Baby Bag

„ზაფხულის პერიოდით უნდა ვისარგებლოთ: ეს არის ჩვენი ორგანიზმის ბანკის შევსება საუკეთესო საკვებით,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

„ზაფხულის პერიოდით უნდა ვისარგებლოთ: ეს არის ჩვენი ორგანიზმის ბანკის შევსება საუკეთესო საკვებით,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი სამყაროს ეცნობა და სავსებით ნორმალურია, თუ ის რომელიმე ნივთს ან ხელს პირში ჩაიდებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია გარემოს სტერილურობა:

„ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ადამიანი ეცნობა გარემოს. თავის სხეულსაც ეხება, სხვა ნივთებსაც. პირშიც მიაქვს ხელი, რომ გემო გაიგოს. ამას ვერ გავექცევით, უნდა ვიყოთ მზად, რომ ასე იქნება. გარემო უნდა შევქმნათ მაქსიმალურად სუფთა. იმასაც არ ვამბობ, რომ ზედმეტად სუფთა იყოს. თუ ზედმეტად სუფთა იქნება გარემო, ინფექციების მიმართ გამძელობა უფრო დაბალი იქნება. ჰიგიენური თეორია არსებობს, რომელიც ძალიან საინტერესოა. იქ, ​სადაც ზედმეტი სისუფთავეა, მეტი ბრონქული ასთმაა. ცოტ-ცოტა ინფექციები საჭიროა ორგანიზმისთვის, რომ მისი თავდაცვითი სისტემა უფრო გაძლიერებული იყოს.”

ყარამან ფაღავამ მშობლებს ურჩია, რომ ზაფხულში ბავშვებს წვნიანი დილის ან საღამოს საათებში მიართვან:

„შესაძლებელია ბავშვს მივცეთ ცივი წვნიანიც, მაგრამ ნამდვილი წვნიანი თბილია. როდესაც სიცხეა, დღისით რომ არ შეჭამს ბავშვი, სჯობს ცხელი საკვები ბავშვს მივცეთ დილით და საღამოთი, შუადღე იყოს უფრო თავისუფალი: ხილი, რძის ნაწარმი. ​ზაფხულის პერიოდით უნდა ვისარგებლოთ: ეს არის ჩვენი ორგანიზმის ბანკის შევსება საუკეთესო საკვებით. ეს არის: ხილი, ბოსტნეული, მდიდარი ვიტამინებით, ელექტროლიტებით, ბოჭკოებით. ეს განწმენდის პერიოდია.ზამთარშიც შეიძლება, მაგრამ ყველაფერი თავისი სეზონის დროს უნდა მივირთვათ. არ შეიძლება სულ პესტიციდებით გაჯერებული საკვების მიღება. ქართულ ნიორს არცერთი ნიორი არ სჯობს, ქართულ პომიდორს არცერთი პომიდორი არ სჯობს. ბუნებრივია, კარგია და პატრიოტულიც არის.“

​ყარამან ფაღავას თქმით, საუკეთესო სითხე, რომელიც ბავშვს შეიძლება შევთავაზოთ, წყალია:

„მე უპირატესობას წყალს ვაძლევ. მაპატიონ კომერციული ინტერესის მქონე კომპანიებმა, რომლებსაც შემოაქვთ სხვადასხვა სითხე. წყალზე უკეთესი სითხე არ არსებობს. ამაზე უკეთესი ჯანმრთელობისთვის არაფერია. ზოგიერთი დღეში სამ ლიტრას სვამს. ეს შეიძლება ზედმეტიც იყოს. მოზრდილმა ადამიანმა ლიტრ-ნახევარი კი უნდა დალიოს მთელი დღის განმავლობაში.“

„შესაძლებელია, რომ ბავშვი ბოსტნეულს ანიჭებდეს უპირატესობას.​ ხილს თუ არ ჭამს ბავშვი, უნდა დავუფიქრდეთ. შეიძლება ხილს ჩვევის გამო არ მიირთმევს. არაა შეჩვეული. მეორე ამბავიც არის. ხომ არ აქვს ბავშვს ფრუქტოზის აუტანლობა?ასეთ შემთხვევაში გამოკვლევაა სასურველი. ერთბაშად დაძალება არ გვინდა. შესაძლებელია, რომ ამ ქცევის მიღმა რაღაც ბიოლოგიური მექანიზმიც იყოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„გაკაჟებისთვის უნდა გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი, ჰაერის, მზის და წყლის აბაზანები,“ - თემუ...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში პასიური კურორტული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კურორტზე ჰაერის, მზის და წყლის აბაზანების მიღება ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი: ორმა ძალიან სვეცკმა მანდილოსანმა მიმტანს ხმამაღლა დასცინა კილოზე და სოფლელობაზე...“- ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„დღეს ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი: ორმა ძალიან სვეცკმა მანდილოსანმა მიმტანს ხმამაღლა დასცინა კილოზე და სოფლელობაზე...“- ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მასტერშეფის“ ჟიურის წევრმა ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანების მიმართ მათი აქცენტის ან წარმომავლობის გამო ნეგატიური დამოკიდებულება გააკრიტიკა:

„დღეს დილას, ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი.

ერთ ჩემ საყვარელ დაწესებულებაში მიმტანს კილო აქვს ოდნავ მეგრული აქცენტით.

მოემსახურა მაგიდას და ორმა ძალიან სვეცკმა მანდილოსანმა როგორც კი გატრიალდა ფრიად ხმამაღლა დასცინა კილოზე და სოფლელობაზე. იმათ კი საყვედური მიიღეს, მაგრამ იმ მიმტან ბიჭს სახეზე დაეტყო ემოციური დაცემა.

ხოდა აქვე ხაზს გავუსვამ, კილო, აქცენტი და რეგიონალური ვარიაციები არ განსაზღვრავს სოფლელობას, თქვე კაი ხალხო.

სოფლელიბაა მანქანით გაზაობა, შშმ პარკინგზე გაჩერება, რიგის არ დაცვა და კიდე ბევრი სხვა რამ...

თბილისი ერთი ქალაქია, უმეტესობა საქართველო რეგიონია. არ გვაქვს თბილისს ავტორიტეტი იმაზე თუ რა ტიპის მეტყველებაა სტანდარტი.

ყველას, მათ შორის მეც, გვახასიათებს ხანდახან კილოში გადასვლა, ეს ხიბლია და სილამაზეა ქართული ენის. (ჩემი მეგრულის არ ცოდნა ცოტა ქვეყნის ღალატი მგონია)

ხოდა წიგნს გონებაში რა აქცენტით წაიკითხავ მნიშვნელობა არ აქვს...

და კილო რო არ მოგწონს ვიღაცის, იგივეა იმ რეგიონის თავისებურებები და კულტურა არ მოგწონდეს, შემდეგზე ხარჩოს რომ გადაირტყამ, მაგრამ აქცენტი არ მოგწონს მაგ რეგიონის, გახსოვდეს რომ ერთმანეთის გარეშე ოგ ორი რამ ფრიად ღარიბი იქნება.

და კი, ზოგადად სიტყვა სოფლელი ცუდ კონტექსტში გამოსაყანებელი არაა, უბრალოდ პირობითი განსზაღვრება რაც არის ამ სიტუაციაში არ შეესაბამება რეალობას,“-აღნიშნა ლუკა ნაჭყებიამ.

წაიკითხეთ სრულად