Baby Bag

,,ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა''

,,ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა''
არის თუ არა პრობლემა, როდესაც ბავშვები უარს ამბობენ ოთახის ჩუსტების ჩაცმაზე? - Momsedu.ge-ს აღნიშნულ კითხვას ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა. 
მისი თქმით, როდესაც ბავშვები უარს ამბობენ ოთახის ჩუსტების ჩაცმაზე, ეს პრობლემას არ წარმოადგენს:
,,არანაირი პრობლემა არ არის, სხვათა შორის, ორთოპედები რეკომენდაციასაც უწევენ ტერფის ჩამოყალიბებისთვის ფეხშიშველი სიარულს ოთახში. ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა. ფეხშიშველი სიარული სჯობია უხარისხო ოთახის ჩუსტებით სიარულს, რომლებიც იწვევს ბავშვის ტერფის გაოფლიანებას, გადახურებას. ამას სჯობს, ამოვაცვათ ბავშვებს წინდა ფეხზე და ასე იაროს. ისიც შეიძლება, რომ, სადაც ბავშვია, იქ შევქმნათ პირობა, რომ იატაკი ცივი არ იყოს, რომ არ მოხდეს ფეხების გადაციება, თორემ სხვა მხრივ ტერფის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ფეხშიშველი სიარული ძალიან კარგია და მივესალმები,'' - აღნიშნავს პედიატრი. (ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე)



„2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს! არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თა...
ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის ყურადსაღებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მის პოსტს:„ძვირფასო მშობლებო, უნდა იცოდეთ აუცილებლად, ა...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ ხელები საჭმელში ჩაყოს და ითამაშოს, ასე ის ნაკლებად იჭირვეულებს და ახალ პროდუქტებსაც სიამოვნებით დააგემოვნებს

ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ ხელები საჭმელში ჩაყოს და ითამაშოს, ასე ის ნაკლებად იჭირვეულებს და ახალ პროდუქტებსაც სიამოვნებით დააგემოვნებს

ბავშვს უგემრიელეს და ჯანსაღ სადილს უმზადებთ, ის კი კვების პროცესში თამაშით ერთობა. თქვენ ამჩნევთ, რომ პატარას ხელები საჭმლით აქვს დასვრილი და მას ეს ძალიან მოსწონს. თუ ბავშვს საკვებით თამაში უყვარს, ნუ აღელდებით. ეს ბავშვის განვითარების თანმდევი მოვლენაა. რატომ არის საკვებით თამაში ბავშვისთვის სასარგებლო და აუცილებელი? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენს სტატიაში გაგცემთ.

  • საკვებით თამაში ბავშვებს კვებითი ჩვევების განვითარებაში ეხმარება

ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ ხელები საჭმელში ჩაყოს და ითამაშოს. საბოლოოდ ის აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ საჭმელი პირთან მიიტანოს და მიირთვას. 8-11 თვის ასაკიდან პატარამ, შესაძლოა, გააპროტესტოს კიდეც კოვზით კვება და მოისურვოს, რომ საჭმელი საკუთარი ხელით მიირთვას. 18-24 თვის ასაკამდე ბავშვი კოვზს დამოუკიდებლად ვერ გამოიყენებს, მაგრამ ხელების დახმარებით კვებას ნამდვილად შეძლებს. გარდა ამისა, როდესაც ბავშვს საკვებით თამაშის ნებას რთავთ, მისი მოტორული უნარები სწრაფად იხვეწება და პატარა კოვზის დაჭერასაც მარტივად სწავლობს.

  • საკვებით თამაშის დროს ბავშვი ნაკლებად ჭირვეულობს და საჭმელს დაძალების გარეშე მიირთმევს

ბავშვები ხშირად ჭირვეულობენ, როდესაც საქმე საუზმის მირთმევას ან სადილობას ეხება. მათ არ მოსწონთ ის პროდუქტები, რომლებსაც მშობლები სთავაზობენ. თუ თქვენს შვილს საკვებით თამაშის ნებას დართავთ, ის ნაკლებად იჭირვეულებს. გარდა ამისა, ბავშვი ახალ პროდუქტებსაც სიამოვნებით დააგემოვნებს. როდესაც ხელი საჭმლით დაესვრება, პატარა უცნობ ტექსტურას და არომატს მარტივად შეიგრძნობს. მას სურვილი გაუჩნდება, რომ ახალ პროდუქტებს გემოც გაუსინჯოს.

  • საკვებით თამაში ბავშვის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს

ბავშვის გონება ლექციების მოსმენის დროს არ ვითარდება. პატარები შერძნებებით სწავლობენ. რაც უფრო ახლოს ეცნობა ბავშვი საკვებს, რომელსაც მიირთმევს, მით მეტ ინფორმაციას იღებს მისი ტვინი. საკვებით თამაში ბავშვს ეხმარება ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს პროდუქტების ცნობა, იცოდეს მათი სუნი, გემო და დანიშნულება. ისეთი მიუღებელი ქცევებიც კი, როგორებიც არის საჭმლის იატაკზე დაღვრა ან თმების საკვებით მოსვრა, ბავშვს გამოცდილების მიღებაში ეხმარება. პატარები ხვდებიან, თუ რა შედეგი მოაქვს ამგვარ ქცევას.

  • თუ ბავშვს საკვებით თამაშის ნებას დართავთ, თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ

მშობლებს საკუთარი თავისთვის დრო იშვიათად რჩებათ. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ საკვებით ითამაშოს. ამ დროს თავადაც მოახერხებთ, რომ გემრიელად დანაყრდეთ. როდესაც საკვებს მიირთმევთ და თქვენი შვილი ამას ხედავს, ის ჯანსაღი კვების პრინციპებსაც ეზიარება. პატარა შეეცდება მოგბაძოთ და თავადაც მიირთვას. ოჯახის წევრებთან ერთად კვება ბავშვების გონებრივ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კვლევებით დგინდება, რომ მოსწავლეები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ესწრებოდნენ ოჯახურ სადილებს, სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.

მშობლებს არ აქვთ ვალდებულება, რომ ბავშვებს სამზარეულოში ქაოსის მოწყობის შესაძლებლობა ყოველდღიურად მისცენ. პატარებს საკვებით თამაშის ნება მაშინ დართეთ, როდესაც ამის შესაძლებლობა გექნებათ. ბავშვს მცირე ზომის ულუფა შესთავაზეთ, ამგვარად ზედმეტ არეულობას და ქაოსს თავს მარტივად დააღწევთ. ეცადეთ, შვილი თამაშის დროს ისეთი პროდუქტებით მოამარაგოთ, რომლებიც ავეჯზე მოუშორებელ ლაქებს არ დატოვებს, მაგ. პური, ყველი, კვერცხი.

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მისდამი მოთხოვნები უნდა გაზარდოთ. მას მაგიდასთან ქცევის წესები გააცანით და უფლება არ მისცეთ, რომ პროდუქტები ოთახში მიმოფანტოს. ვიდრე ბავშვი მცირეწლოვანია, მას საკვებით თამაშისას ზედმეტ შეზღუდვებს ნუ დაუწესებთ. ამგვარად მას კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებასა და ახალი უნარ-ჩვევების ათვისებაში ძალიან დაეხმარებით.

მომზადებულია ​kindercare.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად