Baby Bag

„ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან, შესაძლოა, აუტიზმთან იყოს საერთო,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე

ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ვირტუალური აუტიზმის შესახებ საუბრობს, რომელიც სამედიცინო ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული დაავადება არ არის. სოფო ბახტაძის თქმით, ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში აუტიზმის მსგავს ქცევით დარღვევებს იწვევს:

„ვირტუალური აუტიზმი, დავაკონკრეტებ, რომ ჯერ არ არის სამედიცინო ტერმინოლოგიაში როგორც დაავადება იდენტიფიცირებული. თუმცა ეს ტერმინი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ის ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან იყოს საერთო აუტიზმთან, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ აუტიზმი ნეიროფსიქიატრიული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრობლემა, სოციალური ინტერაქციის სიღარიბე და თვალის თვალთან კონტაქტი. აუტიზმის დიაგნოსტირების ქვაკუთხედი სწორედ ეს სამი ძირითადი ფაქტორია.“

სოფო ბახტაძე ეკრანდამოკიდებულების უმთავრეს უარყოფით ეფექტად სოციალურ იზოლაციას მიიჩნევს:

„ეკრანდამოკიდებული ბავშვი მეტ-ნაკლებად იზოლირებულია გარესამყაროსგან. ვისაც ეს პრობლემა აქვს ოჯახში, ყველა დამეთანხმება, რომ მათ ძალიან აწუხებთ, რომ ბავშვი იზოლირებულია სოციუმისგან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იზოლაცია არის ის, რაც მას საერთო შეიძლება ჰქონდეს აუტიზმთან. სოციალური დისტანცირება აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ სოციალური იზოლაციისგან. ეკრანდამოკიდებულ ბავშვს, რომელიც მიჯაჭვულია ეკრანთან თავისი გასართობი თუ სოციალური აქტივობის დროს, დაემატა აკადემიური საქმიანობაც. ეკრანმა მიიღო აკადემიური ატრიბუტის, აკადემიური ხელსაწყოს ფუნქცია. აქ უკვე მივიღეთ ეკრანდამოკიდებულების დაჯამებული, სუმირებული ეფექტი. ამიტომ მშობელი უნდა იყოს ფრთხილად და ძალიან ყურადღებით, რომ მისი შვილის ეკრანდამოკიდებულება არ გადაიზარდოს ქრონიკულ სოციალურ იზოლაციაში.“

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

აუტიზმის ადრეული ნიშნები ჩვილ ბავშვებში
ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვება მშობლისთვის დაუვიწყარი ​​გამოც​​დილებაა.​ თითოეული პატარა განსხვავებულად იზრდება და ვითარდება. ზოგიერთ მათგანს ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში გარკვეულ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნიუ-ჰოსპიტალსში“ კოლორექტული კიბოს მკურნალობა ლაპაროსკოპიული ქირურგიითა შესაძლებელი

„ნიუ-ჰოსპიტალსში“ კოლორექტული კიბოს მკურნალობა ლაპაროსკოპიული ქირურგიითა შესაძლებელი

„ნიუ-ჰოსპიტალსში“ კოლორექტული კიბოს მკურნალობა ლაპაროსკოპიული ქირურგიითა შესაძლებელი. მკურნალობის აღნიშნულ მეთოდს ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის, შემცირებული ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, შემცირებული ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში, პაციენტის ნაადრევი გააქტიურება, უკეთესი კოსმეტიკური ეფექტი, ქსოვილების უკეთესი ვიზუალიზაცია ოპერაციის მსვლელობისას და ა.შ.

თემაზე უფრო დეტალურად MomsEdu.ge-სთან „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ქირურგმა, ზოგადმა ქირურგმა და ლაპაროსკოპისტმა ნოდარ ჩხიკვაძემ ისაუბრა.

- რა არის კოლორექტული კიბო და როგორია დაავადების გავრცელების სტატისტიკა?

ნოდარ ჩხიკვაძე: „კოლორექტული კიბო წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ვითარდება მსხვილი ან სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან. სწორი და მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეები ბიოლოგიურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათი მკურნალობაც გარკვეულწილად განსხვავებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, კოლორექტული კიბო სიხშირით მესამე, ხოლო სიკვდილიანობით მეორე ადგილზეა. ყოველ წელს 2 მილიონამდე ადამიანი ავადდება კოლორექტული კიბოთი, საიდანაც 950 ათას ადამიანამდე კვდება ამ დაავადებით. სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება კოლორექტული კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2040 წელს კოლორექტული კიბოთი ავადობა 2 მილიონიდან - 3,5 მილიონამდე გაიზრდება).

კოლორექტული კიბოთი მამაკაცები 30 პროცენტით უფრო ხშირად ავადდებიან. კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება, საქართველოში ყოველწლიურად გვაქვს 700-მდე პირველადი შემთხვევა. აღნიშნულ დაავადებას კაცებში უკავია მეოთხე (ფილტვის, პროსტატის და შარდის ბუშტის სიმსივნეების შემდეგ), ხოლო ქალებში მესამე ადგილი (ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების შემდეგ).“

- ვინ შედის რისკ-ჯგუფში?

ნოდარ ჩხიკვაძე: „მსხვილი ნაწლავის კიბოთი ყველაზე ხშირად ავადდებიან ადამიანები 50 წლის ზევით, თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში, 20-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად 1,5%-ით იზრდება.

რისკები, რომლებიც შეგვიძლია ავირიდოთ:

  • თამბაქოს მოხმარება: თამბაქოს პროდუქტების, მათ შორის, საღეჭი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის გამოყენება ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს;
  • ალკოჰოლის მოხმარება: აუცილებელია, რომ მოხდეს ალკოჰოლური სასმელების მიღების სიხშირის შემცირება. ალკოჰოლის იშვიათმა გამოყენებამაც კი შეიძლება გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი;
  • უმოძრაობა: ნებისმიერი სახის ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი;
  • ჭარბი წონა: ცხიმიანი, მაღალკალორიული საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის წონაზე და გაზარდოს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი;
  • კვება, რომელშიც შედის უამრავი წითელი და დამუშავებულ ხორცი: ბეკონი, სოსისი, ძეხვი და ა.შ. ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წითელი და დამუშავებული ხორცის მიღება კვირაში ორ პორციამდე შევზღუდოთ.

რისკები, რომლებსაც ვერ ავირიდებთ თავიდან:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა. ასევე, გარკვეული გენეტიკური სინდრომები, რომლებიც მიბმულია მსხვილი ნაწლავის კიბოსთან, როგორებიცაა: ლინჩის სინდრომი და მემკვიდრული ადენომატოზური პოლიპოზი;
  • მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები, როგორებიცაა: წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება;
  • პოლიპების ოჯახური ანამნეზი: თუ მშობელს, და-ძმას ან შვილს გამოუვლინდა გვიანი სტადიის პოლიპი, თქვენ შესაძლოა იმყოფებოდეთ მსხვილი ნაწლავის კიბოს მომატებული რისკის ქვეშ.“

- რა სიმპტომები მიგვანიშნებს კოლორექტულ კიბოზე?

ნოდარ ჩხიკვაძე: „კოლორექტულ კიბოს ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს. სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც სიმსივნე იწყებს ზრდას და გავრცელებას.

სიმპტომებია: დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნება მუცლის მიდამოში, მუცლის შებერილობა, წონაში კლება უმიზეზოდ, დაღლილობის შეგრძნება და ქოშინი, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, სისხლიანი დეფეკაცია, ცრუ დეფეკაციის მოთხოვნა - „ტენეზმები“, ანემია”.

- როგორ ხდება კოლორექტული კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ,,ნიუ-ჰოსპიტალსში’’?

ნოდარ ჩხიკვაძე: „კოლორექტული კიბოს დიაგნოსტირება კომპლექსურია და იგი მოიცავს რადიოლოგიურ, ინსტრუმენტულ და ლაბოლატორიულ კვლევებს.

აღვნიშნავ, რომ ჩვენს ჰოსპიტალში ყველა საჭირო კვლევა დანერგილია და მუშაობს აბსოლუტურად გამართულად.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კოლორექტული კიბოს მკურნალობის თითქმის სრული სპექტრია. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას, სწორი ნაწლავის კიბოს დროს კი სხივურ თერაპიას. ადგილობრივ მკურნალობას, როგორებიცაა: ტრანსარტერიული ქემოემბოლიზაცია, რადიოსიხშირული და რადიოტალღური აბლაცია. ასევე, სისტემური მკურნალობის მეთოდები, მაგალითად, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ.“

- რას გულისხმობს ლაპაროსკოპიული ქირურგია?

ნოდარ ჩხიკვაძე: „ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიური ოპერაციები ხორციელდება, როგორც ღია ტრადიციული წესით, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით ანუ მცირე ინვაზიური მეთოდით. ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს მუცლის ღრუს ამა თუ იმ ორგანოზე ხდება ქირურგიული ჩარევა მუცელკვეთის გარეშე. ლაპაროსკოპიულ ოპერაციას თავის მხრივ ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ყველა პაციენტთან ოპერაციის ტიპის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.“

- როგორ მიმდინარეობს პროცედურა, რეაბილიტაციის პროცესზეც რომ ვისაუბროთ

ნოდარ ჩხიკვაძე: „როგორც წესი, ლაპაროსკოპიული კოლორექტული ქირურგიის შემდეგ, ეს იქნება ოპერაცია მსხვილ თუ სწორ ნაწლავზე, პაციენტის გააქტიურება ხდება ოპერაციიდან პირველივე დღეს და კლინიკაში პაციენტის ჰოსპიტალიზაცია შეადგენს 4-5 დღეს. კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტებს არ აქვთ არანაირი მძიმე რეჟიმი და განსაკუთრებული სირთულეები, მხოლოდ მცირე დიეტა და მძიმე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა“.

- და ბოლოს, არის თუ არა შესაძლებელი ნაწლავის სიმსივნის პრევენცია?

ნოდარ ჩხიკვაძე: „სრულად პრევენცია არის შეუძლებელი. თუმცა, შესაძლებელია სკრინინგით დაავადების ადრეულ სტადიაზე ან პოლიპების აღმოჩენა და მათი მოშორებით შემდგომში კიბოდ გადაგვარების არიდება. ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შესაძლებელია დაავადების განვითარების რისკის შემცირება შემდეგი რისკ-ფაქტორების მართვით:

  1. მოერიდეთ თამბაქოს გამოყენებას;
  2. ალკოჰოლური სასმელების დალევისას დაიცავით ზომიერება;
  3. შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი წონა: მიირთვით ჯანსაღი საკვები, შეიტანეთ მეტი ხილი და ბოსტნეული თქვენს რაციონში და შეამცირეთ დამუშავებული ხორც-პროდუქტები, ცხიმიანი, მაღალკალორიული საკვები“.

​R.

წაიკითხეთ სრულად