Baby Bag

ნაწლავური კოლიკა ჩვილებში და მასთან გამკლავების გზები

ნაწლავური კოლიკა ჩვილებში და მასთან გამკლავების გზები

ნაწლავური კოლიკა ჩვილ ბავშვებსა და მათ მშობლებს ხშირად სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. პატარები დღის განმავლობაში ზოგჯერ 3 საათს ან მეტს ტირილში ატარებენ, ღამით ჩაძინება უჭირთ და ხშირად ჭირვეულობენ. კოლიკის სიმპტომები, როგორც წესი, დაბადებიდან 2-3 კვირაში იჩენს თავს. 6-8 კვირის ჩვილებს მდგომარეობა მეტისმეტად უმწვავდებათ, ხოლო 3-4 თვის ასაკიდან კოლიკის სიმპტომები შედარებით მსუბუქდება. კოლიკა დაავადება არ არის. არ არსებობს სპეციფიკური სადიაგნოსტიკო ტესტი, რომლის დახმარებითაც ბავშვს კოლიკის დიაგნოზს უსვამენ. ექიმები და დიეტოლოგები კოლიკის გამომწვევ მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ, რადგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი და უტყუარი პასუხები არ აქვთ.


მედიცინის მუშაკებს კოლიკის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მათი ნაწილი აღნიშნულ პრობლემას საჭმლის მომნელებელი სისტემის შეფერხებულ მუშაობასთან აკავშირებს. ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებსაც ნაწლავური კოლიკის პრობლემა აქვთ, ტირილისას ფეხებს მაღლა წევს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე მუცლის მწვავე ტკივილთან გვაქვს. პატარებს, რომლებსაც კოლიკა აწუხებთ, გაზების დაგროვების პრობლემა მართლაც აქვთ, თუმცა ეს შესაძლოა ხანგრძლივი და უწყვეტი ტირილით იყოს გამოწვეული და არა პირიქით. ექიმების ნაწილი კოლიკას ბავშვის ხასიათის ინდივიდუალურ თავისებურებებსა და ნერვული სისტემის პრობლემებთან აკავშირებს. როგორც წესი, კოლიკით დატანჯულ პატარებს მეტისმეტად მგრძნობიარე ბუნება აქვთ და ისინი გარემოს გამაღიზიანებლებზე მწვავედ რეაგირებენ.

ჩვილის ტირილს, შესაძლოა, სხვა უამრავი მიზეზი ჰქონდეს. ბავშვები, რომლებსაც კოლიკა აწუხებთ, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს ტირიან. ზოგიერთი ტირილს საღამოს საათებში იწყებს, ზოგი დილით, ზოგი კი ღამით. მშობლები ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობენ და ფიქრობენ, რომ პატარას მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს ვერ უქმნიან. ისინი თვლიან, რომ ბავშვის უხასიათობასა და ტირილში ბრალი სწორედ მათ მიუძღვით, რაც არასწორია. პატარები, რომლებსაც კოლიკის დიაგნოზს უსვამენ, გაბმით და მწარედ ტირიან. მათ მიმიკებსა და მოძრაობებს კარგად თუ დააკვირდებით, იფიქრებთ, რომ მწვავე ტკივილის შემოტევა აქვთ. მშობლებს ატირებული ჩვილების დამშვიდება უჭირთ, რადგან კოლიკით გაწამებულ პატარებს მოფერება ნაკლებად სიამოვნებთ. ისინი მოფერებაზე მწვავედ რეაგირებენ და უფრო მწარედ ტირიან, რაც მშობლების სასოწარკვეთას ერთიორად ზრდის.

როგორ დავამშვიდოთ ატირებული ჩვილი?

კოლიკის გამომწვევი მიზეზების არცოდნა მის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს. მედიკამენტოზური მკურნალობა, როგორც წესი, არ ამართლებს. მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, სპაზმოლიტიკები, ფერმენტები და პრობიოტიკები ჩვილ ბავშვებს მდგომარეობას ვერ უმსუბუქებს. კოლიკის სიმპტომების შემსუბუქებას მეძუძური დედები ვერც ჯანსაღი დიეტების დაცვით ახერხებენ. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს მშობლები ფორმულას ხშირად უცვლიან, რადგან თვლიან, რომ პრობლემა საკვებშია და კოლიკას ალერგიული ხასიათი აქვს, თუმცა აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავება არც ამ გზით ხერხდება.

ერთადერთი მეთოდი, რომელიც ჩვილის ნაწლავური კოლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტ-ნაკლები ეფექტურობით გამოირჩევა, ბავშვთან მეტი სიახლოვის დამყარებაა. თუ თქვენი შვილი კოლიკის გამო ხშირად ტირის და გაღიზიანებულია, მასთან მეტი დროის გატარება გმართებთ. აიყვანეთ ჩვილი ხელში, როდესაც ის მშვიდადაა. ხშირად მოეფერეთ და სიმშვიდის საათებში გვერდიდან არ მოიშოროთ. ბავშვს თქვენი სიახლოვე მეტად დაამშვიდებს და ღამის საათებში ჭირვეულობას გადაეჩვევა. პატარებს, რომლებიც დედასთან ახლოს დიდ დროს ატარებენ, ღამით ჩაძინების პრობლემა არ აქვთ და როგორც წესი, ძალიან ღრმად სძინავთ. ბუნებრივია, ჩვილი ბავშვის მშობლებს დღის განმავლობაში უამრავი საქმის გაკეთება უხდებათ და პატარასთან 24 საათიანი სიახლოვე თითქმის შეუძლებელია, თუმცა აუცილებლად ეცადეთ, ჩვილს თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმოთ. თუ ბავშვის ხელით ტარება გღლით, შეგიძლიათ, მის სატარებლად სპეციალური მოწყობილობები შეიძინოთ და დღის განმავლობაში პატარასთან ერთად თავისუფლად იმოძრაოთ.

პატარას ისეთი გარემო უნდა შეუქმნათ, რომ მან თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოს. ჩვილებს ახალ გარემოსთან შეგუება უჭირთ. მათ მუცლად ყოფნის ბედნიერი ხანა რომ მოაგონოთ, ხშირად ჩასვით თბილ აბაზანაში, არწიეთ, ამოძრავეთ (მუცელში ყოფნისას ბავშვები ბევრს მოძრაობენ). ჩვილს ხშირად მოასმენინეთ სასიამოვნო მუსიკა.

ატირებული ჩვილის მშობლებმა სიმშვიდე აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ. თუ გრძნობთ, რომ ბავშვის ტირილის მოსმენა აღარ შეგიძლიათ და საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებთ, ბავშვი მეუღლეს დაუტოვეთ, თავად კი გაისეირნეთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვილის პრობლემა თქვენ არ გამოგიწვევიათ და რაც ხდება, თქვენი ბრალი არ არის. საკუთარი თავისადმი მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ. ბავშვს კოლიკასთან გამკლავებაში ვერ დაეხმარებით, თუ მყარი ფსიქიკა არ გაქვთ. ატირებული ბავშვი ძლიერად არასდროს შეანჯღრიოთ, ეს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უკიდურესად სახიფათოა. თუ თქვენი შვილის დახმარება გსურთ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ზრუნვით დაიწყეთ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ჩვილი ბავშვი დაბადებიდან პირველი 2 თვის მანძილზე რუტინული კვლევებისთვის პედიატრთან მინიმუმ 3-ჯერ მაინც უნდა მიიყვანოთ. შეგიძლიათ, ექიმს თქვენი პრობლემის შესახებ გაესაუბროთ და მისი რჩევები მოისმინოთ. თუ პატარას ხშირი ღებინება აწუხებს და პარალელურად მწარედაც ტირის, სავარაუდოდ მას გასტროეზოფაგური რეფლუქსის დიაგნოზს დაუსვამენ, რაც ანტაციდებით მკურნალობას მარტივად ექვემდებარება. თუ ბავშვი ღია მწვანე შეფერილობის სითხეს ამოაღებინებს, ამასთან მწარედ ტირის, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან, შესაძლოა, საქმე სერიოზულ ნაწლავურ პრობლემასთან გქონდეთ.

პატარა, რომელიც წონაში არ იმატებს და უმადობასაც ხშირად უჩივის, ექიმს აუცილებლად უნდა აჩვენოთ, რადგან აღნიშნული სიმპტომები კოლიკასთან კავშირში არ არის. 

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

შეუძლია თუ არა თირკმელში კენჭების არსებობას ადამიანის გარდაცვალების გამოწვევა? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

შეუძლია თუ არა თირკმელში კენჭების არსებობას ადამიანის გარდაცვალების გამოწვევა? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ თირკმელში კენჭების არსებობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებზე ისაუბრა:

„წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გარდაიცვალა და ხალხი ლაპარაკობს: „ეს კაცი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი, არაფერი არ აწუხებდა და გარდაიცვალა. კლდესავით კაცი იყო.“ ამ თემას განიხილავენ და იგებ, რომ მას ჰქონდა კენჭები. როგორ ფიქრობ, ამ კენჭების შემთხვევას შეეძლო თუ არა პაციენტის სიკვდილის გამოწვევა? კენჭებიც შეიძლება იყოს სიკვდილის მიზეზი. კენჭებს ყველა უყურებს, როგორც მსუბუქ შემთხვევას. რა მოხდა? კენჭი თირკმელში დიდი ამბავია, შეგაწუხებს და გამოვა... აღმოჩნდა, რომ თირკმლის კენჭები შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნეებითაც.

არსებობს სამი სიმსივნე, რომელიც თირკმელში შეიძლება კენჭებს იწვევდეს. თირკმლის კენჭების 80%-ის ფორმირების მიზეზი კალციუმია. თუ ეს კენჭები 5 მილიმეტრამდე ზომისაა, შარდსაწვეთს გაივლის და უპრობლემოდ გამოვა. თუ უფრო მეტი ზომისაა შეიძლება შარდსაწვეთში ჩაიჭედოს და გამოიწვიოს ტკივილის შეტევა ან ნეკნების ქვეშ, ან საზარდულისკენ, რომელიც მამაკაცებში სათესლე პარკში გადაეცემა, ქალებში კი სასირცხო ბაგეებში.

თირკმლის კენჭები თუ არის რეციდიული და პაციენტს აწუხებს მუდმივად, ის შეიძლება სიმსივნეებითაც იყოს გამოწვეული. ერთ-ერთი სიმსივნე არის პარათიროიდული ადენომა. ეს სიმსივნე გამოჰყოფს ჰორმონს, რომელიც მოქმედებს ძვლებში. იწყება ძვლის დაშლა და გამოყოფილი კალციუმი მიემართება თირკმელში და იწვევს კენჭებს. მსგავსი ჰორმონის გამოყოფა შეუძლია კიდევ ერთ სიმსივნეს, ეს არის ფილტვის სიმსივნე. კიდევ ერთი სიმსივნე, რომელმაც შეიძლება მოგვცეს თირკმელში კენჭები, ეს არის თირკმლის სიმსივნე. არის დაავადება, რომელსაც ჰქვია თირკმელუჯრედოვანი კარცინომა. ზოგჯერ ადამიანს აქვს თირკმელში კენჭები, ყურადღებას არ აქცევს. ეს კენჭები შეიძლება იყოს შედეგი იმისა, რომ მას აქვს სიმსივნე ან ფილტვებში, თირკმლებში, ან ფარისებრახლო ჯირკვლებში. შეიძლება ეს სიმსივნეები არ გამოვლინდეს დიდი ხნის განმავლობაში, გარდა კენჭებისა. თუ ექიმი იქნება ძალიან ჭკვიანი, მას შეუძლია დაადგინოს ჰორმონების დონე და გაიგოს, რა იწვევს კენჭებს,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად