკაცის 70 %-ს აწუხებს, მაგრამ - ქალბატონების 40 %-ს, 45 წელს ზემოთ. მამაკაცის შემთხვევაში თმის ცვენა იწყება შუბლის წილიდან და გვირგვინიდან, შემდეგ მოიცავს მთლიანად თხემს, ქალებში კი თხემის ადგილი ნელ-ნელა თხელდება. 

ეს ასაკის მატებას ახასიათებს, მაგრამ ძალიან ხშირია თინეიჯერებშიც. 20 წლამდე დაწყებულ თმის ცვენას ჰქვია ნაადრევი ანდროგენული ალოპეცია. თუმცა, საქართველოში ეს ძალიან ადრე იწყება. ანდროგენული ალოპეცია მამაკაცებში არის სრულად გენეტიკური, ქალების 50 %-ის შემთხვევაში ეს არის გენეტიკური, მეორე ნახევარს კი მომატებული აქვს მამაკაცის ჰორმონი. 20 წლამდე ასაკის შემთხვევაშიც ეს გენეტიკურია, თუმცა, იშვიათად, შესაძლოა, მიზეზი იყოს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება. ამ დროს უნდა ჩაერთოს ენდოკრინოლოგიც. 

ანდროგენული ალოპეციის შემთხვევების 70 % გვაქვს, როცა ამოვიყვანით დაცვენილი თმები და 80-90%-ია ალბათობა, რომ შევაჩეროთ თმის ცვენა. ეს შესაძლებელია ტაბლეტებით, არსებობს ასევე სპრეი. თმის ღერის ჯანმრთელობა ნამდვილად ჩვენს ხელშია, ისევე - როგორც თმის სკალპის. თავი უნდა დაიბანო იმ სიხშირით, როგორც შენი სკალპი ითხოვს. თუმცა, ამერიკის აკადემია გეუბნება, რომ თავი დაიბანო ყოველდღე, რადგან ყველაზე უსუფთაო ორგანოა. ზამთარში შრება როგორც კანი, ასევე თმა. ქარი, სიცივე ძალიან მოქმედებს. კონდიციონერები, ზეთები, დამატენიანებლები - ეს ყველაფერი თმას ზამთარში ნამდვილად უფრო მეტად სჭირდება", - გვირჩევს დერმატოლოგი.

წყარო: ​,,იმედის დილა"

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირბადემ, შესაძლოა, კანზე გამონაყარის გაჩენა გამოიწვიოს ან უკვე არსებული პრობლემა გაამწვავოს,“ - დერმატო-ვენეროლოგი ნინო კახიშვილი

დერმატო-ვენეროლოგი ნინო კახიშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ პირბადის ტარებით გამოწვეული კანის პრობლემების შესახებ საუბრობს:

„პირბადემ, შესაძლოა, კანზე გამონაყარის გაჩენა გამოიწვიოს ან უკვე არსებული პრობლემა გაამწვავოს. ორივე შემთხვევა დასაშვებია. იმ ადამიანებს, რომლებსაც სისხლძაღვოვანი ქსელის ზედაპირული განლაგება აქვთ, სახე უწითლდებათ შხაპის მერე, მზეზე ყოფნისას, რომლებიც მიდრეკილები არიან ისეთი დაავადებებისკენ, როგორიც არის როზაცეა, რა თქმა უნდა როდესაც პირბადე უკეთიათ, პრობლემა უმწვავდებათ. ტემპერატურა ნიღბის შიგნით მატულობს, რაც სისხლძარღვების კიდევ უფრო გაფართოების რისკ-ფაქტორია. სახის ზონა მეტად ოფლიანდება, რადგან ვენტილაცია ნაკლებია. ეს არ არის კარგი. მომატებული ოფლიანობისგან იცვლება კანის საფარი და იქმნება პირობები გარკვეული ტიპის მიკროფლორის გასააქტიურებლად, რომლებიც ჩვენ მუდმივად გვაქვს კანზე. ადამიანის კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 2000-დან 8000-მდე მიკროორგანიზმი ბინადრობს, გააჩნია კანის რომელ ნაწილს ავიღებთ. კანის საფარი, ხარისხიანი ლიპიდური მანტია ამ მიკროორგანიზმებს აბალანსებს. თუ ბალანსი ირღვევა, რისი მიზეზიც არის ოფლიანობა, რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს მიკროფლორა გააქტიურდეს.“

„კანის დაცვისთვის ძალიან კარგია თერმული წყლების გამოყენება. მას ძალიან კარგი გამაგრილებელი ეფექტი აქვს და მისი მოხმარება განუსაზღვრელად შეგვიძლია. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ სახის კანი ჩაუხურდა, თერმული წყალი უნდა შეისხას. თერმული წყლის შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. ვისაც არ აქვს საშუალება, შეუძლია ჩვეულებრივი გაზგასული მინერალური წყალი გამოიყენოს, მასში ბამბა დაასველოს და სახეზე მიიდოს. ადამიანებს შეუძლიათ მწვანე ჩაის ნახარში დაიმზადონ, მასაც ექნება გამაგრილებელი ეფექტი, ძალიან კარგია პიტნის და გვირილის ნაყენიც. სასურველია, ადამიანებმა სახის კანის დასაცავად სხვადასხვა ბალახებისგან დამზადებული სპრეები შეისხან. ძალიან კარგია, თუ ბალახებისგან ყინულებს დაამზადებენ და სახეს ნახევარი წუთის მანძილზე დაიმუშავებენ,“ - აღნიშნავს ნინო კახიშვილი.

წაიკითხეთ სრულად