Baby Bag

ვაქცინაში ვირუსები გვხვდება, რომლებიც ორგანიზმს აზიანებს - 10 ყველაზე ცნობილი მითი გეგმიურ აცრებთან დაკავშირებით, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ

ვაქცინაში ვირუსები გვხვდება, რომლებიც ორგანიზმს აზიანებს - 10 ყველაზე ცნობილი მითი გეგმიურ აცრებთან დაკავშირებით, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ

ადამიანების ვაქცინებისადმი უნდობლობა მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენს სტატიაში გეგმიურ აცრებთან დაკავშირებით 10 ყველაზე ცნობილ მითს გაგაცნობთ, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ.

1. ბევრი მშობელი ბავშვს ვაქცინაციას არ უტარებს, მაგრამ ბავშვი მაინც არ ავადმყოფობს

ბავშვები, რომლებსაც გეგმიური აცრები არ უტარდებათ, შესაძლოა, მართლაც ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ ეს ყველაფერი კოლექტიური იმუნიტეტის დამსახურებაა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში ყალიბდება, თუ მოსახლეობის 95 პროცენტი ვაქცინაციას იტარებს. რაც უფრო ცოტა ადამიანი იკეთებს გეგმიურ აცრებს, მით უფრო სუსტდება კოლექტიური იმუნიტეტი, რის შედეგადაც ინფექციურ დაავადებათა რიცხვი მნიშვნელოვნად მატულობს.

2. ვაქცინა ინფექციისგან 100%-ით ვერ დაგიცავთ

გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. როგორც წესი, ვაქცინის უმოქმედობა ხშირად მშობლების მხრიდან რევაქცინაციის საჭიროებაზე თვალის დახუჭვაა. მაშინაც კი, როდესაც ბავშვს აუცილებელი განმეორებითი გეგმიური აცრა არ უტარდება და მას ინფექციური დაავადების გადატანა უხდება, ის ყველაფერს გაცილებით მარტივად გადაიტანს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც ვაქცინა საერთოდ არ გაუკეთებიათ. ისეთი ინფექცია, როგორიც წითელაა, აცრილ ბავშვებში აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

3. ვაქცინაში ბავშვის ორგანიზმისთვის საზიანო ნივთიერებები შედის, მაგ. ვერცხლისწყალი, რის გამოც გეგმიური აცრები პატარების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და აუტიზმს იწვევს

ვაქცინის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებები ნამდვილად შედის, რომლებიც მის შენახვას და სტაბილიზაციას უწყობს ხელს. ზოგიერთ მათგანში ვერცხლისწყალი ნამდვილად გვხვდება, თუმცა იმდენად მიზერული რაოდენობით, რომ ბავშვის ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. ყოველდღიურად ჰაერის სუნთქვის, საკვებისა და კოსმეტიკის გამოყენებისას ჩვენს ორგანიზმში გაცილებით დიდი დოზით ვერცხლისწყალი ხვდება, ვიდრე ვაქცინაშია. გავრცელებული მითის თანახმად ვაქცინა აუტიზმის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც შეცდომაა. გეგმიურ აცრებს აუტიზმის განვითარებასთან კავშირი არ აქვს.

4. გეგმიური აცრები იმუნურ სისტემას ტვირთავს და იმუნიტეტს აქვეითებს

იმუნური სისტემა მით უფრო ეფექტიანად მუშაობს, რაც უფრო დატვირთულია. შესაბამისად, ის ნებისმიერ უცხო სხეულზე აქტიურად რეაგირებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვაქცინაა, თუ ვირუსი. თუმცა ვაქცინის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბრძოლა იმუნური სისტემის გამარჯვებით დასრულდება.

5. ვაქცინაში ვირუსები გვხვდება, რომლებიც ორგანიზმს აზიანებს

ვაქცინებში მკვდარი ვირუსები ან მათი ნაწილები ნამდვილად გვხვდება. მხოლოდ ცალკეულ ვაქცინებში გვხვდება ცოცხალი, მაგრამ მნიშვნელოვნად დასუსტებული ვირუსები. მაგ. ჩუტყვავილას ვაქცინა მცირედ გამონაყარს იწვევს, თუმცა ეს მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვაქცინა მუშაობს და ბავშვს ინფექციის წინააღმდეგ იმუნიტეტი უყალიბდება.

6. ორგანიზმი ვირუსს უფრო ძლიერად გაუმკლავდება, თუ ვაქცინას მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინფექციაზე ჩავატარებთ და არა რამდენიმეზე

იმუნური სისტემა ერთბაშად 10 000 ანტიგენს უმკლავდება. თანამედროვე ვაქცინები სულ ცოტა 200 ანტიგენს მაინც შეიცავს და იმუნურ სისტემას მასთან გამკლავება არ უჭირს.

7. არ შეიძლება, რომ ვაქცინაცია ერთ წლამდე ასაკის ბავშვს ჩაუტარდეს, რადგან ჯერ მისი ორგანიზმი უნდა მოძლიერდეს

ახალშობილს იმუნიტეტი დედისგან გადაეცემა, თუმცა ის 3 თვიდან ამ იმუნიტეტს კარგავს, რის გამოც აუცილებელია, რომ ბავშვს გეგმიური აცრა სამშობიაროში ყოფნის დროს, მისი ცხოვრების პირველ დღეებშივე ჩაუტარდეს. ამ გზით ჩვილის იმუნიტეტი ფორმირებას დაიწყებს და ბავშვი დაცული იქნება.

8. გრიპის აცრის გაკეთება საჭირო არ არის, რადგან გრიპის ვირუსი სხვადასხვა შტამი არსებობს, ვაქცინა კი ბავშვს მხოლოდ რამდენიმესგან იცავს

გრიპის ვირუსების ბევრი შტამი არსებობს, მაგრამ ყოველწლიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ ვირუსების შტამებს ადგენს, რომლებიც უახლოეს მომავალში ცირკულაციას დაიწყებს. გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად იცვლება და ის ვირუსის აქტუალური შტამების მიხედვით მზადდება. გრიპის ვირუსი ზოგჯერ მუტაციას განიცდის და ვაქცინა მისგან სრულად ვერ გვიცავს, მაგრამ ის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ეხმარება.

9. ქრონიკული დაავადებების მქონე და ალერგიულ ბავშვებს ვაქცინაცია არ უნდა ჩაუტარდეთ

ქრონიკული დაავადებების მქონე და ალერგიულ ბავშვებს გეგმიური აცრები აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ. მათი ორგანიზმი და იმუნური სისტემა სუსტია, შესაბამისად, ის ინფექციებს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. მთავარია, რომ ვაქცინაცია ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით ჩატარდეს, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ.

10. მოსახლეობა ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმირებული არ არის და მათ სიმართლეს არ ეუბნებიან

ადამიანები ვაქცინაციის შემდგომ ბავშვის შეუძლოდ ყოფნას და უგუნებობას ვაქცინის გვერდით ეფექტს მიაწერენ, რაც შეცდომაა. ტემპერატურის მატება და სისუსტე ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა მისთვის უცხო აგენტზე. ვაქცინა მძიმე ალერგიულ რეაქციას იშვიათად იწვევს, მსგავში რამ მილიონიდან ერთ ბავშვს შეიძლება დაემართოს. ვაქცინებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამუდმებით აკვირდებიან და გვერდითი მოვლენის აღმოჩენისთანავე მის მოხმარებას წყვეტენ.

მომზადებულია​ Snob.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა და წელიწადში რამდენჯერ გაციე...
რა ასაკიდან შეიძლება, გავუკეთოთ ბავშვს საყოველთაო გრიპის აცრა, წელიწადში რამდენჯერ გაციება არის ნორმა და შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსაზრება, რომ აცრა იწვევს აუტიზმს - ამ და სხვ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთა...
ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მშობლებს მიმართავს. „არსებული სიტუაციის აქტუალობიდან და თქვენი მრ...
სამყაროს ახლა ყველაზე ნაკლებად წითელას ეპიდემიის აფეთქება სჭირდება - უნდა ჩაუტარდეთ თუ არა...
მშობლების დიდ ნაწილს პანდემიის ფონზე გეგმიურ აცრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მათ არ იციან, უნდა ჩაუტარდეთ თუ არა ბავშვებს ვაქცინაცია შექმნილი რთული ვითარების გამო. ჯანდაცვის სფეროს...

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდს როდესაც მოვიხდით, ეს ნივთი აუცილებლად უნდა გადავაგდოთ,“ - ლევან რატიანი

„კოვიდს როდესაც მოვიხდით, ეს ნივთი აუცილებლად უნდა გადავაგდოთ,“ - ლევან რატიანი

​​პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ის ხუთი მოძველებული ნივთი გაგვაცნო, რომელიც სახლში არ უნდა შევინახოთ:

„არის ხუთი მოძველებული ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში დევს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის მოსმენის შემდეგ ამ ნივთებს აუცილებლად გაიტანთ სახლიდან. პირველი ნივთი არის კბილის ჯაგრისი. როდესაც გავა სამი თვე ან გვაქვს რაიმე ინფექციური დაავადება გადატანილი, ჯაგრისზე, რომელსაც ვხმარობთ, აუცილებლად დაგროვდება ცუდი ბაქტერიები. ​ეს ცუდი ბაქტერიები თავისთავად იწვევენ მეორად ინფექციის განვითარებას არამხოლოდ პირის ღრუში, არამედ მთელს ორგანიზმში. კოვიდს როდესაც მოვიხდით, აუცილებლად უნდა გადავაგდოთ კბილის ჯაგრისი.“

ლევან რატიანის თქმით, ვადაგასული სანელებლები აუცილებლად უნდა გადავყაროთ:

„სახლში ყველას აქვს სანელებლები. ამ სანელებლებს თავისი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნია გარკვეული პერიოდი, მაგრამ როგორც კი ვადა გასდის, ტოქსიურად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. თუ მშრალი სანელებლები გვიდევს ნესტიან ადგილზე, ის თავის ბიოლოგიურ თვისებას იცვლის და შეიძლება ჭიებისა და მატლების საბუდარიც კი გახდეს.“

ექიმებმა ასევე ისაუბრეს საოჯახო აფთიაქის დათვალიერების აუცილებლობაზე, რადგან ვადაგასული წამლის სახლში შენახვის საჭიროება არ არსებობს. ლევან რატიანის თქმით, სახლში ძველი აბაზანის ღრუბელიც არ უნდა გვქონდეს:

„თუ აბაზანის ღრუბელი ერთ თვეზე მეტი პერიოდი ვიხმარეთ, მას საფუძვლიანად ვერ გავრეცხავთ.​ მას ემატება ნესტი, ნესტში ხშირად მრავლდება სოკო და ბაქტერიები. შეიძლება ადამიანს შეეჭრას ინფექცია და გამოიწვიოს სხვადასხვა სახის გართულებები.“

„სახლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ გაბზარული ჭურჭელი. რეცხვის დროს ბზარის ადგილას აუცილებლად ჩაჯდება ბაქტერია,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.

წყარო: ​„ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად