Baby Bag

რატომ აქვთ ქალებს კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკი?

რატომ აქვთ ქალებს კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკი?
მსოფლიოში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ფონზე თითქმის ყველა ქვეყანაში დაიხურა სკოლები, სავაჭრო ობიექტები და ოფისები. ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ შექმნილი ვითარება ქალბატონების ჯანმრთელობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გენდერული როლები ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანების მიერ სხვადასხვა ბაქტერიასთან შეხების ალბათობასა და ვირუსით ინფიცირების რისკებზე. ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლით მამაკაცები ქალებს მნიშვნელოვნად უსწრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები თვლიან, რომ ქალბატონების გენდერული როლები მათ ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.
არ დაგავიწყდეთ !!! Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ადამიანთა 70 % ქალია, მათი უმეტესობა კი ექთანია. ექთნები ინფიცირებულ ადამიანებთან ყოველდღიურად ურთიერთობენ, რის გამოც მათი დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია. ჰუბეის პროვინციაში, საიდანაც კორონავირუსი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანების 90 % ქალია, ხოლო ამერიკაში აღნიშნული რიცხვი 78%-ს უტოლდება. ცნობილია, რომ ექთნებს ვირუსით დაინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე ექიმებს. ისინი პაციენტის მოვლის პროცესში უფრო მეტად არიან ჩართულები. დაავადებული ადამიანების სისხლის სინჯებს სწორედ ექთნები იღებენ და ნიმუშებსაც ისინი აგროვებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ნაჩვენებია, რომ 2000 წელს SARS-ით ინფიცირებული 8000-მდე ადამიანიდან ნახევარზე მეტი ქალბატონი იყო, ხოლო დაავადებულთა 21 პროცენტს სწორედ სამედიცინო პერსონალი წარმოადგენდა.

ქალბატონები საკუთარ თავზე იღებენ შეუძლოდ მყოფი ოჯახის წევრებზე ზრუნვასაც. ჩინეთში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ახალი კორონავირუსი ყველაზე სწრაფად ოჯახის წევრებს შორის ვრცელდება, რადგან მათ ერთმანეთთან ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტი აქვთ.

1976-დან 2014 წლამდე აფრიკაში ებოლას მრავალჯერადი აფეთქების დროს გარდაცვლილთა სხეულს დაკრძალვისთვის სწორედ ქალბატონები ამზადებდნენ, ამასთან ავადმყოფების მთავარ მომვლელებად სწორედ ქალები გვევლინებოდნენ. ებოლას გადაცემის მაღალი მაჩვენებლები უფრო მეტად ოჯახებში ფიქსირდებოდა, ვიდრე საავადმყოფოებში. როგორც აღმოჩნდა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მეტად დაუცველები აღმოჩნდნენ, ვიდრე მამაკაცები. ებოლას აფეთქების დროს გაცილებით მეტი ქალი დაინფიცირდა, ვიდრე კაცი.

კორონავირუსის აფეთქებამ განსაკუთრებით ნეგატიურად ორსულ ქალბატონებზე იმოქმედა. ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა მომავალ დედებს საგონებელში აგდებს, ორსულმა ქალბატონებმა არ იციან, როგორ იმოქმედებს Covid-19 მათ ჯანმრთელობაზე და რა ზეგავლენას მოახდენს ის ნაყოფის განვითარებაზე. რამდენიმე კვლევით მტკიცდება, რომ დაინფიცირებული ორსული ქალბატონები ვირუსს ნაყოფს არ გადასცემენ. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სხვა ტიპის კორონავირუსებით (SARS, MERS) ინფიცირებულ ორსულ ქალბატონებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათ შორის სპონტანური აბორტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო.

მსოფლიო მასშტაბით ქალბატონების უდიდესი ნაწილი ნახევარ განაკვეთზე ან არაფორმალურ სამუშაოებზეა დასაქმებული. ვირუსის აფეთქება მათ ფინანსური კრიზისის საფრთხის წინაშეც აყენებს, რადგან სამსახურის გარეშე დარჩენილ ქალებს ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან უჭირთ.

დასავლეთ აფრიკაში ებოლას აფეთქების დასრულების შემდეგ მამაკაცებმა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება იმაზე სწრაფად მოახერხეს, ვიდრე ქალბატონებმა. კვლევებით დგინდება, რომ მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისას გენდერული საკითხები ხშირად უგულებელყოფილია, რაც ეპიდემიური აფეთქების პირობებში ქალბატონებს მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. 

მომზადებულია ​nytimes.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა თქმა უნდა, დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას იმიტომ ვამბობ ასე დაჯერებით და ერთადერთი იმედისმომცემი ამ სიტუაციაში ისაა, რომ“...

„რა თქმა უნდა, დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას იმიტომ ვამბობ ასე დაჯერებით და ერთადერთი იმედისმომცემი ამ სიტუაციაში ისაა, რომ“...

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში აქტუალურ თემაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ჩანაწერს:

„​დაახლოებით 20 ათასამდე ტესტირებულიდან ინფექცია დაუდასტურდა მაქსიმუმ 5%-ს ანუ ინფექციურობის მაჩვენებელია 5%. გერმანიაში ეს მაჩვენებელია 18,55%-ია.

მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს უკვე ჰქონდა კორონა, თითქმის ერთ მილიონ ადამიანს. ეს დადასტურებულად.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ათასი ახალინფიცირებულია და უახლესი მონაცემით ახალინფიცირებული 986 პაციენტია, გარდაცვალება რჩება მაღალი და განსაკუთრებით კი არასარისკო ჯგუფის და არაასაკოვნების გარდაცვალებაა მაღალი. ამ ყველაფრის მერე მიზეზის ძიება კი არა, ამაზე დისკუსიაც კი არაა.
გასული წლის აპრილიდან ვცდილობ როგორმე დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვას უნდა მართვა და ჰიგიენის შემოწმება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ანალიზი, პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა.
ვერ იქნება ვერაფრით აცრა და მხოლოდ აცრა ყველაფრის მიზეზიც და პრობლემის გადამწყვეტი - აცრა მხოლოდ ერთი ასპექტია.
გადამწყვეტია იმათი გამოცხადება პაციენტად, ვინც მართლა პაციენტია და მერე ამ პაციენტის მოვლა.
წელიწადნახევარია ამაზე დისკუსიაც კი არაა და არამარტო ვინმე ერთი ექიმის ნათქვამის გამო კი არა, თავად აწ წარსულმა ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, თუ სად იყო და არის სისტემური მიზეზი და მაინც რეაქცია ნულია.
ასეული მილიონები იყრება კი არა, ილექება კლინიკების და ლაბორატორიების შემოსავალგადაუხდელ ანგარიშებზე და შედეგი სახეზეა.
რა თქმა უნდა, დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას იმიტომ ვამბობ ასე დაჯერებით და ერთადერთი იმედისმომცემი ამ სიტუაციაში ისაა, რომ მოსახლეობის 30% უკვე ვირუსგადატანილია და გამოჯანმრთელებულია,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
წაიკითხეთ სრულად